რატომ მიაჩუმათა სააკაშვილის ხელისუფლებამ გიორგი სანაიას საქმე? - ჟურნალისტის მკვლელობიდან 16 წელი გავიდა - კვირის პალიტრა

რატომ მიაჩუმათა სააკაშვილის ხელისუფლებამ გიორგი სანაიას საქმე? - ჟურნალისტის მკვლელობიდან 16 წელი გავიდა

"სანაიას საქმესთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები მოწმეებთან ერთად თანდათან ქრება"

26 ივლისს გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი 2001 წლის 26 ივლისს, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. მისი მკვლელობისთვის დაკავებული გრიგოლ ხურცილავა კი 4 წლის წინ, საყოველთაო ამნისტიის შედეგად გაათავისუფლდა. ოჯახი კი წლებია უკვე საქმის ხელახალი გამოძიებას ითხოვს.

გთავაზობთ ჟურნალისტური გამოძიებას გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან, რომელიც 2012 წელს გამოქვეყნდა:

გიორგი სანაიას მკვლელობის ძველი და ახალი გარემოებები

გიორგი სანაიას მკვლეობის შემდეგ შეიცვალა ხელისუფლება და შეიცვალა მედიაც, სააკაშვილის ხელისუფლებამ ძველის მიმართ ზოგიერთ საკითხში უკომპრომისობა გამოიჩინა და ლამის სამარცხვინო გახადა შევარდნაძის დროის ადამიანის სახელი. დაგმობის პოლიტიკა მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ საკითხებს არ შეეხო. მათ შორის - ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეს. ჟვანია-სააკაშვილის მაშინდელ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელმაც

გიორგი მეგობრებთან ერთად

მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ ხელისუფლების ყველა ბერკეტი აიღო ხელში, არასდროს დაუსახელებია ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების საწინააღმდეგო ბრალდებებს შორის ჟურნალისტის მკვლელობა. ოფიციალურად ერთხელაც არ შეუფასებია გამოძიებაში დაშვებული დარღვევები, არ გამოუთქვამს აზრი მკვლელობის ალტერნატიულ ვერსიებზე, რომლებიც, სერიოზული არგუმენტების მიუხედავად, წინამორბედმა ხელისუფლებამ მთლიანად უარყო.

2003 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რამდენჯერმე შევეცადეთ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან სანაიას მკვლელობის თემაზე გვესაუბრა, რასაც მხოლოდ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გამოეხმაურა - ამ საკითხზე მუშაობის დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ აუცილებლად დადგებაო. შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა და ჟვანიას გარდაცვალებამ ცხადი გახადა, რომ სანაიას მკვლელობის

საქმის გადასინჯვის პერსპექტივა იკარგებოდა.

რატომ მიაჩუმათა სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს საქმე? ჩვენი აზრით, ამ კითხვაზე პასუხი ჩანს იმ დეტალებით, რომლებიც მკვლელობას უშუალოდ უკავშირდება. ვგულისხმობთ 26 ივლისის საქმესთან დაკავშირებულ არსებით გარემოებებს, რომლებიც მოწმეებთან

ერთად თანდათან ქრება.

პირველი გარემოება, რომელიც სანაიას მკვლელობას პირდაპირ ადებდა პოლიტიკურ "სანქციას" და რომელზე საუბარიც მიზანმიმართულად იბლოკებოდა, არის მკვლელობის დროითი კავშირი ხელისუფლებისთვის სწორედ მაშინ დაწყებულ ურთულეს პოლიტიკურ ბრძოლასთან, რომელშიც მედია ლიდერების გვერდით იდგა და როგორც პოლიტიკურ ცენტრებს შორის ინფორმაციით ბრძოლის იარაღი, მძლავრი ანგარიშგასაწევი ძალა გახლდათ. უპირველესად ეს ხდის საეჭვოს მედიის ცნობილი წარმომადგენლის მკვლელობის მოტივად შემთხვევითობის გამოცხადებას. მით უმეტეს, რომ ქართველი ჟურნალისტის მკვლელობამდე და მას შემდეგაც პოსტსაბჭოთა სივრცეში რამდენიმე ჟურნალისტის მკვლელობა ანალოგიურ ვითარებაში მოხდა, ანუ მაშინ, როცა მედია იწყებდა ხმაურს ხელისუფლების წარმომადგენელთა ეკონომიკურ, სამხედრო თუ სხვა ორგანიზებულ და სისტემურ დანაშაულში მხილებისთვის.

არ იგულისხმება მხოლოდ გიორგი ღონღაძის საქმე უკრაინაში ან პოლიტკოვსკაიას მკვლელობა მოსკოვში. გიორგი სანაიამდე სამი წლით ადრე რუსეთში მოკლეს ჟურნალისტი ლარისა იუდინა, რომელსაც ხელთ ჰქონდა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულის მამხილებელი მასალები. მკვლელობის შემდეგ მასალა გაქრა; იუდინა კი, როგორც მოგვიანებით სანაია, საყოფაცხოვრებო მოტივით მოკლულად გამოაცხადეს. ცოტა ადრე მოკლეს "მოსკოვსკი კომსომოლეცის" თანამშრომელი დმიტრი ხოლოდოვი, რომელიც რუსეთის არმიის მაღალჩინოსნების სამხედრო-ეკონომიკურ დანაშაულს სწავლობდა. მის მიერ მოპოვებული მასალები მკვლელობის შემდეგ დაიკარგა, სისხლის სამართლის საქმე კი შეწყდა.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ასევე სანაიას მკვლელობის შემთხვევითობას ეწინააღმდეგება და არავის გაუთვალისწინებია, მაშინდელ მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად გაჩაღებული ფინანსური და პოლიტიკური ბრძოლა და ცნობილი ჟურნალისტების გადასაბირებლად პოლიტიკური ცენტრებიდან გაღებული დიდი ფინანსებია, რაც მედიას, როგორც ინსტიტუციას ან ჟურნალისტებს, ამ პოლიტიკური ცენტრების პიარზე ამუშავებდა. მათ შორის "რუსთავი 2"-ს, სადაც სანაია ყველაზე რეიტინგულ ჟურნალისტად მიიჩნეოდა.

