19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - რა წერია ექსპერტიზის წინასწარ დასკვნაში? - კვირის პალიტრა

19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - რა წერია ექსპერტიზის წინასწარ დასკვნაში?

უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგოუაძემ მიღებული გადაწყვეტილების განმარტებისას ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება გამოიყენა.

"დაკითხვისას რობერტ ახალაიამ თქვა, რომ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, დატოვა შემთხვევის ადგილი. მან გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა. ასევე, დადგენილია, რომ ქუთაისში მან შეცვალა მობილურ ტელეფონში სიმბარათი", - განაცხადა მოსამართლემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულთან მიმართებაში დაცვის უფლება არ დარღვეულა და სასამართლოში წარდგენილი მასალებიდან ჩანს, რომ ადვოკატი მაშინ ჩაერთო საქმეში, როდესაც რობერტ ახალაიამ ბრალდებულის სტატუსი შეიძინა. მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის საფრთხრთხეები, რომელიც მოცემულ ვითარებაში სახეზე იყო, კერძოდ, მიმალვის, ხელახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები.

ცნობილი გახდა, ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა, რომელიც ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, გრიგოლ ბიბილაშვილმა გააცნო.

წინასწარი დასკვნის მიხედვით, ანა ხელაძეს 8 ჭრილობა აქვს მიყენებული. პროკურორის თქმით, ბრალდებულმა რობერტ ახალაიამ გოგონას ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მისივე ინფორმაციით, ახალაია ფოთში დააკავეს, გარდაცვლილის ცხედარი კი მეორე დღეს ანა ხელაძის მეგობარმა უზნაძის ქუჩაზე სახლში აღმოაჩინა.

"ახალაიას ჩანთიდან ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა, ხოლო ბრალდებულმა გამოძიებას ჩვენება მისცა, სადაც დანაშაული აღიარა", - განაცხადა გრიგოლ ბიბილაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: "ერთ-ერთი მეგობარი ღია ფანჯარაში გადახტა და სწორედ ამ დროს ნახა მოკლული გოგონა, ბიჭის ღრიალმა გამოიყვანა ხალხი გარეთ"

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით