"სიდედრი ელექტროშოკით გათიშა, ცოლს კი რამდენჯერმე ესროლა" - რატომ ამბობს სიკვდილს ბეწვზე გადარჩენილი ცოლი ქმრის ჩივილზე უარს?! - კვირის პალიტრა

"სიდედრი ელექტროშოკით გათიშა, ცოლს კი რამდენჯერმე ესროლა" - რატომ ამბობს სიკვდილს ბეწვზე გადარჩენილი ცოლი ქმრის ჩივილზე უარს?!

რამდენიმე დღის წინ მძიმე დანაშაული მოხდა ახალციხეში, რა დროსაც 40 წლის ა.გ.-მ ჯერ სიდედრი, გათიშა ელექტროშოკით, შემდეგ კი ტრავმატული პისტოლეტის გასროლითა და თავში ცემით 36 წლის მეუღლეს, უმძიმესი მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

მომხდარის შემდეგ დამნაშავე მიიმალა, მისი მეუღლე კი უმძიმესი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. დანაშაულში ბრალდებული სამართლადამცეველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით აღძრა.

დანაშაულის დეტალებზე ავდვოკატი ედვარდ მარიკაშვილს ვესაუბრეთ. მისი თქმით, მსხვერპლზე შემზარავი ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა:

- დაზარალებულზე მეუღლის ძალადობა თანაცხოვრების პირველივე დღეებიდანვე გრძელდებოდა, რასაც დანაშაულის მსხვერპლი თავადვე ადასტურებს… ამბობს, მასზე გათხოვება არ მინდოდა, მაგრამ მომიტაცა და იძულებული გავხდი, მასთან დავრჩენილიყავიო, რასაც გარემო თუ სოციალური პირობებით ხსნის, რაც ფაქტის სიმძიმეს, სამწუხაროდ, ვერ ცვლის. ქმარმა თანაცხოვრებიდან მალევე დაიწყო ამ ქალბატონის ცემა. მიზეზი განუწყვეტელი ეჭვიანობა იყო. ამას უყურებდა მისივე მრავალრიცხოვანი ოჯახი, სადაც დაქორწინებულები ცხოვრობდნენ.

- ამ მრავალრიცხოვანი ოჯახიდან არავინ ცდილობდა, რომ მოძალადე შეეჩერებინა, ან სამართალდამცეველებისთვის მიემართა?

- როგორც დაზარალებული ამბობს, ოჯახის წევრები, მხოლოდ სიტყვიერად აფრთხილებდნენ მის მეუღლეს, მაგრამ ის ამას არაფრად აგდებდა და არა მარტო მას... წყვილს რვა წლის გოგონა და 2 წლის ვაჟი ჰყავთ, კაცი შვილებსაც სცემდა,  როგორც მთვრალ, ასევე ფხიზელ მდგომარეობაში.

- დაზარელებულს რა აიძულებდა ეს მძიმე ყოფა აეტანა?

- როგორც თავად ამბობს, ქმარი ემუქრებოდა, - თუ პოლიციას შეატყობინებ, ყელს გამოგჭრიო და ეშინოდა. თუმცა, ბოლოს ცემა იმდენად აუტანელი გახდა, რომ მარტში ერთ-ერთი ცემისას, დაზარალებული მეუღლის სახლიდან მშობლების სახლში გაიქცა, მაგრამ ბავშვები თან ვერ წაიყვანა.

ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე კიდევ ერთი ამაზრზენი ფაქტი მოხდა, - ერთ დღეს დაზარალებულს მეუღლემ დაურეკა, -  უნდა მოვიდე და ბავშვების თაობაზე დაგელაპარაკო, გადავწყვიტოთ, ვისთან იცხოვრებენო. მაგრამ, სინამდვილეში, როცა სიდედრ-სიმარის სახლში მივიდა და დაინახა, რომ იქ ცოლის გარდა არავინ იყო, მან ცოლს სახის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა "ატვიორკა"; დაჭრილი ქალი მიატოვა და გაიქცა.

- არც ამჯერად შეატყობინა ქალმა პოლიციას ეს დანაშაული?

- შეატყობინა, თუმცა, სარჩელი მალე უკანვე გამოიტანა. განაცხადა, - ქმართან პრეტენზია არ მაქვსო.

- პოლიციამ რატომ დატოვა ეს ფაქტი რეაგირების გარეშე? მით უფრო მაშინ, როცა მსგავის ძალადობით ბოლო წლებში რამდენიმე ათეული ქალია დაღუპული...

- პირდაპირ ვიტყვი, - პოლიციამ გადაწყვიტა, თავი არ შეეწუხებინა, რაც, სამწუხაროდ, ხშირად ხდება. რაც შეეხება ამჟამინდელ კრიმინალს: მეუღლე ამჯერადაც წინასწარგანზარხვით მივიდა დაზარალებულის დასასჯელად. წინაწარგანზრახვითვე მიიტანა დანაშაულის ადგილზე ის იარაღები, რითაც დანაჩაული ჩაიდინა. მათ შორის, პისტოლეტი, ელექტროშოკის ხელსაწყო და აეროზოლი. ამჯერად დაზარალებულს დედა მიეშველა, რომელსაც სიძემ აეროზოლი მიასხა სახეში, მერე კი ელექტროშოკით გათიშა. შემდეგ გაქცეულ ცოლს რამდენჯერემე ესროლა პისტოლეტიდან, როცა ქალი წაიქცა, მივიდა და თავში პისტოლეტის ტარით ცემა დაუწყო. შემდეგ წაქცეულები მიატოვა და მიიმალა.

საბედნიეროდ, ის რამდენიმე საათში აიყვანეს; თუმცა სასამართლოზე მოვლენები, ასე ვთქვათ, უპროგნოზოდ წარიმართა: ბრალდებულის დაცვამ დამნაშავისადმი გირაოს შეფარდება მოითხოვა. რის საფუძვლადაც ის დაასახელა, რომ დაზარალებულ ქალბატონს ქმართან არავითარი პრეტენზია არ აქვს. რის საფუძვლადაც, დაზარალებულის მიერ ნოტარიულად დამტკიცებული მოწმობა წარმოადგინა.

როცა ქალს განვუმარტე, რომ შეცდომას უშვებდა, დაზარალებულმა მეც გამიმეორა, რომ ქმრის მიმართ, ნამდვილად არ აქვს პრეტენზია. თუ რატომ, არ ახსნა. სასამართლომ დაცვის მოსაზრება არ გაითვალსიწინა და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ა.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება სასჯელს, ვინაიდან დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს, ის შესაძლოა, ნაკლებად მკაცრი იყოს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)