მუხთარლის საქმის გამო, სასაზღვრო პოლიციის უფროსი და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი გათავისუფლეს - კვირის პალიტრა

მუხთარლის საქმის გამო, სასაზღვრო პოლიციის უფროსი და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი გათავისუფლეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამო, სასაზღვრო პოლიციის უფროსი და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააჟღერა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ შუალედური ანგარიში წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თანამდებობის პირების გათავისუფლება მოხდა იმის გამო, რომ საქმეზე ნებისმიერი შეკითხვა გამოირიცხოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან, საზღვრის ეფექტურ კონტროლთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში არავითარი კითხვა არ დარჩეს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება და სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ერთი მხრივ, სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და მეორე მხრივ, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე - შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ.

ჩვენ, როგორც უწყების ხელმძღვანელები, დარწმუნებული ვართ ჩვენი თანამშრომლების უდანაშაულობაში, მაგრამ გამოძიებას არ აქვს უფლება, გამორიცხოს რომელიმე ვერსია და ვინაიდან, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება

აღნიშნული ხელმძღვანელი პირების მიერ თანამდებობების დატოვება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამომავლოდ ყოველგვარი დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

"მიმდინარე წლის 30 მაისს შსს-მ აფგან მუხთარლის მეუღლის ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება - ამოღებული და დათვალიერებულია 46 კამერის ვიდეოჩანაწერი, მათ შორის, 10 ობიექტიდან, რომელიც მდებარეობს კოლმეურნეობის მოედანზე. ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებულ იქნა 19 კამერის ვიდეოჩანაწერი.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ნომერ 2-ში მდებარე სახელმწიფო ელექტროსისტემების ობიექტის ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება, რომ პიროვნება თეთრი მაისურით - სავარაუდოდ, აფგან მუხთარლი ნომერ 4 სამარშრუტო მიკროავტობუსში ჯდება. გამოძიების მიერ გამოიკითხა ხსენებული სამარშრუტო მიკროავტობუსების ყველა მძღოლი, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი მარშრუტი მოიცავს შემდეგ ტერიტორიას - მეტრო სადგურ "300 არაგველებიდან“ კოლმეურნეობის მოედნისა და ჭონქაძის ქუჩის გავლით, გოთუას ქუჩამდე და მათ 2017 წლის 29 მაისს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. გამოძიების მიერ ბარათაშვილის ქუჩაზე და მის მიმდებარედ გამოკითხა ათეულობით მოწმე - ავტოსადგომის მუშაკები, ტაქსის მძღოლები, გარემოვაჭრეები და კერძო ობიექტების დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი. ასევე არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება. ამასთან, 4 ობიექტიდან, რომლებიც აფგან მუხთარლის საცხოვრებელი სახლის მიმდინარე ტერიტორიაზე მდებარეობას, ამოღებული და დათვალიერებულია 27 ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერებში მოცემულ პერიოდში აფგან მუხთარლი არ ფიქსირდება. ნიაღვრისა და ჭონქაძის ქუჩებზე, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოკითხა 127 მოწმე, რომლებმაც განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი, ასევე არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"