"შეიძლება ვიღაცასთან კონფლიქტი ჰქონოდა" - ბათუმში გარდაცვლილებიდან ერთ-ერთს, სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი - კვირის პალიტრა

"შეიძლება ვიღაცასთან კონფლიქტი ჰქონოდა" - ბათუმში გარდაცვლილებიდან ერთ-ერთს, სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს. ისინი ბათუმში თბილისიდან, დასასვენებლად იმყოფებოდნენ. ოჯახი მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც ახლობლები ბათუმში ჩავიდნენ და ახალგაზრდები საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.

გარდაცვლილთა ცხედრები რამდენიმე წუთის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.

არსებული ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა მამაკაციდან ერთ-ერთის ცხედარს ძალადობის და წამების კვალი აღენიშნება.

როგორც ხიმშიაშვილის ქუჩაზე, შემთხვევის ადგილზე შეკრებილთა ნაწილი პირად საუბრებში აცხადებს, ერთ-ერთ გარდაცვლილს, სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი. ასევე, დაზიანებები აღენიშნება ორივე თვალის არეში.

გარდაცვლილი ახალგაზრდების მეგობარი, გიგა გელხვიიძე არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთს "ვიღაცასთან კონფლიქტი ჰქონოდა". როგორც გელხვიიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორივე მეგობარი ოთხი დღის წინ ნახა, როდესაც ისინი ბათუმში ჩავიდნენ.

"ისინი ზუსტად ოთხი დღის წინ ვნახე ბათუმში. საღამოს კაფეში ვიმყოფებოდით და შემდეგ გავისეირნეთ. დაგეგმილი გვქონდა შეხვედრა, თუმცა ფიზიკურად ვერ მოვახერხე. მეგობრებმა მითხრეს, რომ გიორგის შეიძლება ვიღაცასთან კონფლიქტი ჰქონოდა, თუმცა ვისთან, ვერ გეტყვით. იმ დღეს ჩვენთან ერთად ორი ადამიანი იმყოფებოდა. მეგობრებს კიდევ ელოდებოდნენ, უნდა ჩამოსულიყვნენ. ბინა ერთი თვით ჰქონდათ აღებული", - განაცხადა გიგა გელხვიიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შეიძლება შემთხვევა გარდაცვლილთა სექსუალურ ორიენტაციას უკავშირდებოდეს, ახალგაზრდების მეგობრის თქმით, "ეს არ გაუკვირდება".

"არ გამიკვირდება იმიტომ, რომ დღესდღეობით საქართველოში ორიენტაციასთან დაკავშირებით პრობლემები ძალიან ხშირად ხდება. ეს არ იქნება პირველი ფაქტი, თუ კი დადასტურდება რაიმე მსგავსი",- აღნიშნა გარდაცვლილების მეგობარმა.

იხილეთ ასევე: "ერთ-ერთს მამა ტელეფონზე 4 დღე ვერ უკავშირდებოდა" - ახალი დეტალები ბათუმში ნაპოვნ გარდაცვლილ ახალგაზრდებზე

"ინტერპრესნიუსი"