აზერბაიჯანის სპეცსამსახური - მუჰთარლის საქმის მთავარი ვერსია?!
24-07-2017
აზერბაიჯანის სპეცსამსახური - მუჰთარლის საქმის მთავარი ვერსია?!
"კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებას საკუთარი ინიციატივით მაინც ვერ მიიღებდა"

როგორც შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის შუალედური დასკვნით ირკვევა, აფგან მუჰთარლის საქმეზე 343 მოწმე დაიკითხა, მის მობილურ ტელეფონზე­ შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა შეიქმნა, მუჰთარლის სახლის მიდამოებში მდებარე ოთხ ობიექტში­ ვიდეომასალები შემოწმდა, თუმცა,­ მოცემულ პერიოდებში აფგან მუჰთარლი არც ერთში არ ფიქსირდება. გამოძიების მიმდინარეობისას, მინისტრის გადაწყვეტილებით, უფლებამოსილება შეუჩერდა სასაზღვრო პოლიციის უფროს დავით ნიკოლაიშვილსა და უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორ ოთარ კუპრაშვილს. რა ვერსიას
იზიარებს გამოძიება და რაზე მიანიშნებს მინისტრის საკადრო გადაწყვეტილება, ექსპერტი მამუკა არეშიძე­ საუბრობს:

"კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებას საკუთარი ინიციატივით მაინც ვერ მიიღებდა"


- სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის დროებითი გათავისუფლება ხელისუფლების ერთგვარი ხარკი­ იყო, რომლის გადახდაც მას დასავლელი­ პარტნიორების ზეწოლის გამო მოუხდა. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები,
ევროპარლამენტარები თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყველა ფორუმსა თუ საჯარო გამოსვლაში აფიქსირებენ, რომ ქართულმა­ მხარემ მუჰთარლის საქმის ყველა დეტალს ფარდა უნდა ახადოს და უპასუხოს კითხვას, როგორ აღმოჩნდა ის აზერბაიჯანში? ოთარ კუპრაშვილი დემონსტრაციულად გაწირეს - შესაძლოა, სულ სხვა იყოს ამ საქმეში დამნაშავე, მაგრამ თუნდაც კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო ჩართული, ის გადაწყვეტილებას საკუთარი ინიციატივით მაინც ვერ მიიღებდა.

ხელისუფლება მძიმე ვითარებაშია - მუჰთარლის მსგავსი საქმე საქართველოს არასოდეს ჰქონია, ბევრჯერ გადაგვიცია სხვა სახელმწიფოებისთვის დანაშაულში ბრალდებული­ დევნილები, მათ შორის, საპატიმროში მყოფი პირებიც, თუმცა, ადამიანის გატაცების­ ბრალდება დღის წესრ­იგში არასოდეს დამდგარა. ვინც ეს საქმე დაგეგმა, კარგად იცოდა, რომ მუჰთარლის აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემით შედეგს ვერ მიიღებდა, რადგან არა მხოლოდ ქვეყანაში არსებული ორგანიზაციები, დასავლეთიც ყველა შესაძლო მექანიზმით ჩაერთვებოდა პროცესში. აზერბაიჯანიდან გამოქცეულ ამ ჯგუფს მჭიდრო კავშირი აქვს როგორც ევროსაბჭოსთან, ისე სხვა გავლე­ნიან ორგანიზაციებთან, ამიტომაც ვიღაცამ სწრაფი შედეგის მისაღებად სპეცოპერაციის დაგეგმვა გადაწყვიტა. ვინ შეასრულა სპეცოპერაცია, ადრე თუ გვიან გაირკვევა.

- კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის დროებითი გათავისუფლება ხომ არ მიანიშნებს, რომ გამოძიება აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მონაწილეობის ვერსიას ამუშავებს, რადგან სწორედ ის იყო პასუხისმგებელი, ქვეყანაში უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურების მოქმედების შესახებ ინფორმაცია ჰქონოდა, და თუ ეს ვერსია­ მართლაც გამოიკვეთა, რა სამართლებრივი მექანიზმები უნდა აამოქმედოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოს წინააღმდეგ?

- არ გამოვრიცხავ, მუჰთარლის ქვეყნიდან გაყვანის სპეცოპერაცია საქართველოს მოქალაქეებმა შეასრულეს, რომლებიც, შესაძლოა, აზერბაიჯანის სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირში არიან. თუ საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა დადასტურდა, ისინი მკაცრად უნდა დაისაჯონ. თუმცა, თუ გამოძიებით დადგინდა, რომ უშუალოდ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს აფგან მუჰთარლი, რა ღონისძიებებს უნდა მიმართოს საქართველოს ხელისუფლებამ, რთული სათქმელია, დღეს დიპლომატიური სკანდალი, ფაქტია, ხელისუფლებას არ აწყობს. პირადად მე მუჰთარლის საქართველოდან გაყვანაში აზერბაიჯანის სპეცსამსახურების უშუალო მონაწილეობას გამოვრიცხავ. შესაძლოა, სპეცოპერაციაში საქართველოს გარკვეული უწყების ქვედა ეშელონები მონაწილეობდნენ.

"მღებრიშვილმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო"


ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე: - გიორგი მღებრიშვილმა აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. მუჰთარლის ჩვენებებიდან გამომდინარე, ვუშვებთ ვარაუდს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიებამაც იგივე ვერსია გამოკვეთა.

- განსხვავებულად აფასებენ საგამოძიებო პროცესს მუჰთარლის ადვოკატი და მეუღლე. არ ფიქრობთ, რომ პროცესი გაჭიანურდა? საეჭვოა ისიც, თუ როგორ მოხდა, რომ თბილისის ცენტრალურ ნაწილში ვერც ერთმა ვიდეოკამერამ ვერ დააფიქსირა მუჰთარლის გადაადგილება...

- ადვოკატის ვალდებულებაა, კლიენტი­ ნებისმიერ ფასად დაიცვას. მთავარია, პროკურატურას დრო მივცეთ და ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა. შსს-მ ორი თვის განმავლობაში ასეულობით ადამიანი დაჰკითხა, ასეული საათის ვიდეოფირის შესწავლა­ მიანიშნებს, რომ უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით