დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის დაღუპვის საქმეზე სამ პოლიციელს ბრალი წარედგინა - კვირის პალიტრა

დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის დაღუპვის საქმეზე სამ პოლიციელს ბრალი წარედგინა

2017 წლის 17 მაისს გამთენიისას გორის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანას გორის გვირაბთან პოლიციელებმა გზა ტრაილერით ჩაუხერგეს. მძღოლი ტრაილერს შეასკდა და გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე, შსს-მ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.

დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ბექა ხახუბიას საქმეზე, საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს სამ თანამშრომელს ბრალი წარუდგინა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 116-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: "ნასვამ შვილს სასიკვდილოდ, აბა, რომელი ოჯახი გაუშვებს?!" - პარლამენტარის ვაჟი საპატრულო პოლიციის დევნისას დაიღუპა?!