"დანის ერთი დარტყმით რომ მოეკლა, ასე არ გავმწარდებოდი, წამებით მოკლა დედა" - კვირის პალიტრა

"დანის ერთი დარტყმით რომ მოეკლა, ასე არ გავმწარდებოდი, წამებით მოკლა დედა"

"ანი მსოფლიოში ცნობილი 80 ბალერინის სიაშია, როგორც გედის პარტიის საუკეთესო შემსრულებელი. ხატვა, კერვა, ქარგვა - ყველაფერი ეხერხება, მაგრამ მეორე უკიდურესობა ის იყო, რომ სვამდა. რომ გამოვა, არ ვიცი, რა იქნება"

ცნობილი ბალერინა ანი მურადელი ქალთა კოლონიიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი დედის განზრახ მკვლელობაში იყო ბრალდებული და ამ მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. ექსპერტიზით გაირკვა, რომ დანაშაულის ჩადენისას ანი შეურაცხადი იყო. სასამართლომ ბალერინას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნა და წელიწად-ნახევარს საავადმყოფოში გაატარებს.

ტრაგედია 20 მაისს, თბილისში დატრიალდა. ანი მურადელმა 84 წლის დედას, ლამარა მინდორაშვილს, სხეულის სხვადასხვა ადგილას დაზიანებები მიაყენა და თავში ვაზა ჩაარტყა. ამ დროს ანი მთვრალი იყო, მკვლელობის შემდეგ 24 საათი გარდაცვლილ დედასთან ერთად ბინაში გაატარა. სასამართლო პროცესი იმდენად მოულოდნელად ჩატარდა, რომ მისი კოლეგები სხდომას ვერ დაესწრნენ. მხოლოდ რამდენიმე მეგობარმა მოახერხა მისვლა. გვიან შეატყობინეს ანის დეიდასაც, სხდომა დაწყებული იყო და დარბაზში არ შეუშვეს, ამიტომ ფოიეში ელოდა ვერდიქტს.

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ანი მურადელის დეიდასთან, ესმა მინდორაშვილთან:

- ანი ჩემს დას ნაშვილები ჰყავდა. მინსკში მივლინებაში იყო და მაშინ ნახა 2 წლის ანი - პატარა, ლამაზი გოგონა, ცისფერი თვალებით. თურმე ჩემი და ბავშვთა სახლის დირექტორს დაუმეგობრდა, მას უთქვამს, დაათვალიერე ბავშვები და რომელიც მოგეწონება, წაიყვანეთო. ჩემი და მიყვებოდა, როგორც კი შევედი, ანიმ მოირბინა, ფეხზე მომეხვია და მითხრა, დედა, წამიყვანეო. 18 წლის ბელორუსი ულამაზესი გოგონას შვილი ყოფილა. თურმე გენერალმა ბაბუამ შვილიშვილს უკანონო შვილი ბავშვთა სახლში მიაყვანინა. ანის დედა ლოთი ყოფილა.

ჩემი გოგონა და ანი სულ ერთად იყვნენ. ანის წიგნის კითხვა არ უყვარდა, ჩემი და მეცნიერი იყო და ამის გამო უბრაზდებოდა, ის კი ბავშვობიდან გაიძახოდა, ბალეტი მინდაო. 6 წლის იყო, კასტინგზე რომ მივიყვანეთ. ჭაბუკიანმა შეარჩია. ანი აღნაგობით ყველა სტანდარტს პასუხობდა, ძალიან შრომისმოყვარე, დისციპლინიანი გოგო იყო. მეოთხე კურსზე თეატრში რომ წაიყვანეს, გავიხარეთ. ძალიან დიდი მიღწევები ჰქონდა, პრიმა ბალერინა გახდა, ყველა სპექტაკლში ცეკვავდა მთავარ როლს... მერე ფეხი იტკინა. ეს დიდი სტრესია. დავატარებდით ექიმთან, ყოველდღე რეაბილიტაციაზეც დამყავდა, რადგან მე უფრო მქონდა დრო, ჩემი და რამდენიმე უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. 2011 წელს ანიმ მამის სიკვდილი ძალიან განიცადა, ამას დაემატა ოჯახის დანგრევა და დაიწყო სმა. მე სულ გვერდით ვიყავი. ჩემი ერთდერთი ქალიშვილი 16 წლისა მამამისმა წაიყვანა ამერიკაში და მთლიანად ანის მოვლაზე გადავერთე.