ეს მანამდე ხდებოდა, სანამ ამ მედიაორგანიზაციის აქციების სრულ პაკეტს ცნობილი პოლიტიკური ჯგუფი დაეპატრონებოდა. "რუსთავი 2"-ის"გენერალური დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი, სანაიას მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პარტნიორთა საბჭოს სხდომაზე გადააყენეს თანამდებობიდან და ამავე კრების გადაწყვეტილებით, აქციათა პაკეტის ერთი ნაწილი საინფორმაციო სამსახურის უფროს, ნიკა ტაბატაძეს გადასცეს, რომლისგანაც მოგვიანებით აქციები ჟვანია-სააკაშვილის პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა გადაიბარეს, თავად ტაბატაძე კი საზღვარგარეთ გაისტუმრეს. ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც ქართველ პარტნიორებთან ერთად კბილს უსინჯავდა რუსული კაპიტალის მფლობელებთან ურთიერთობასაც და რამდენჯერმე მიიღო კიდეც მასთან საგანგებოდ ჩამოსული ბერეზოვსკის ჯგუფის წევრები, საბოლოოდ მაშინ თანხმდება პარტნიორად ჟვანიას ჯგუფის არჩევაზე, როცა ეს უკანასკნელი სასამართლო რეფორმის გასაშუქებლად საქართველოსკენ დაძრული მძლავრი მედიაგრანტების ფაქტობრივი განმკარგავი ხდება.

იქამდე კი კიწმარიშვილი-ჟვანიას ურთიერთობას დროებით აფუჭებს ის, რომ ახალგაზრდა "მოქალაქეები" საჭირო თანადგომას ვერ უწევენ "რუსთავი 2"-ის"მოთხოვნას, არხი უკეთეს სიხშირეზე გავიდეს. ტელეკომპანიის ყოფილი წარმომადგენლები დღეს ჰყვებიან, რომ მაშინდელი ტელევიზიის შეფი თანამშრომლებთანაც არ მალავდა ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფის მიმართ წყენას, რაც იმით დამთავრდა, რომ ამ გუნდთან პოლიტიკური ურთიერთობა არხმა შეწყვიტა და, სამაგიეროდ, ფინანსურ-პოლიტიკური პარტნიორობა გააძლიერა ბათუმის პოლიტიკურ ცენტრთან. როგორც ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომლები იხსენებენ, "მაშინ თავად ტელევიზიაში არხს ხუმრობით "ასლანის არხსაც" კი ეძახდნენ."ეს იყო 1999 წლის საარჩევნო კამპანიის დასაწყისი. საეთერო დროის უმეტესი ნაწილი აბაშიძესა და მისი გუნდის წევრებს ეთმობოდათ. არხის ხელმძღვანელებსა და წამყვან ჟურნალისტებს აბაშიძე პირადად იწვევდა სტუმრად ბათუმში. მასთან ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ საინფორმაციოს უფროსს, ნიკა ტაბატაძეს და "კურიერის" წამყვან გიორგი სანაიას, რომელიც ამ დროს უკვე არხის სახედ ითვლებოდა", - იხსენებენ "რუსთავი 2"-ის"ყოფილი თანამშრომლები. როგორც აღვნიშნეთ, არხი ძველ პარტნიორებთან, ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფთან, მსოფლიო ბანკის რამდენიმემილიონიანმა გრანტმა დააბრუნა. თუ აქამდე გრანტების განკარგვის სათავესთან ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფთან ერთად თემურ ბასილიას ჯგუფიც მოიაზრებოდა, ჟვანიამ კონკურენტი გუნდი ნელ-ნელა გაიყვანა არენიდან - დაიწყო საჯარო კამპანია, რომელიც ბასილიას გრანტების არამიზნობრივ ხარჯვასა და მართული მედიის შექმნაში ამხელდა. ამას ჟვანიას ჯგუფი უკვე "რუსთავი 2"-ის" ხელით აკეთებდა, რომელიც მეორე ხელით პირად ანგარიშზე ირიცხავდა "მედიის განვითარებისთვის" ჟვანიას მიერ ვიზირებულ საერთაშორისო ფულს.

ტელეარხის ერთი ფინანსურ-პოლიტიკური პარტნიორიდან მეორის ხელში გადასვლა ერთბაშად ვერ შლიდა არხის წარმომადგენელთა პირად კონტაქტებს ძველ პარტნიორებთან. ყოველ შემთხვევაში, აბაშიძის გუნდის წევრებთან ურთიერთობის გაგრძელების გამო გიორგი სანაიას ხშირად საყვედურობდა როგორც თავისი შეფი, ასევე შეფის შეფი. ცნობილია, რომ რამდენიმე ჟურნალისტი გახდა ამ თემაზე ჟვანიასა და სანაიას სერიოზული კამათის მოწმე. თანამშრომლები იხსენებენ იმასაც, რომ აბაშიძისგან ჟვანიასთან მიბრუნებული კიწმარიშვილიც ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას ბათუმთან სანაიას მეგობრობის გაგრძელების გამო. "კიწმარიშვილსა და სანაიას განსაკუთრებით ბოლო დროს ძალზე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რის შესახებაც ხშირად ჩიოდა გიორგი ჩვენთან","- იხსენებენ "რუსთავი 2"-ის" ყოფილი თანამშრომლები. (გაგრძელება)