იმ ადგილს "ჯოჯოხეთის კარიბჭეს" უწოდებენ - კვირის პალიტრა

იმ ადგილს "ჯოჯოხეთის კარიბჭეს" უწოდებენ

სამართალდამცველების განცხადებით, ისლანდიაში დაკარგული ქართველი ბიჭის ცხედრის პოვნის შანსი მინიმალურია

"მოგესალმებით საქართველოდან. მე ვარ ნიკა ბეგაძე, სეუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტი. ვარ 21 წლის და ვმუშაობ აიტი სპეციალისტად ენერგეტიკის ჯგუფში. სამხედრო სამსახური უკვე გავიარე. ვცხოვრობ საყვარელ ოჯახთან ერთად - მამასთან, დედასთან, დასთან და დისშვილთან, გიორგისთან, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. მე ის ძალიან მიყვარს და ასევე მეორე დისშვილი ანასტასიაც. ჩვენ კარგ დროს ვატარებთ ერთად..." ეს ვიდეო ნიკა ბეგაძემ საქართველოდან გამგზავრებამდე სოციალური ქსელით გაავრცელა, შემდეგ კი ისლანდიაში სასწავლებლად წავიდა... 19 ივლისს ნიკა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ისლანდიაში.

ბიჭი იმ საბედისწერო დღეს, დღის 5 საათზე, გულფოსის ჩანჩქერთან ნახეს. სავარაუდოდ, ჩანჩქერში დაიხრჩო, მაგრამ ამ დრომდე ცხედარს ვერ მიაკვლიეს. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, მან მანქანა იქირავა და სწორედ ავტომობილის პოვნის შემდეგ დაადგინეს ვინაობა. ნიკას მეგობრები ამბობენ, რომ ჩანჩქერის ახლოს, კაფესთან დამონტაჟებული კამერის კადრებში კარგად ჩანს, როგორ ჩადის ნიკა ჩანჩქერთან, უკან ამოსვლა აღარ ჩანს. მედიის ვარაუდით, ბიჭი სათევზაოდ ჩავიდა, რადგან მის მანქანასთან ნაპოვნია ანკესები, დაკარგულის გატეხილი მობილური ტელეფონი, კარავი, პასპორტი და სხვა საბუთები. გამოძიებისთვის ჯერჯერობით უცნობია, ბიჭი ჩანჩქერთან მარტო იყო თუ ვინმესთან ერთად.

სახელმწიფო სტრუქტურებმა წყალში სამძებრო სამუშაოები შეწყვიტეს, მაგრამ მისი ძებნა არ შეუწყვეტიათ მეგობრებს. ახლობლების თქმით, ნიკა ბეგაძის მეგობრებმა 40-მდე მანქანა იქირავეს და დაკარგულს ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ.

- გვიჭირს დაჯერება, რომ ნიკა ცოცხალი აღარ არის. ისლანდიაში სასწავლებლად წავიდა, მერე იქ მუშაობაც დაიწყო. ოჯახს ძალიან უხაროდა შვილის წარმატება. თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ, ძნელია, ასეთ დროს რამე სანუგეშო უთხრა მის მშობლებს. ახლა იმას ვნატრობთ, რომ ცხედარი მაინც იპოვონ, რომ ოჯახს შვილის საფლავი ჰქონდეს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, - ამბობს ბეგაძეების მეზობელი.

ახლობლების თქმით, ნიკას არ ჰყავდა მტერი, არც ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

როგორც ირკვევა, ამ ჩანჩქერს ხშირად სტუმრობენ ტურისტები, გამაფრთხილებელი ნიშნებიც არის. ამბობენ, რომ მდინარე სწრაფი, ღრმა და ყინულიანია. იმ ადგილს "ჯოჯოხეთის კარიბჭეს" უწოდებენ, ჩანჩქერის რთული რელიეფური მდგომარეობა კი ძებნას ართულებს. როგორც ამბობენ, გადავარდნის შემდეგ ცოცხლად დარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს. სამაშველო ოპერაციის დროს მაშველებმა შემაკავებელი ბადეები ჩადეს იმ ადგილებში, სადაც შეიძლებოდა ბიჭის ცხედარი გამორიყულიყო, მაგრამ უშედეგოდ.

სამართალდამცველების განცხადებით, ცხედრის პოვნის შანსი მინიმალურია. დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის თქმით, სამძებრო სამუშაოები შეჩერდა. ამის მიზეზი ის გონივრული ვადა იყო, რა პერიოდშიც შესაძლებელია ასეთ ადგილას დაკარგული ადამიანის პოვნა.

თეა ხურცილავა