- ამბობენ, რომ ანის დედასთან ხშირი კონფლიქტი ჰქონდა, რატომ?

- როცა მთვრალი იყო, აგრესიული ხდებოდა და ჩემს დას უმოწყალოდ სცემდა, თავს არტყმევინებდა იატაკზე, ფეხებით შესდგებოდა. გამოვიძახებდით პატრულს, ხედავდნენ დამტვრეულ ჭურჭელს, ნაცემ ქალს. ვეუბნებოდი, წაიყვანეთ, ხომ ხედავთ, ძლივს დგას ფეხზე, მთვრალია-მეთქი. სად წავიყვანოთო, მპასუხობდნენ... ნარკოლოგიურში ბევრჯერ მივიყვანე პოლიციის დახმარებით. შესანიშნავი ექიმი ჰყავდა, გვითხრა, ანის ალკოჰოლური ფსიქოზი აქვსო. ფსიქოტროპულ წამლებს უნიშნავდნენ, ბოლო 8 თვე არ გაჰკარებია სასმელს და ნორმალური სიტუაცია იყო. ბოლო 2 თვე ვიყავი მათთან. ჩემთან ვერ ბედავდა სმას, ვერც ჩხუბს. მეუბნებოდა, დეიდა, შენ ანეიტრალებ ჩვენს ურთიერთობასო.

თუ სახლიდან გასვლას დავაპირებდი, ჩემი და შეშინებული მეკითხებოდა, ხომ მალე მოხვალო? ბევრი გადაიტანა, დალურჯებული დადიოდა სამსახურში, კოლეგებთან ხან რას იგონებდა, ხან რას, მაგრამ ხვდებოდნენ, რომ პრობლემები ჰქონდა.

- ცხედარი თქვენ იპოვეთ?

- იმ დღეს სულ ვრეკავდი და, როგორც იქნა, ანიმ აიღო ყურმილი. მივხვდი, მთვრალი იყო. მოვიდეს დედაშენი ტელეფონთან-მეთქი, ნუ მაწუხებო და დაკიდა ყურმილი. მეორედაც დავრეკე, იგივე გამიმეორა. ნათესავს ვთხოვე, გამყოლოდა. ვუკაკუნებდი, დეიდა ვარ, გააღე-მეთქი, კარს ფეხებს ურტყამდა, კიოდა. მერე მეზობლები გამოვიდნენ და მითხრეს, წუხელ ღამის 2 საათზე საშინელი წივილ-კივილის ხმა გამოდიოდაო. ალბათ, შველას ითხოვდა ჩემი და... მიცვალებული ხალიჩაზე პირქვე იყო დამხობილი, წამებით მოუკლავს, მერე 24 საათი გვამთან ერთად იყო. ანი საზოგადოებისთვის საშიშია, როგორ გგონიათ, არ მიყვარს? მაგრამ ეს ჩაიდინა. დანის ერთი დარტყმით რომ მოეკლა, ასე, ალბათ, არ გავმწარდებოდი, წამებით მოკლა დედა.

ახლა ამბობენ, შეურაცხადმა მოკლაო. თუ ასეა, კარს რატომ არ გვიღებდა? ანუ აცნობიერებდა, რაც მოხდა. თავიდან აღიარა კიდეც, მაგრამ მერე ადვოკატების რჩევით თქვა, არაფერი მახსოვსო. წელიწად-ნახევარი იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს, თუ უნდათ, დღესვე გამოუშვან, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ საზოგადოებისთვის არ არის საშიში.

- განაჩენი მოულოდნელი იყო თქვენთვის?

