რუსთავის მერიისა და გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილ თანამშრომლებს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ - კვირის პალიტრა

რუსთავის მერიისა და გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილ თანამშრომლებს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ

გამოძიება თავდაპირველად ქრთამის აღების ბრალდებით დაიწყო, თუმცა საქმე გადაკვალიფიცირდა და მათ თაღლითობაში ადანაშაულებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ დაკავებულ რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომელსა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილ სპეციალისტს თბილისის საქლაქო სასამართლოს მოსამართლემ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე ორთვიანი წინასწარი პატიმრობის 10 ათას ლარიანი გირაოთი ჩანაცვლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ პროცესზე წარმოდგენილი გარემოებებისა და მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის მოტივით, ორივე ბრალდებულს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. შემდგომი სხდომა კი სექტემბრისთვის ჩაინიშნა.

ქალაქ რუსთავის მერიის თანამშრომელი ა. წ. და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გ. ნ. სუს-ის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა 21 ივლისს დააკავა. გამოძიება თავდაპირველად ქრთამის აღების ბრალდებით დაიწყო, თუმცა გუშინ საქმე გადაკვალიფიცირდა და დღეისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულები თავს დანაშავედ არ ცნობენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

"ინტერპრესნიუსი"