"დაჭრილი ეზოში გაიქცა. მკვლელი მიჰყვა და საკონტროლოდ თავში ესროლა" - 15 - წლიანი პატიმრობა ბიზნესმენის მკვლელობისთვის - კვირის პალიტრა

"დაჭრილი ეზოში გაიქცა. მკვლელი მიჰყვა და საკონტროლოდ თავში ესროლა" - 15 - წლიანი პატიმრობა ბიზნესმენის მკვლელობისთვის

2017 წლის 15 იანვარს, გორში, ქალაქის ცენტრში, წერეთლის ქუჩაზე, დაახლოებით დღის 1-ლ საათზე, გავლენიანი ბიზნესმენის ბორია გოგიჩაიშვილის ძმა, 55 წლის გურამ გოგიჩაიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

ეს გოგიჩაიშვილების ოჯახში მკვლელობის მეორე შემთხვევა იყო. მანამდე ერთ-ერთი ძმა რესტორანში მოკლეს.

დანაშაული ნინო ბურჯანაძის პარტიის "დემოკრატიული მოძრაობის" გორის ოფისის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც პარტიის წარმომადგენლები იმჟამად აცხადებდნენ, გოგიჩაიშვილს პარტიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და სავარაუდოდ, ოფისში ერთ-ერთ ნაცნობთან მივიდა.

თვითმხილველების თქმით, გოგიჩაიშვილს ოფისში შესვლისთანავე უცხო პირი აედევნა.

"გურამ გოგიჩაიშვილთან ერთად, ოფისში ნუკრი ჯალაბაძე და ფიდო სააკაშვილი იმყოფებოდნენ. მოულოდნელად მათთან ნიღბიანი მამაკაცი შევიდა. უცნობმა გურამ გოგიჩაიშვილს რადმენჯერმე ესროლა. დაჭრილი ოთახიდან შენობის შიგნით ეზოში გაიქცა. მკვლელი მიჰყვა და საკონტროლოდ თავში ესროლა", - აცხადებდა ერთ-ერთი თვითმხილველი.

მკვლელობაში ბრალდებული რეზო გოგრიჭიანი სამართალდამცველებმა 2017 წლის 9 ივნისს ქალაქ ბათუმში დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.

მომხდარ დანაშაულზე სასამართლომ ვერდიქტი უკვე გამოიტანა. პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და წარდგენილ ბრალდებებში გოგრიჭიანი დამნაშავედ სცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მკვლელობის მოტივად კი შურისძიება დასახელდა.