"მიცვალებულების ძვლები აქეთ-იქით იყო მიმოფანტული"
07-08-2017
"მიცვალებულების ძვლები აქეთ-იქით იყო მიმოფანტული"
"დემურის დედას ალბათ ორი კაპიკი მისცეს და ამიტომ შეიცვალა პოზიცია"

2016 წლის 8 აგვისტოს სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ თავი მოიკლა. ახალგაზრდამ წერილი დატოვა და გადაწყვეტილების მიზეზად რაიონული პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის ზეწოლა დაასახელა. მოქალაქის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით პოლიციამ გოდერძი თევზაძე დააკავა, მაგრამ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა.

რამდენიმე დღის წინ დემურ სტურუას ცხედარი დედამ, ნონა ჯოჯუამ, საფლავიდან ამოთხარა. მისი თქმით, ეს იმიტომ გააკეთა,­ რომ რძალმა,
დარიკო ჯაშმა შვილის საფლავზე მისვლა აუკრძალა. დემურის დედა გოდერძი თევზაძის გამ­ართლების შემდეგ­ აცხადებდა, რომ დამნაშავე სხვა იყო... დემურის ბიცოლა­ კი რძალს შვილის მკვლელის გამართლების სანაცვლოდ ფულის აღებაში ადანაშაულებდა.

დარიკო ჯაში, დემურ სტურუას ბიცოლა: -
დემური და მისი ძმა მამისა და ბებია-ბაბუის გვერდით იყვნენ დასაფლავებული. ნონა
ღამით ასულა, შვილები ამოუთხრია და დაფნარში გადაუსვენებია. როდესაც ეს ამბავი შემატყობ­ინეს, ავედით სასაფლაოზე და რა ვნახეთ! მიცვალებულების ძვლები აქეთ-იქით იყო მიმო­ფანტული, ვისი ძვალი სად ეგდო, ვერ გაიგებდი. იმავე დღეს მივმართე პოლიციას, მაგრამ ამაოდ.

- ნონა ჯოჯუას მართლა აუკრძალეთ შვილის საფლავზე მისვლა?

- რაც უნდა, ის თქვას, ღმერთმა იცის სიმ­ართლე. მისი პირვ­ელი შვილიც იქ არის დამარხული - ავტოავა­რიით­ დაიღუპა. დემურთან ერთად ისიც ამოუთხრია.
ნონა დაფნარში სხვის სახლში­ ცხოვრობს და იქიდან რომ გამოაგდონ, კიდევ უნდა ამოთხაროს შვილები, ასე ქუჩა­-ქუჩა ატაროს და მათი ძვლები გზადაგზა ფანტოს?
ნონას ორი ბავშვი თბილისში ჰყავს. საყვარელმა დედობა ჩამოართვა, შვილები წაართვა და თბილისში წაიყვანა. ღმერთმა გაახაროს, გადაარჩინა ბავშვები.

- ნონა ჯოჯუა დემურის თვითმკვლელო­ბამდე­ მიყვანაში გოდერძი­ თევზაძეს სდებდა ბრალს, მერე განაცხადა, უდანაშაულოა. რატომ?

- დემურს წერილში გოდერძი თევზაძის გარდა სხვა გვარ-სახელი არ უხსენებია.­ ნონას, ალბათ, ორი კაპიკი მისცეს და ამიტომ შეიცვალა პოზიცია. დემურიკო ტყუილს არ დაწერდა. თევზაძეებმა ბევრი ფული დახარჯეს, დამნაშავე რომ გამართლებულიყო, ექსპერტიზის ისეთი დასკვნები დადეს, როგორიც სჭირდებოდათ. ახლა ამ მკვლელ თევზაძეს სამსახურში აღდგენასა და კომპენსაციის გადახდას უპირებენ.
ამ ქალმა ნეტავ,­ თუ იცის, სად არის მისი პატარა ბიჭი, დათო? ჩემს მულთან იზრდება, ის ზრუნავს მასზე, დედა არც კითხულობს. პოლიციაში რომ მივედი და ვთქვი, სასაფლაოზე ძვლები ყრია-მეთქი, მითხრეს, ნონამ თქვა, ეგ ჩემი შვილის ძვლებია, სიჩქარეში დამიცვივდა, აკრეფა ვერ მოვასწარიო...
მე ვინც მიყვარდა და ჩემი გაზრდილი იყო, ის მკვდარია, დანარჩენი არ მაინტერესებს.

P.S. ვეცადეთ, დემურ სტურუას დედას დავკავშირებოდით, მაგრამ ნონა ჯოჯუამ ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

ნანა ფიცხელაური

რედაქტორის რჩევით