"ნათია ცნობილი ოჯახის შვილი რომ ყოფილიყო, მისი საქმე აქამდე გამოძიებული იქნებოდა" - შავი ბიზნესი პრომოგოგონებით?! - კვირის პალიტრა

"ნათია ცნობილი ოჯახის შვილი რომ ყოფილიყო, მისი საქმე აქამდე გამოძიებული იქნებოდა" - შავი ბიზნესი პრომოგოგონებით?!

არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 800-მდე ადამიანია გაუჩინარებული

"ტრეფიკინგის და პროსტიტუციის მსხვერპლი ძირითადად ხდებიან ლუკმაპურის საძიებლად წასული ხელმოკლე ადამიანები"

"სამოდელო კარიერის ასაწყობად გოგონები მიჰყავთ ვითომ კომპანიებს, სინამდვილეში კი კერძო პირებს ისინი მონობაში ჰყავთ და პროსტიტუციას აიძულებენ. რამდენიმემ მოახერხა გამოქცევა და დახმარებისთვის მოგვმართა. ეს არის საკმაოდ სერიოზული შავი ბიზნესი"

"გვესაჭიროება სასიამოვნო გარეგნობის პრომოგოგონები ჩინეთში, პეკინში ღამის კლუბში სამუშაოდ. ანაზღაურება 3 700 დოლარი. ბილეთისა და გამგზავრების ხარჯს ჩინური კომპანია აანაზღაურებს." - ასეთ განცხადებას სოციალურ ქსელში ხშირად წააწყდებით. ერთხანს უცხოეთში პრომოგოგონების საეჭვო გასვლის გამო ატეხილი ხმაურის შემდეგ მსგავსი განცხადებები მედიასაშუალებებიდან გაქრა, ბოლო დროს კი ისევ გამოჩნდა და პასუხგაუცემელი კითხვებიც გაჩნდა - საქართველოში ვერ ნახავ ისეთ ოჯახებს, რომელთაც აზიაში, მათ შორის ჩინეთში წასული პრომოგოგონები თანხით ეხმარებიან, არადა, უცხოეთში გამგზავრების შუამავალი კომპანიები მათ საკმაოდ დიდ გასამრჯელოს ჰპირდებიან. ქართველი გოგონები წლობით იმყოფებიან ჩინეთსა თუ სხვა ქვეყნებში, მაგრამ ერთზეც ვერ იტყვი, აზიურ ქვეყნებში სამოდელო კარიერა გაიკეთაო.

მცირე ექსპერიმენტი ჩავატარე და ერთ-ერთ განცხადებაზე დავრეკე. კომპანიის მენეჯერმა მითხრა, თუ 27 წელს გადაცილებული ხარ, არ იცი ინგლისური ენა და არც სასიამოვნო გარეგნობისა ხართ, საუბარს აზრი არა აქვსო.

- 27 წელი ახლახან შემისრულდა, წელს რომ გადავიფიქრო ჩინეთში წასვლა და გაისად მოვინდომო, ვეღარ გამიშვებთ?

- სამწუხაროდ, ჩინურ კომპანიებს მკაცრად აქვთ თანამშრომლების ასაკი განსაზღვრული.

- გასაგებია. რას წარმოადგენს ეს კომპანია, რა ჰქვია, ან ჩინეთის რომელ ქალაქშია?

- კომპანიების სახელწოდებას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ მაღალხელფასიან კარგ ადგილზე იმუშავებთ!

- სად ვიმუშევებ?

- ბარებში, კაფეებში. პროდუქციას გაუკეთებთ რეკლამას. ამასთანავე, შეგეძლებათ სამოდელო გადაღებაში მიიღოთ მონაწილეობა. თქვენი ფოტოები გამოქვეყნდება რეკლამაში. კარგად გადაგიხდიან. ხომ გვაქვს მითითებული განცხადებაში, იქ რასაც უხდიან?

- გაქვთ, მაგრამ ვინაიდან უცხოეთში სამუშაოდ წასვლა გადავწყვიტე, სხვადასხვა ინფორმაცია მოვიძიე, გავეცანი აზიაში მომუშავე პრომოგოგონების პრესაში გამოქვეყნებულ წერილებს, მათი თქმით, ჩინეთში პრომოგოგონების ხელფასი 700 დოლარს არ აღემატება. თან უმრავლესობა ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება.

