"85 წლის მოხუცი ბინაში გაგუდული იპოვეს" - სასტიკი დანაშაული, რომლისთვისაც 2 ქართველს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს - კვირის პალიტრა

"85 წლის მოხუცი ბინაში გაგუდული იპოვეს" - სასტიკი დანაშაული, რომლისთვისაც 2 ქართველს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანიაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 31 წლის გიორგი ჩხეიძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება გერმანიის მოქალაქის მკვლელობას, რომელშიც ჩხეიძესთან ერთად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - 40 წლის ნოდარ ძინძიბაძეც მონაწილეობდა. შემთხვევა 2013 წლის 23 ივნისს, ქალაქ ნიურნბერგში მოხდა და მთელი გერმანია შეძრა. "ამერიკის ხმა" განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის დეტალებზე წერს:

"ყაჩაღები ელზასის ქუჩაზე, 85 წლის ანელიზ მორხუტის ბინაში ღია აივნიდან შევიდნენ, პენსიონერ ქალბატონს სცემეს, გაკოჭეს, პირი აუკრეს და საბანი შემოახვიეს. სახლიდან 2500 ევროიანი "როლექსის" საათი, ფული და ოქროულობა გაიტაცეს. პოლიციამ მოხუცი ორი დღის შემდეგ გაგუდული აღმოაჩინა...", - წერს "ამერიკის ხმა", რომლის ინფორმაციითაც, კრიმინალურ შემთხვევას გერმანიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ დანაშაული ცხელ კვალზე ვერ გახსნეს - ყაჩაღებს ბინაში ანაბეჭდები არ დაუტოვებიათ.

გერმანული პოლიცია დანაშაულის გარშემო მუშაობას განაგრძობდა და მოგვიანებით გაირკვა, რომ მკვლელობის ადგილზე ორი უცნობი მამაკაცის ნერწყვის კვალი იპოვნეს. დამნაშავეების სავარაუდო დნმ-ის ნიმუშით, ანაბეჭდების დასადგენად, მასშტაბური ოპერაცია "ელზასი" 2013 წლის ზაფხულშივე დაიწყო და ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ადგილობრივმა პოლიციამ ნიურნბერგის სამხრეთ ნაწილში, 20-დან 40 წლამდე ასაკის, 1000-ზე მეტი ადამიანის ნერწყვის ანალიზი შეამოწმა," - წერს "ამერიკის ხმა".

გამოძიების კვალდაკვალ, სამართალდამცველებმა ინფორმაციისთვის ჯილდოდ, თავდაპირველად, 5000 ევრო დააწესეს, მოგვიანებით კი, თანხა გააორმაგეს. 2015 წლის მარტში, ნიურნბერგში აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუში, შვეიცარიის ეროვნულ ბაზაში დაცულ ერთ-ერთ დნმ-ის ნიმუშს დაემთხვა...

გაირკვა, რომ ის საქართველოს მოქალაქის, 1976 წელს დაბადებულ გიორგი ჩხეიძის დნმ-ის ნიმუში იყო, რომელიც შვეიცარიაში თავშესაფარს ითხოვდა. მას პასპორტი ღვალაძის გვარზეც ჰქონდა, მისი დაკავება მაშინ ვერ მოხერხდა... გერმანიის პოლიციამ ჩხეიძის გარემოცვისა და კავშირების შემოწმებაც დაიწყო, რა დროსაც მეორე დამნაშავე, ნოდარ ძინძიბაძეც იპოვეს, რომელიც იმ პერიოდში, იტალიაში ქურდობისთვის უკვე დაკავებული იყო და სასჯელს ფლორენციაში იხდიდა.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, გერმანიამ იტალიიდან ძინძიბაძის ექსტრადირება განახორციელა, 2016 წლის მაისში სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ნიურნბერგის პოლიციის წარმომადგენელი, ტილო ბახმანი ამბობს, - დნმ-ის ნიმუშების დასადგენად პოლიციამ დიდი სამუშაო გასწია, რამაც საბოლოოდ ნამდვილ დამნაშავეებამდე მიგვიყვანა. წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს.

დანაშაულის მეორე მონაწილე გიორგი ჩხეიძეზე გერმანიამ ძებნა ინტერპოლის მეშვეობით, წითელი ცირკულარით გამოაცხადა. როგორც ირკვევა, ჩხეიძე განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩეოდა და მისი დაკავება არც ისე ადვილი აღმოჩნდა, - პოლიციის ცნობით, ის ხშირად იცვლიდა ადგილსამყოფელს. ბოლოს, 2016 წლის 18 ნოემბერს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, გახმაურებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს... ქუთაისის სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს შს სამინისტროს შეფასებით, ეს სპეცოპერაცია საქართველო-გერმანიის საპოლიციო თანამშრომლობის ისტორიაში საერთაშორისო მასშტაბის, უპრეცედენტო ღონისძიება იყო.

გაგრძელება