- ამას არ ველოდი. განზრახ მკვლელობით იყო საქმე აღძრული. შემომითვალა, შემირიგდიო, უარი შევუთვალე. სასამართლო პროცესზეც არ ვიყავი, რადგან გვიან დამირეკა პროკურორმა. დაზარალებული მე ვარ და არ შემატყობინეს. გარეთ ვიცდიდი, ბორკილებით გაიყვანეს დარბაზიდან და მაშინ დამინახა. იქიდან პირდაპირ ხონში წაიყვანეს. ჩემი დისშვილია, როგორ ვებრძოლო, თორემ სხვა რომ იყოს, ამ საქმეს ასე არ დავტოვებდი, სტრასბურგში წავიდოდი და ჩემს სიმართლეს დავამტკიცებდი.

- ანის თქვენ გარდა ოჯახის წევრი არ ჰყავს, ხომ არ აპირებთ მონახულებას?

- ჯერ არა ვარ მზად, დრო რომ გავა, შეიძლება ვნახო. თუ ვერ ეწყობოდა მოხუც დედას, შეეძლო, ქირით გასულიყო. ხანდახან შეიძლება ჩემი დაც იყო დამნაშავე, მაგრამ მთავარი მიზეზი ანი იყო, რადგან ყოველ ღამე მთვრალი მოდიოდა. დედაჩემი მძიმე ქალია, მაგრამ რამე რომ მოუვიდეს, თავს მოვიკლავო, ამბობდა ანი და მჯეროდა.

როგორც მითხრეს, ანი ხონში საშინელ პირობებშია, მოინახულა თურმე ახლობელმა. 6 ადამიანთან ერAთად არის ოთახში. უთქვამს, თაგვები და ვირთხები დარბიანო. თურმე ტიროდა, ეს სად მოვხვდიო. გული მეტკინა, ეს რომ გავიგე, არ მემეტება ამისთვის. ყველაფრის მიუხედავად, ის ჩემი ანია. ახლა გაორებული ვარ, გაურკვეველ მდგომარეობაში. მოგვიანებით, ალბათ, მოვინახულებ. ანი მსოფლიოში ცნობილი 80 ბალერინის სიაშია, როგორც გედის პარტიის საუკეთესო შემსრულებელი. ხატვა, კერვა, ქარგვა - ყველაფერი ეხერხება, მაგრამ მეორე უკიდურესობა ის იყო, რომ სვამდა. რომ გამოვა, არ ვიცი, რა იქნება.

მაკა, ანის დეიდაშვილი: - სულ მასზე ვფიქრობ, მეშინია, პირიქით არ გაუუარესდეს მდგომარეობა. დედაჩემი ძალიან განიცდის. მითხრა, ანი ეცოდება ყველას, მე და დედამისი არავის ვეცოდებითო. ერთ მხარეს არის მისი და, მეორე მხარეს მისი საყვარელი დისშვილი.

მეც ვადასტურებ, რომ დეიდაჩემი ძალიან მძიმე ხასიათის ქალი იყო, მაგრამ მის ბოლო წუთებს რომ წარმოვიდგენ, გული მეკუმშება. ალბათ, როგორ ეშინოდა.

მე და ანი ერთად გავიზარდეთ, სულ ერთმანეთის გვერდით ვიყავით. დედა ანიზეც ტირის და თავის დაზეც. გაორებულია, ხან ამბობს, ანი უნდა დაისაჯოსო, მეორე წუთს, ძალიან მეცოდებაო. 80 წლის არის დედა და ამხელა პრობლემის წინაშე დადგა. კარგად ვიცნობ, ვიცი, რომ საავადმყოფოში მივა, შეიძლება იჩხუბოს, მაგრამ ვიცი, ანის გარეშე ვერ გაძლებს, თუ დასჭირდა, მოუვლის კიდეც. როცა განაჩენი გავიგე, ცოტა გულზე მომეშვა, რადგან ციხეში არ გაუშვეს, პირიქით, უმკურნალებენ. ღმერთმა ქნას, მისი ფსიქიკური მდგომარეობა გამოსწორდეს.

თეა ხურცილავა