- პრესა ცრუობს! კარგი ცხოვრება თუ გინდათ, ყველაფერი უნდა სცადოთ. თუ გადაწყვეტთ, დამირეკეთ და გეტყვით სად უნდა მოხვიდეთ ხელშეკრულების გასაფორმებლად. თუ არა და, იყავით აქ და მოკვდით შიმშილით.

ამის მერე საუბარი შეწყვიტა. ვერ მოვასწარი მეკითხა, - როცა საქართველოში ჩინელების მოზღვავებაა, ჩინეთში რატომაა მოთხოვნილება ქართველ გოგონებზე-მეთქი. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხს უფლებადამცველი ნიკოლოზ ჩომახიშვილი იძლევა:

- ჩინეთში ე. წ. პრომოგოგონად ნამუშევარმა ადამიანმა მომმართა. დამოუკიდებელი გამოძიება ჩავატარე და მეტად სავალალო მდგომარეობა გამოიკვეთა. რასაკვირველია, არის რამდენიმე გამონაკლისი, ვისაც იქ ასე თუ ისე გაუმართლა. მაგრამ რეალურად საქმე სხვაგვარად არის, - თითქოს სამოდელო კარიერის ასაწყობად გოგონები მიჰყავთ ვითომ კომპანიებს, სინამდვილეში კი კერძო პირებს ისინი მონობაში ჰყავთ და პროსტიტუციას აიძულებენ. რამდენიმემ მოახერხა გამოქცევა და დახმარებისთვის მოგვმართა. ეს არის საკმაოდ სერიოზული შავი ბიზნესი.

"ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის" ხელმძღვანელმა, ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ კი აზიის ქვეყნებში დასაქმებულ ქართველ გოგონათა შესახებ შემზარავი ინფორმაცია უკვალოდ გაუჩინარებული 19 წლის ნათია გიორგაძის ამაო ძებნისას მიიღო და რამდენჯერმე მიმართა საზოგადოებას და სამართალდამცველებს, გოგონას მოძებნაში დახმარებოდნენ: "ხელისუფლება მსგავსი საკითხებით არ ინტერესდება. ნათია გიორგაძე 2010 წელს გავიდა შინიდან და აღარ დაბრუნებულა. მისმა ოჯახმა ის გარდაცვლილად ჩათვალა, მაგრამ 2 წლის შემდეგ ნათიას დედას შეატყობინეს, რომ მისი ქალიშვილი თურქეთის ერთ სასტუმროში ბაღდათელმა ქალბატონმა მძიმე სიტუაციაში აღმოაჩინა. ამის შემდეგ ის ქალბატონი თურქეთშივე მეტად საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ნათიას თურქეთში პირადად ვეძებდი. ხაზგასმით ვამბობ, რომ ნათია ცნობილი ოჯახის შვილი რომ ყოფილიყო, მისი საქმე აქამდე გამოძიებული იქნებოდა.

იხილეთ: ქალი, რომელმაც, სავარაუდოდ, გოგონა თურქეთში ნახა, საეჭვო ვითარებაში დაიღუპა - სად მიდის გაუჩინარებული ნათია გიორგაძის კვალი?

ამიტომაც არის, რომ ტრეფიკინგის და პროსტიტუციის მსხვერპლი ძირითადად ხდებიან ლუკმაპურის საძიებლად წასული ხელმოკლე ადამიანები. სწორედ აზიურ ქვეყნებშია გაფურჩქნილი ტრეფიკინგის ჯურღმულების საქმიანობა. თურქეთში, ნათიას ძებნისას, პირდაპირ მითხრეს, რომ სტამბოლსა და სხვა ქალაქებში მსგავს ჯურღმულებს პოლიცია არ ან ვერ ეხება. აზიურ ქვეყნებში არა მხოლოდ პროსტიტუციისთვის, ორგანოებისთვისაც გაჰყავთ გოგონები. მოთხოვნა ამა თუ იმ ორგანოზე მაშინ ჩნდება, როცა გადანერგვის მსურველი გამოჩნდება. მაგრამ მანამდე, ცხადია, დანაშაულებრივი "ფირმები" დონორებს ვერ შეინახავენ და ამიტომ მათ პროსტიტუციას აიძულებენ.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ოთხი წლის მანძილზე 389 ადამიანი გაუჩინარდა, არაოფიციალური ინფორმაციით კი მათი რიცხვი 800-მდეა. სად წავიდა ეს ხალხი?!

იხილეთ ასევე: "ჩემი გოგოს დაკარგვის შემდეგ ტაქსის მძღოლიც გაქრა" - დაკარგულები...

ეთერ ერაძე