"მე გარდავიცვალე" - წინათგრძნობა თუ მოსალოდნელი საფრთხის შიში?! - რას ყვებიან ბათუმში გარდაცვლილი ახალგზარდების მეგობრები? - კვირის პალიტრა

"მე გარდავიცვალე" - წინათგრძნობა თუ მოსალოდნელი საფრთხის შიში?! - რას ყვებიან ბათუმში გარდაცვლილი ახალგზარდების მეგობრები?

8 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე მომღერალი გიორგი ხაჭაპურიძე და მისი მეგობარი, მოდელი ზვიო სალთხუციშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ბიჭები თბილისიდან ბათუმში დასასვენებლად წავიდნენ და 3 აგვისტოს ხოზრევანიძეების ბინა იქირავეს.

5 აგვისტოს შემდეგ ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებოდნენ და ამიტომ შეშფოთდნენ. ჯერ შეეცადნენ მათი მეგობრებისგან გაეგოთ ბიჭების ადგილსამყოფელი, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ზვიო სალთხუციშვილის "ფეისბუკის" გვერდზე 5 აგვისტოს, დღის 5 საათზე გაზიარებული ვიდეო ნახეს, იგი ნაქირავებ ბინაში პოზირებდა, მუსიკას უსმენდა და მეგობრებს წერდა, რომ თვის ბოლომდე ზღვაზე დასვენებას აპირებდა, ამ კადრებში ბინის ხედებიც ჩანდა. სწორედ ეს ვიდეო დაეხმარა ოჯახის წევრებს მიეგნოთ მათი ნაქირავები ბინისთვის.

მშობლები 8 აგვისტოს ჩავიდნენ ბათუმში და ფოტოთი იპოვეს ბინა, მაგრამ ბინის კარი არავინ გაუღო, შემდეგ ოჯახის დიასახლისმა გახსნა ბინა, შევიდა და საშინელი სურათი დახვდა, ოთახში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იყო. (ვიდეო)

თავდაპირველად ითქვა, რომ ბიჭებს ძალადობის კვალი ეტყობოდათ და ისინი ნაწამები იყვნენ, მაგრამ ამას ძალოვან სტრუქტურაში არ ადასტურებენ. კრიმინალისტები კარგა ხანს მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე და შემდეგ ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. ახლა ყველა ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია. გახმაურდა ექსპერტიზის პირველადი შედეგიც, ამბობენ, რომ ერთ-ერთ გარდაცვლილს ნარკოტიკი აღმოაჩნდა ორგანიზმში და გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკებით ინტოქსიკაციაა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდებმა ე.წ. ბიო მოიხმარეს. (იხილეთ)

თუმცა ამას მათი მეგობრები კატეგორიულად არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ ბიჭები ნარკოტიკის მომხმარებლები არ იყვნენ.

მეგობრები ერთ-ერთ ვერსიად მკვლელობას განიხილავენ. თუმცა ვის და რატომ უნდა მოეკლა ისინი? -  ამაზე პასუხს სამართალდამცავებისგან ელიან.

თავად ძალოვნებმა მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცნობილია ერთი გარემოება, მომღერალი გიორგი ხაჭაპურიძე, გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ შანტაჟზე წერდა: "ალოო ალოო, ქალაქის პროკურატურაა? ზუსტად ერთი თვე გადის რაც ჩემი შანტაჟისთვის პიროვნებაზე გამოძიება გაქვთ დაწყებული. მიუხედავად იმისა, ყველა შანტაჟის წყარო გაქვთ, მის ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოფოტო მასალა თავის შეტყობინებებით. ჩემი მაშანტაჟებელი ჯერ კიდევ თავისუფალია, ანუ ეკა ბესელია უნდა ვიყო რომ კანონი ჩემთვისაც კანონობდეს? თქვენ მე შემეწირებით, თავს შეგაკლავთ .... თქვენ ჩემით გაქვთ ხელფასები და ვალდებული ხართ დაიცვათ თქვენი თითეული მოქალაქე უკანონობისაგან....ხვალ მოგიწევთ ჩემი ატანა თქვენ თუ არ გამოგაჭენოთ ევროპის მაშტაბით სამარცხვინოდ... კანონი მე ვერ მიცავს უმოქმედებო და უნამუსოებო ნარკომანებო გაგატაროთ პარში დამაცადეთ ხვალ თქვენთან ვარ".

