"ერთ-ერთი მეგობარი ღია ფანჯარაში გადახტა და სწორედ ამ დროს ნახა მოკლული გოგონა, ბიჭის ღრიალმა გამოიყვანა ხალხი გარეთ" - კვირის პალიტრა

"ერთ-ერთი მეგობარი ღია ფანჯარაში გადახტა და სწორედ ამ დროს ნახა მოკლული გოგონა, ბიჭის ღრიალმა გამოიყვანა ხალხი გარეთ"

რამდენიმე დღის წინ, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე შემზარავი მკვლელობა მოხდა. 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებული მისივე ბიძაშვილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 წლის ბრალდებულმა 16 ივლისს საცხოვრებელ ბინაში, თავის მამიდაშვილს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა რ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ახალგაზრდა მამაკაცი დანაშაულს აღიარებს.

მკვლელობის დეტალების გასარკვევად ოჯახის მეზობელს ვესაუბრეთ. როგორც ირკვევა, მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილი რეგიონიდან დედაქალაქში უმაღლესი განათლების მისაღებად ჩამოვიდნენ და ორივენი ახლო ნათესავთან ცხოვრობდნენ. ეს უკანასკნელი გარდაცვლილი გოგონას დედის და იყო, ხოლო დაკავებულისთვის მამის და. მათზე ოჯახის დიასახლისი ზრუნავდა, რომელიც ორი შვილის დედაა. როგორც მეზობელი იხსენებს (მისივე თხოვნით ვინაობას არ ვამხელთ), ოჯახი მათ ეზოში საცხოვრებლად ერთი წლის წინ გადმოვიდა, მაგრამ დიასახლისმა ყველასთან დამეგობრება მოასწრო.

- როცა ასეთი დანაშაული ხდება, შენდაუნებურად ფიქრობ იმაზე, თუ როგორ მოხდა, რომ წინასწარ საეჭვო ვერაფერი შენიშნე. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, ეს ოჯახი ძალიან მოწესრიგებული იყო. გარდაცვლილი გოგონა განსაკუთრებით თბილი იყო, საოცარი, ღიმილიანი მისალმება იცოდა... აი, მისი ბიძაშვილი კი არასოდეს დაგვლაპარაკებია, თუმცა, ამით ხომ ვერ მივხვდებოდით, რომ ეს ბიჭი ასეთ რამეს ჩაიდენდა. ახლა ამბობენ, რომ ეს ახალგაზრდები მარტონი ცხოვრობდნენ და მთელი სამეზობლო აღშფოთებული ვართ, - წუთითაც არ ყოფილან მარტონი… თუმცა, ბოლო დღეებში, თუ არ ვცდები, ორივეს უნივერსიტეტებში გამოცდები ჰქონდათ და ამიტომაც დარჩნენ თბილისში, მათი ნათესავი ქალბატონი კი შვილებიანად ფოთში წავიდა დასასვენებლად დასთან და ამ ორის ჩასვლას იქ ელოდა.…

- ეს ახალგაზრდებიც ფოთში ცხოვრობდნენ? მათ მშობლებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

- გარდაცვლილი გოგონა წარმოშობით ოზურგეთიდან არის. მისი მშობლები ანას პატარაობაშივე გაშორდნენ და ბავშვი დედამ წაიყვანა ქუთაისში, სადაც ეს უკანასკნელი მეორედაც გათხოვდა. ანა დედის ოჯახში, ქუთაისში ცხოვრობდა და მხოლოდ უნივერსიტეში სწავლისთვის ჩამოვიდა დედაქალაქში. ის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სწავლობდა. მამასთანაც საოცრად თბილი ურთიერთობა ჰქონდა. მამამის მეორე ცოლი არ მოუყვანია და როცა ანას სჭირდებოდა, მუდამ ქალიშვილის გვერდით იყო. ანას ეს ეტყობოდა კიდეც, ლაღი იყო, სპორტსაც მისდევდა, მოფარიკავე იყო და თუ არ ვცდები ფარიკაობაში ჯილდოებიც ჰქონდა. ანას ფოთში მცხოვრები დეიდაც ძალიან მზრუნველია. იგივე დეიდა ზრდიდა ფოთში მის ბიძაშვილსაც, რომლის ხელითაც მოკვდა. როგორც აღმოჩნდა, არც ამ ბიჭის მშობლები ცხოვრობდნენ ერთად, თუ არ ვცდები, ორივე, წლების განმავლობაში უცხოეთშია წასული…

- პედაგოგების განმარტებიდან ირკვევა, რომ, მკვლელობაში ბრალდებული გულჩათხრობილი ყოფილა.

- ალბათ არც თუ ისე, რადგან მეგობრები აღმოაჩნდა… ამ დღეებში სწორედ ამ მეგობრებმა მოაკითხეს შინ, - გამოცდაზე რომ არ მივიდა, ტელეფონიც გამორთული აქვს და რა დაემართაო… ოჯახი მეორე სართულზე ცხოვრობს, ბიჭებმა ბევრი აკაკუნეს და კარი რომ არავინ გაუღო, ეზოში ჩამოვიდნენ, შეამჩნიეს, რომ ბინაში ფანჯრები იყო ღია და იქვე ეზოში მუშებს კიბე გამოართვეს. ერთი ღია ფანჯარაში გადახტა და სწორედ ამ დროს ნახა ყელგამოჭრილი ანა, ბიჭის ღრიალმა გამოიყვანა ხალხი გარეთ, ფერი აღარ ედო სახეზე, პირველად ვერც გვაგებინებდა, რა ხდებოდა…

- როგორც ამბობენ, გოგონას ყელი აქვს გამოჭრილი…

- არა მარტო, ყელში დანა ერთხელ კი არ აქვს გამოსმული, არამედ ორჯერ. ამასთანავე გოგოს ხელები, ფეხები და იდაყვები გადამტვრეული აქვს.

ვინც ამ ბავშვს ახლოს იცნობდა, ყველა ამბობს, რომ სიკეთის განსახიერება იყო. მისი მეგობრები ტიროდნენ, - ანა ჩვენ შორის ლიდერი იყო, რასაც იტყოდა, უკან მივყვებოდით, ახლა ექსკურსია ჰქონდა დაგეგმილი, კარგ ადგილზე უნდა წავსულიყავითო. შეიძლება ზოგადად ვერავინ ამჩნევდა, მაგრამ ამ ბიჭის გარშემო ადამიანები უფრო მეტი ყურადღებით რომ ვყოფილიყავით, იქნებ ეს არც მომხდარიყო…შეუძლებელია მას რაღაც უცნაურობა არ ჰქონოდა, ოღონდაც ვერავინ ხვდებოდა ეს რა იყო. მისი ნაცნობები ახლა ამბობენ, ცხოველებთან ჰქონდა რაღაც უცნაური დამოკიდებულებაო, შემაშინებელიო, იქნებ ამით შეიძლებოდა გაგვეგო, მას გულში რა ედო, მაგრამ უკვე გვიანია ამის კვლევა - ბიჭმა ასეთი რამე ჩაიდინა, მიცვალებულს კარი გამოუხურა და სამი დღე ფოთში დადიოდა.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)