"თუ განცხადებას არ გამოვიტანთ წამალს ჩაგვიდებენ" - ქობულეთელი თენგიზ ქათამაძე შსს-ს დახმარებას სთხოვს - კვირის პალიტრა

"თუ განცხადებას არ გამოვიტანთ წამალს ჩაგვიდებენ" - ქობულეთელი თენგიზ ქათამაძე შსს-ს დახმარებას სთხოვს

"დღისით ამოიღო იარაღი და ესროლა ჩემს შვილს. თუ საქმესთან დაკავშირებით რეაგირება არ იქნება, შიმშილობას დავიწყებ"

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები თენგიზ ქათამაძე მისი შვილის, რომან ქათამაძის სამსახურიდან გათავისუფლებას, რამდენიმე დღის წინ ქობულეთში გასროლის ფაქტს უკავშირებს.

როგორც თენგიზ ქათამაძემ განაცხადა, ქათამაძეების ოჯახს უცნობი პირები პროკურატურიდან განცხადების გამოტანას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ”წამლის ჩადებით” ემუქრებიან. თენგიზ ქათამაძე შინაგან საქმეთ სამინისტროს საქმეზე რეაგირებას სთხოვს.

"რომან ქათამაძე ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მეტალო-პლასმასის ქარხანაში მუშაობდა. მიზეზი არ განუმარტეს, ისე გაათავისუფლეს. ჩვენ ვუკავშირებთ იმას, რომ არის პოლიციის მხრიდან ზეწოლა. ჩვენთვის უცნობი პირი იყო მოსული და გვითხრა, რომ თუ განცხადებას არ გამოვიტანთ წამალს ჩაგვიდებენ, ან მე ან ჩემს შვილს. გაგვაწვალებენ ყველანაირად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვთხოვ, რომ აღნიშნული საქმე განიხილონ. დღისით ამოიღო იარაღი და ესროლა ჩემს შვილს. თუ საქმესთან დაკავშირებით რეაგირება არ იქნება, შიმშილობას დავიწყებ. პროკურატურიდან განცხადების გამოტანას არ ვაპირებ. დაისაჯოს ის პოლიციელი“,- აცხადებს თენგიზ ქათამაძე.

21 ივლისს, ქობულეთში სროლის ხმა იყო. თვითმხილველების ცნობით, შსს-ს თანამშრომელმა ქობულეთის მკვიდრს, 25 წლის მამაკაცს ესროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ინტერპრესნიუსი"