"უთქვამს, საშინელებათა ფილმს ვუყურებდი და ამიტომ მოვი­ჭამე თითი, მერე ანა მოვკალი დანითო" - კვირის პალიტრა

"უთქვამს, საშინელებათა ფილმს ვუყურებდი და ამიტომ მოვი­ჭამე თითი, მერე ანა მოვკალი დანითო"

16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, სასტიკი დანაშაული მოხდა - 19 წლის ანა ხელაძე დეიდის ბინის საძინებელში ყელგამოჭრილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდება ანას ბიძაშვილს, 22 წლის რობერტ ახალაიას წაუყენეს. ის ფოთში დააკავეს.

როგორც სასამართლოზე განაცხადა, მომხდარი მოგვიანებით გაიაზრა. "მე ფოთში, ზღვაზე ვიყავი, როდესაც პოლიციელები მოვიდნენ და მითხრეს, რომ დაბარებული ვიყავი. მათ ჩემი ნებით გავყევი. ფოთში იმიტომ წავედი, რომ დავფიქრებულიყავი ჩემს ქმედებაზე. თავიდან არ მქონდა განზრახული, გამოვცხადებულიყავი. პოლიციას გავყევი, გზაში მივხვდი, რომ ასე ჯობდა", - განაცხადა სასამართლოზე რობერტ ახალაიამ.

ამოღებულია დანა, რითაც გოგონას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, და სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც მკვლელობის დროს ეცვა დამნაშავეს. დადგენილია, რომ მკვლელობის შემდეგ ახალაიამ სააბაზანოში გამოიცვალა სისხლიანი ტანსაცმელი და დანა ზურგჩანთაში ჩაიდო, ჩაკეტა ბინის კარი და ფოთში წავიდა.

როგორც დეიდის მეზობლები ამბობენ, გოგონას ცხედარი რობერტ ახალაიას მეგობრებმა აღმოაჩინეს. "მეგობრებმა კარზე დიდხანს აკაკუნეს, მაგრამ არავინ გააღო. წუხდნენ, გამოცდაზე არ მოვიდა, ტელეფონიც გამორთული აქვს და რა დაემართაო. კიბით ავიდნენ მეორე სართულზე, ერთი ღია ფანჯარაში გადახტა და მან ნახა ყელგამოჭრილი ანა, ბიჭი ღრიალებდა, ადამიანის ფერი არ ედო სახეზე. მის ყვირილზე ბინებიდან ხალხი გამოცვივდა, ძლივს გაგვაგებინა, რომ გოგო მოკლული იყო. ეჭვი გაჩნდა, ხომ არ იყო ანა გაუპატიურებული, მაგრამ ექსპერტმა არ დაადასტურა. დეიდა დისშვილსა და ძმისშვილს თავს ევლებოდა, არაფერს აკლებდა", - ამბობს მეზობელი.

"მოტივი არ ვიცით, გამოძიება მიმდინარეობს. ისიც საკითხავია, მან ჩაიდინა თუ არა დანაშაული", - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი ოლღა გეჯაძე.

- ფსიქიკური პრობლემა ხომ არა აქვს?

- ამას ექსპერტიზა დაადგენს. რობერტს ყველა კარგად ახასიათებს და ცოტა უცნაურია, რომ ეს დანაშაული ჩაიდინა.

პროკურატურა ამბობს, სექსუალური ძალადობა და ძალადობის მცდელობას არ ყოფილაო, ეს გამორიცხეთ...

- ბრალდებულის სისხლიან ტანსაცმელზე რას იტყვით?

- მას თითი ჰქონდა გაჭრილი...

რობერტ ახალაიამ ფოთის მე-15 საჯარო სკოლა დაამთავრა, თბილისში მამიდასთან ცხოვრობდა.

ოჯახის ახლობელი: - ვერ აგვიხსნია, რატომ ჩაიდინა ბიჭმა ეს საშინელება. ანა არაჩვეულებრივი გოგონა იყო. ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, გრანტიც მოიპოვა. რობერტის მამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ორი ვაჟი ჰყავს. პატარები იყვნენ, მშობლები რომ დაშორდნენ. ბავშვები დედამ რუსეთში წაიყვანა, მაგრამ მამამისმა უკან ჩამოიყვანა და აქ გაიზარდნენ. მამიდები ძმისშვილებს თავს ევლებოდნენ, მამამისმა მეორე ცოლი შეირთო და ყველა ერთად ცხოვრობდა. რობერტი სკოლაშიც გამორჩეული იყო, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

ერთ მამიდას თბილისში დაგირავებული აქვს ბინა და რობერტმა სკოლა რომ დაამთავრა, თბილისში წაიყვანა. ანაც თავისთან ჰყავდა. ანას და რობერტს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, როგორ შეიძლებოდა ანა მოეკლა?! რაღაც საშინელებათა ფილმს ვუყურე და მერე რა გავაკეთე, არ ვიციო, - ამბობს.

- ფსიქიკური პრობლემები ხომ არ ჰქონდა?

- არასდროს არაფერი შეგვიმჩნევია. ფოთში რომ ჩამოვიდა, სხვა ნომრიდან დაურეკავს ძმისთვის, კაცი შემომაკვდა, ზღვაზე ვარ და მნახეო. როგორც ამბობენ, მამამისმა დარეკა პოლიციაში. დანაშაული მიყვანისთანავე აღიარა. საჩვენებელი თითი დაზიანებული ჰქონია. უთქვამს, საშინელებათა ფილმს ვუყურებდი და ამიტომ მოვიჭამე თითი, მერე ანა მოვკალი დანითო. მამამისს უთქვამს პოლიციისთვის, თუ გინდათ, მოკალით, მე აღარ მაინტერესებს ჩემი შვილიო. ყველაზე მთავარი მოტივის დადგენაა.

რა პრობლემასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, ამის გარკვევა ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუასთან ვცადეთ:

- ერთი ვერსიით, ბრალდებული უყურებდა აგრესიულ ფილმს, ამის შემდეგ ჩაიდინა დანაშაული. აქვს ამ ვერსიას არსებობის უფლება?

- არსებობს აგრესიის 4 თეორია და ერთ-ერთია აგრესიის დასწავლა. ჩვენ აგრესიულ სივრცეში ვცხოვრობთ. ასეთია საინფორმაციო წყაროები, ცხოვრების წესი, კომპიუტერული თამაშები, ფილმები. შეიძლება ფილმის ყურებისას აგრესია გასჩენოდა, მაგრამ ამას წინ აუცილებლად უძღოდა რაღაც. ეს არის ის დასწავლილი აგრესია, რომელიც ნეგატიურ იმპულსებს კონკრეტულ მომენტში ააქტიურებს... ფილმი იყო ბოლო წვეთი.

- ახლობლები ამბობენ, რომ მშვიდი და წარჩინებული ბიჭი იყო.

- ეს სიმშვიდე რა შინაარსის მატარებელი იყო, სწორედ ეს არის გასარკვევი - მისი ფსიქიკური მდგომარეობა ექსპერტიზას მოითხოვს.

თეა ხურცილავა