"ბიჭებს მთელი სხეული დაცხრილული აქვთ" - კრიმინალური გარჩევა და მოკლული მოწმე?! - კვირის პალიტრა

"ბიჭებს მთელი სხეული დაცხრილული აქვთ" - კრიმინალური გარჩევა და მოკლული მოწმე?!

"ეს ამბები 90-იან წლებში დაიწყო, როცა ოზურგეთში არჩევნების მოსაგებად ერთი ცნობილი კანონიერი ქურდი ჩამოიყვანა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ. გურამის მამა ამ ქურდს დაუპირისპირდა და ესროლა"

ოზურგეთში ორი ახალგაზრდა, სიძე-ცოლისძმა: დიმა ომოლჩენკო და გურამ ფოცხიშვილი, ამ უკანასკნელის მანქანაში, ჩაცხრილეს. შედეგად ორივე ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით არის აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

"ოზურგეთელ ბიჭს ვიცნობდი ერთს. დიმა ერქვა. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ, თუმცა პატარა იყო ჩემზე. სემინარიიდან ზაფხულის არდადეგების პრაქტიკებზე რომ გვანაწილებდნენ სტუდენტებს, მე გურიას ვირჩევდი ხოლმე, მეუფე იოსებთან მივდიოდი ოზურგეთში. იქ გავიცანი და ერთად ვსტიქაროსნობდით. მეუფე იოსებთან მსახურობდა საკათედროში. დედით და მამით ობოლი იყო. 5 წლის იყო, მგონი, როცა დაობლდა. მეუფემ იშვილა და გაზარდა, მერე სახლი უყიდა ოზურგეთში და დაოჯახდა კიდეც. ცოლისძმა კრიმინალურ სამყაროს წარმომადგენელი იყო რომელიც დღეს მანქანაში ჩაცხრილეს ოზურგეთის ცენტრში და დიმაც ზედ მიაყოლეს, რადგან იქ იყო. მოწმე მოიშორეს რა. პატიოსანი ადამიანი მოკლეს მხოლოდ იმის გამო, რომ ფაქტს შეესწრო. ცოლი და 3 წლის შვილი დარჩა", - დაწერა "ფეისბუკის" პირად გვერდზე ლტოლვილთა და განსახლების ექსმინისტრმა კობა სუბელიანმა.

დიმა ომოლჩენკო რომ შემთხვევითი მსხვერპლია და მისი სახით მოწმე მოიშორეს, ამას ამბობს ჩვენი რესპონდენტიც, რომელის ვინაობასაც, მისივე თხოვნით, არ ვასაჯაროებთ.

- საყვარელი ბიჭი იყო დიმა... როგორც ვიცი, წლების წინ მამა ვასილმა იპოვა 5 წლის მშიერი ბავშვი ქუჩაში და თავისთან წაიყვანა. მერე მეუფე იოსებმა ნახა, მის სუფთა თვალებს ენდო, სამთავროში გადაიყვანა და იქ ზრდიდა. კარგი ბიჭი დადგა, თბილი, გულისხმიერი... წერენ, მეუფის მძღოლი იყოო, ოფიციალურად მეუფეს მძღოლი არ ჰყავს, მაგრამ დიმას მეუფე და ეკლესია უყვარდა და ყველა საქმეში ეხმარებოდა. დრო და დრო მის მანქანასაც მართავდა. ერთი პერიოდი დიმა, ცოლთან ერთად, საბერძნეთში იყო წასული, იქ და ჰყავს, მასთან ცხოვრობდნენ, თან საკმაოდ მძიმე შრომას ეწეოდნენ, რომ რაიმე ელემენტარული შეეძინათ ოჯახისთვის. ბიჭს ბინა მეუფემ შეუძინა, მაგრამ ოჯახს ათასი რამ სჭირდება და ცოლ-ქმარიც თავდადებით შრომობდა... საბერძნეთში ცოტა რაღაც რომ იშოვეს, მაშინვე სამშობლოში დაბრუნდნენ. ნეტავ სულ არ ჩამოულიყვნენ, აი, რა საშინელება მოხდა... საწყალ ბიჭებს მთელი სხეული დაცხრილული აქვთ...

- გავრცელებული ინფორმაციით, მეორე მოკლული მისი ცოლისძმაა და სავარაუდოდ, სწორედ ის იყო მკვლელის სამიზნე...

- გურამ ფოცხიშვილის ბაბუა, ისიც გურამ ფიცხიშვილი, კანონიერი ქურდი იყო, მამაც - დავით ფოცხიშვილი კრიმინალურ სამყაროს მიაკუთვნებდა თავს, თუმცა ბოლოს რაღაც დაპირისპირება მოუხდა და ე.წ. ავტორიტეტებმა გარიყეს.. სხვათა შორის, ეს ამბები 90-იან წლებში დაიწყო, როცა ოზურგეთში არჩევნების მოსაგებად ერთი ცნობილი კანონიერი ქურდი ჩამოიყვანა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ. გურამის მამა ამ ქურდს დაუპირისპირდა და ესროლა. მერე კი სხვა კანონიერ ქურდებთანაც ჰქონდა კონფლიქტები.

გურამი პირდაპირ განწირული იყო ამ სამყაროსთვის - ბაბუისა და მამის კვალზე ისიც კრიმინალი გახდა, თუმცა კრიმინალური სამყაროს რიგ წარმომადგენლებთან მასაც საკმაოდ მძიმე დაპირისპირება ჰქონდა, ამასობაში დააპატიმრეს და სიკვდილს გადარჩა. მაგრამ კრიმინალებმა პატიება არ იციან, ადრე თუ გვიან შურს იძიებენ და ამ შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, ასე მოხდა. როგორც ვიცი, ციხეშიც სცადეს მისი მოკვლა, იქ მაკრტლით დაჭრეს, მაგრამ გადარჩა.

- გურამი რის გამო დააპატიმრეს?

- 2006 წელს იარაღის უკანონო შენახვისა და პოლიციის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააპატიმრეს. 25 წელიწადი ჰქონდა მისჯილი. მაგრამ 2013 წელს შეიწყალეს და გამოვიდა. მას შემდეგ შინ იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, უთვალთვალებდნენ, შესაფერისი მომენტი იპოვეს და...  ამბობენ, რომ სათევზაოდ მიდიოდა და თან დის ქმარიც წაიყვანა. როგორც ეტყობა, მანქანში დაურეკეს და შეხვედრა სთხოვეს, ისიც სათევზაოდ კი არა, სულ სხა მიმართულებით წავიდა, სადაც დის ქმართან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს.

ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)