ვისთან ჰქონდა მას კონკრეტულად კონფლიქტი და რატომ, ამაზე მისი მეგობრები არაფერს ამბობენ, თუმცა ცნობილია რომ პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო და ის დაზარალებულად სცნო კიდეც. თავად პროკურატურაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

უცნობია გამოძიება მუშაობს თუ არა საერთოდ ამ კუთხით და დაკითხა თუ არა ის ადამიანი, ვისთანაც პრობლემები ჰქონდა გიორგი ხაჭაპურიძეს.

ბოლოს, როგორც ჩანს, სამართალდამცავების ქმედებით კმაყოფილი იყო გიორგი ხაჭაპურიძე 26 ივლისს იგი სოციალური ქსელით უხდიდა მადლობას ძალოვან სტრუქტურებს. "მტერზე გამარჯვება, უღრმესი მადლობა შსს და პროკურატურას", - წერდა იგი. მისი მეგობრები ამბობენ, რომ დღემდე პროკურატურაშია ხაჭაპურიძის მობილურის ნომერი და ტელეფონი, რადგან გამოძიება ჯერ ისევ არ იყო დასრულებული. არის თუ არა მომხდარ ფაქტსა და ამ საქმეს შორის რაიმე კავშირი, იმედია, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.

მეგობრები ბიჭებს დადებითად ახასიათებენ და მათ გეგმებზე ლაპარაკობენ. ბათუმში წასვლის წინა დღეს "იუთუბზე" ხაჭაპურიძემ ატვირთა სიმღერა, სათაურით: "მე გარდავიცვალე", სიმღერის დასაწერად თურმე ჟურნალისტ თეა ჩეჩელაშვილის ლექსმა უბიძგა.

თეა ჩეჩელაშვილი:

- სიმღერას თავდაპირველად ერქვა: "ნუღარ მეძახით" და გადაუკეთებია... "მე გარდავიცვალე" -  ამ სათაურით ატვირთა, არ ვიცი, ეს რატომ გააკეთა...არ ვიცი, ჰქონდა თუ არა რაიმე წინათგრძნობა, ჩემთვის არაფერი უთქვამს... გიორგი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, ზვიო არასოდეს მინახავს, თუმცა ვიცოდი, რომ გიორგისთან მეგობრობდა. გიო საუკეთესო ადამიანი, კარგი მეგობარი, ნიჭიერი ახალგაზრდა იყო. დიდი გეგმები ჰქონდა, დასანანია ამხელა ტრაგედია რომ დატრიალდა.  დად მთვლიდა, ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდით. ერთ დღეს ჩემი ლექსი მოისმინა, რომელიც ჩემს სასიყვარულო ურთიერთობას ეხებოდა. ვუთხარი, ვისაც დავუწერე... მეორე დღეს დამირეკა, მთელი ღამე ვფიქრობდი. ისეთი კარგი ლექსია, ამას კარგი სიმღერა მოუხდებაო. ის კომპოზიცია მან მოიგონა, მუსიკა და ლექსიც მისი დაწერილია, რასაც თვითონ მღერის. კლიპის გაკეთებასაც აპირებდა, რამდენიმე შოუში იყო შეთავაზება, რომ პრემიერა ყოფილიყო, მაგრამ შეთავაზებული პირობები არ მოეწონა. პრეზენტაცია ვერ გავაკეთეთ, მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა.

ბათუმში დასასვენებლად რომ მიდიოდა, წინა დღეს, 2 აგვისტოს დამირეკა და მითხრა, ეს სიმღერა "იუთუბზე" უნდა ავტვირთო, შენს გარეშე ვერ დავდებ, შენი ფოტო უნდა გამოვიყენოოო, - რა თქმა უნდა, დავთანხმდი, - მითხრა, მადლობა, თეკო, მეგობრობისთვის, გელოდები ბათუმში, სადაც ბინა ვიქირავეო. მეც ვაპირებდი ჩასვლას, მელოდებოდა.

