შენობის დემონტაჟისას დაღუპულ 32 წლის მამაკაცს ფეხმძიმე მეუღლე და სამი შვილი დარჩა - კვირის პალიტრა

შენობის დემონტაჟისას დაღუპულ 32 წლის მამაკაცს ფეხმძიმე მეუღლე და სამი შვილი დარჩა

ორ დღეში ორი მსხვერპლი, საქმე ორივე შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების  წესების დარღვევის ბრალდებით არის აღძრული.

25 ივლისს, დიდ დიღომში მიმდინარე მშენებლობაზე 27 წლის კოკა მიქიაშვილი დაიღუპა.

კიდევ ერთი ტრაგედია 26 ივლისს, დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე დატრიალდა, სადაც სახლის დემონტაჟის შედეგად 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის წალენჯიხის რაიონიდან არის, როგორც ტრაგედიის ადგილას მისულმა მისმა ახლობლებმა განაცხადეს, გარდაცვლილს ფეხმძიმე მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ნგრევის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ნგრევისა და ყვირილის ხმა გაიგეს და ადგილზე მისულებმა ნანგრევებში მოყოლილი მუშები ნახეს.

როგორც ირკვევა, დემოტაჟს კომპანია "როიალ გრუპი" ახორციელებდა. ადგილზე მივიდა დიდუბის გამგებლი ირმა ზავრადაშვილი, რომლის ინფორმაციითაც, სამშენებლო კომპანია "როიალ გრუპს", რომელიც დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე საცხოვრებლი სახლის დემონტაჟს ახორციელებდა, მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან რამდენჯერმე ჰქონდა გაფრთხილება მიცემული უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, "როიალ გრუპმა" ბოლო გაფრთხილება უსაფრთხოების ნომრებთან დაკავშირებით 24 ივლისს მიიღო.

"მშენებლობას აწარმოებდა "როიალ გრუპი", რა თქმა უნდა, მერიის ნებართვით. ზედამხედველობის სამსახურს გაფრთხილებული ჰყავდა, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული უნდა ყოფილიყო. ამ ორშაბათსაც არის გაფრთხილებული "როიალ გრუპი". მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების შემდეგ იქნება ობიექტური პასუხები. გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც გადაყვანილები არიან მიხაილოვისა და ალადაშვილის კლინიკებში" , - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა

ადგილზე ამჟამად კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

საქართველოში მხოლოდ მშენებარე ობიექტებზე წლის განმავლობაში საშუალოდ 15 კაცი იღუპება. გარდაცვალებისა და საწარმოო ტრავმების შემთხვევები სამშენებლო და სხვა სამუშაო ობიექტებზე განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც შრომის სახელმწიფო ინსპექცია გაუქმდა. 2007-2015 წლებში საქართველოში საწარმოო ტრავმებით სულ დაიღუპა 356 და მძიმედ დაშავდა 643 კაცი.

იხილეთ ასევე: "სკოლის დამთავრების შემდეგ კოკა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო" - ვინ იყო მშენებლობაზე დაღუპული 27 წლის ბიჭი?