"ოთხი შვილის დედა ქმარმა იმ დროს მოკლა, როცა შვილებიც სახლში იყვნენ და ოჯახის სხვა წევრებიც" - კვირის პალიტრა

"ოთხი შვილის დედა ქმარმა იმ დროს მოკლა, როცა შვილებიც სახლში იყვნენ და ოჯახის სხვა წევრებიც"

"უბედურებაა ისიც, რომ გარდაცვლილის დაკრძალვა ოჯახის უფროსებმა არ ისურვეს. მიცვალებულს დედ-მამაც აღარ ჰყავდა, რომ მათ მაინც ეგლოვათ, ამიტომ, ბიძაშვილებმა წაასვენეს თავიანთ სოფელში, გააპატიოსნეს და დაკრძალეს"

ტრაგედია დატრიალდა ყაზბეგის პატარა სოფელ გარბანში, სადაც ადგილობრივმა მკვიდრმა 48 წლის ვ.ხ-მ მეუღლე მოკლა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამრთლის 108-ე მუხლის 11-ე პრიმა ნაწილით არის აღძრული, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხობს. დამნაშავე პოლიციას მკვლელობიდან მალევე ჩაბარდა, ტრაგედიის შედეგად კი ოთხი ობოლი დარჩა, რომელთაგან უმცროსი 8 წლის არის.

სოფელში მომხდარის მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ, ერთ-ერთი ვერსიით, ქმარს ეჭვი ჰქონდა, რომ ცოლი მეუღლის ბიძაშვილთან ღალატობდა, ცეცხლზე ნავთს კი ნათესავები ასხავდნენ.

სოფლის მკვიდრი, ვინც ჩვენთან საუბრობს, ამბობს, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა და რომ მომხდარ ტრაგედიაში საზოგადოებაცაა დამნაშავე.

- ოჯახი დაახლოებით 22 წლის წინ სიყვარულით შექმნეს, ქალი ჩვენი მეზობელი სოფლიდან იყო. ქმარი ცოლზე უფროსი იყო, ფაქტობრივად, ბავშვი, - 16 წლის გოგონა მოიყვანა ცოლად, მაგრამ შვილები ერთიმეორის მიყოლებით გაუჩნდათ. სამი გოგონას შემდეგ ვაჟს ნატრობდნენ და 8 წლის წინ ნანატრი ბიჭიც გაუჩნდათ. წესით, ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ. თითქოს ასეც იყო. ქმარი მუშა კაცი იყო, შვილებს ზრუნვას არ აკლებდა, წლების განმავლობაში თბილისში სარემონტო მანქანები დაჰყავდა ევაკუატორით, ცოლიც მუშაობდა - ყაზბეგში ყველაზე ცნობილ სასტუმროში დიასახლისად, ბავშვებს არაფერს აკლებდნენ…

- რა გახდა ამ საშინელი დანაშაულის მიზეზი?

- რა მოხდა დანამდვილებით გამოძიებამ უნდა თქვას, თუმცა ხალხი ლაპარაკობს, რომ კაცი გამუდმებით ეჭვიანობდა. ვიდრე ეს ტრაგედია მოხდებოდა, მან ცოლს სასტუმროში მუშაობისთვის თავი დაანებებინა. ქალიც დამორჩილდა და სახლში დაჯდა, ან სხვა რა გზა ჰქონდა, მაგრამ… შემდეგ, ცხადია ერთმანეთში უკმაყოფილება ჰქონდათ...

- თუ ასეთი მძიმე სიტუაცია იყო, რატომ არ გაშორდნენ ერთმანეთს, გარდაცვლილს ნუთუ მრჩეველი არავინ ჰყავდა?

- ამ საქმეში სხვა ვინმე რომ ჩარეულიყო, ამ შემთხვევაშიც ქალს კარგი არაფერი დაემართებოდა... როგორც ჩანს, ქმარს ვიღაც ახელებდა კიდეც, ამბები მიჰქონდათ... სიკვდილიც არის და სიკვდილიც, ქმარმა დღისით, მზისით მოკლა, როცა შვილებიც სახლში იყვნენ და ოჯახის სხვა წევრებიც.

- როგორ მოხდა, რომ ქალს ოჯახში არავინ მიეშველა, მით უფრო, როგორც ამბობთ, დედამთილ-მამამთილიც შინ ჰყოლია და შვილებიც.

- ამბობენ, რომ ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, ვერავინ მოვიდა გონზე, დანას მოულოდნელად დაავლო ხელი და ცოლს რამდენჯერმე დაარტყა, მათ შორის ყელშიც. მერე დანა მიაგდო და გაიქცა. კივილზე მეზობლები მისცვივდნენ, მაგრამ ვინ რას უშველიდა, ქალი სისხლში ცურავდა, ფაქტობრივად, უკვე გარდაცვლილი იყო.… რაც შეეხება ქმარს, პოლიციას მალევე ჩაბარდა...

უბედურებაა ისიც, რომ გარდაცვლილის დაკრძალვა ოჯახის უფროსებმა არ ისურვეს. მიცვალებულს დედ-მამაც აღარ ჰყავდა, რომ მათ მაინც ეგლოვათ, ამიტომ, ბიძაშვილებმა წაასვენეს თავიანთ სოფელში, გააპატიოსნეს და დაკრძალეს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)