ძალიან "ტუსოვშიკი" იყო და მეგობრებთან ერთად ხშირად ვიყავით ერთად. 5 აგვისტოს ჩემს პროდიუსერ გიგა გელხვიძესთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, მინაწერიც გავუკეთე უჩემოდ ხართ-მეთქი, - მას მერე გაქრა...

შოკში ვარ, ძალიან წარმატებული სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა იყო. ბევრი გეგმა ჰქონდა. ხშირად აზერბაიჯანში იწვევდნენ და იქ მღეროდა კორპორატიულ მიღებებზე, კონცერტებს მართავდა.

- კონფლიქტური იყო?

- ფიცხი იყო, სიმართლის თქმა უყვარდა და ამის გამო პრობლემები ექმნებოდა, კონფლიქტი რომ ჰქონდა ვიღაცასთან მაისში, ვიცი, მაგრამ დეტალებზე არაფერი უთქვამს... 2 აგვისტოს რომ დამირეკა მითხრა, პოლიციას აქვს ისევ ჩემი ტელეფონიო და როგორც ვიცი, დაზარალებულადაც სცნეს, სხვა დეტალები ნამდვილად არ ვიცი.

გიოს ცოლი არ ჰყავდა. ჰყავს მშობლები და ორი და, რომლებიც სიგიჟემდე უყვარდა. რუსთავში ცხოვრობდა, წარმოშობით სამეგრელოდან იყო და იქაურობა ძალიან უყვარდა. ამბობდა პრობლემური ბავშვობა მქონდა, ფინანსური პრობლემები და 12 წლის ასაკში წამოვედი რაიონიდან და ცხოვრება ნელ-ნელა ავიწყვეო. მიმტანად დავიწყე მუშაობა და მერე წინ წინ წავედი, ფეხზე დავდექიო.

არ მჯერ,ა რომ გიორგი ნარკოტიკით გარადაიცვალა, ნარკოტიკთან არანაირი შეხება არ ჰქონია, სასმელსაც კი იშვიათად სვამდა.

ცხედრები პროზექტურიდან სახლებში გადასვენეს. გიორგი რუსთავში, ზვიო თბილისში. როგორც მეგობრები ამბობენ, ზვიო სალთხუციშვილი საქართველოდან წასვლას გეგმავდა და მას უცხოეთში სურდა სამოდელო კარიერის გაგრძელება.

"მშობლების ინიციატივა იყო მოდელობა რომ დამეწყო და მეც მომეწონა ეს იდეა. ფოტოები მქონდა განსხვავებული, სოციალური ქსელით დამიკავშირდნენ, გავიარე ქასთინგები და ასე მოვხვდი ამ  სფეროში", - ამბობდა ერთ-ერთ გადაცემაში ზვიო სალთხუციშვილი.

მომხდარზე სოციალურ ქსელში ბევრს წერენ.

"ნარკოტიკები არა, კვახი! ზვიადი ჩემ თვალწინ გაიზარდა. ჩემი ძმისშვილის კლასელია, ვიცნობ კარგად. აი, გიო კი, ჩემი ყოფილი თანამშრომლის და უკვე მეგობრის, ლია ბაღათურიას შვილია - უსაყვარლესი ბიჭი… ვიცნობდი ამათ და ვიცი, ნარკოტიკების მომხმარებელი არცერთი იყო. ახლა რასაც უნდათ, იმას იტყვიან, უგულო, უსულო, ცივსისხლიანი ხალხი… ჭორიკნები! ხალხო, ის თქვით, რომ კიდევ ორ დედას მოუკლეს სიმწრით ნაზარდი შვილი. კიდევ ორი დედა იცვამს შავს! განა ისე გულგრილად სათქმელია, დედას შვილი რომ უკვდება? მკვლელებო! მშობლები თუ არ ხართ, ხომ ოდესმე გახდებით და ამაზე არასდროს გიფიქრიათ"?! - წერს "ფეისბუკში" ბიჭების ერთ-ერთი ნაცნობი...

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)