ნონსენსი - ძებნილი, რომელიც დააკავეს, მაგრამ თავისუფალია(?!) - კვირის პალიტრა

ნონსენსი - ძებნილი, რომელიც დააკავეს, მაგრამ თავისუფალია(?!)

ჩვენი სამართლებრივი სისტემის ერთ დიდ ნონსენსზე გიამბობთ. ამჯერად საქმე წითელი ცირკულარით ძებნილებისა და მათი ძებნის ქართულ ვარიანტს ეხება.

საზოგადოებას კარგად ახსოვს წითელი ცირკულარით ძებნილი  შევარდნაძის მთავრობის წევრის, ყოფილი პრეზიდენტის მრჩევლის, თემურ ბასილიას ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავების ამბავი.

როგორც მთავარმა პროკურატურამ გვამცნო, რამდენიმე თვის წინ ბასილია ამერიკის საემიგრაციო სამსახურმა დააკავა საემიგრაციო წესების დარღვევის ბრალდებით. ამ ამბავს არაერთი ხმაურიანი სიუჟეტი მიუძღვნეს სახელისუფლებო არხებმა და ბასილიას საქართველოში ჩამოყვანასა და ჯეროვნად დასჯასაც დაგვპირდნენ.

ამ ამბავში უცნაური ის იყო, რომ მთავარი პროკურატურა თემურ ბასილიას ექსტრადიციაზე კი არა, დეპორტაციაზე (წითელი ცირკულარით ძებნილ პირებს ექსტრადიცია ეკუთვნით) ლაპარაკობდა. მაშინ ვერაფრით ავხსენი, ამერიკელებს წითელი ცირკულარით ძებნილი ბასილია საემიგრაციო წესების რიგით დამრღვევად როგორ უნდა გაესაღებინათ და  ექსტრადიციის ნაცვლად დეპორტაცია გაეფორმებინათ. როცა "კვირის პალიტრის" ფურცლებზე სტატია გამოქვეყნდა, სადაც ეს კითხვა გვქონდა დასმული, გაზეთის ინტერნეტგვერდზე მკითხველები გამოგვეხმაურნენ და ეჭვი გამოთქვეს, რომ ამის მიზეზი თემურ ბასილიასთვის ფულის "შეწერა" გახლდათ.

"დიდი სენსაციაა ვითომ? წაართმევენ ფულს და გაუშვებენ", - სიმართლე გითხრათ, ეს აზრი ჩემდა უნებურად მეც დამებადა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ფაქტორი მეჩვენებოდა დამაბრკოლებლად, მეგონა, წითელი ცირკულარით ძებნილ პირთან გარიგებას ვერ მოახერხებდნენ. მაგრამ მოახერხეს და მერე როგორ! "კვირის პალიტრამ" გაარკვია, რომ წითელი ცირკულარით ძებნილი "საშიში დამნაშავე" დაკავებიდან ორიოდე დღეში გაათავისუფლეს(?!).

როგორც ჩანს, მართლები იყვნენ ჩვენი მკითხველები, როცა ამტკიცებდნენ, თემურ ბასილიას ჩვენი სახელმწიფო წითელი ცირკულარით მხოლოდ საზოგადოების თვალის ასახვევად და ბასილიასთვის ფულების ასახევად ეძებსო. რაღა ბევრი გავაგრძელო და პროკურატურას მივმართე, როგორ მოხდა, რომ წითელი ცირკულარით ძებნილი, ამერიკაში დაკავებული პირი გაათავისუფლეს-მეთქი და მეტად უცნაური პასუხი მივიღეთ: საქმე ბასილიას დეპორტაციას ეხებოდა და არა ექსტრადიციას და ეტყობა, ამერიკულმა მხარემ დეპორტაცია აღარ გაუკეთაო(!).

ამ პასუხით გაოგნებულმა მორიგი შეკითხვით მივმართე პროკურატურას: როგორ, წითელი ცირკულარით ეძებს კაცს სახელმწიფო და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მისი გადმოცემის მოთხოვნა არ გაგიგზავნიათ-მეთქი? პასუხი ვერ მივიღეთ, სამაგიეროდ, ინტერპოლისკენ მიგვითითეს, ბასილია ინტერპოლით იყო ძებნილი და მათ მიმართეთო(?!). შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური კი ამ საკითხის შესწავლას დაგვპირდა და მას შემდეგ საერთოდ აღარ გაეკარა ტელეფონს.

მოგეხსენებათ, წითელი ცირკულარით ეძებენ განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს. ამ ცირკულარის მინიჭება იმას ნიშნავს, რომ  ძებნილი, სადაც უნდა დააკავონ, სასწრაფო შეტყობინება მძებნელ მხარეს უნდა გაუგზავნონ. ამის შემდეგ მძებნელი მხარე გზავნის საპასუხო შეტყობინებას და ძებნილის ექსტრადიციას ითხოვს.

თემურ ბასილია რევოლუციის შემდგომ გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.

დაპატიმრებებს შეჩვეული ქართველი საზოგადოება გენერალური პროკურატურის შენობაში შესული ბასილიას უკან დაბრუნებას აღარ ელოდა, მაგრამ ბასილიამ რამდენიმე საათში დააღწია თავი პროკურატურას და განაცხადა, არავითარი ბრალდება, მეგობართან ვიყავი სტუმრადო. როგორც ჩანს, "მეგობართან სტუმრობა" იმდენად ძვირი დაუჯდა, რომ იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა, გენერალურ პროკურატურაში კი მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თემურ ბასილიას ბრალი ჯერ თაღლითობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დასდეს, მოგვიანებით კი ბრალი ქრთამის აღებით დაუმძიმეს.

შევარდნაძის ყოფილ მრჩეველს 30-მდე ეპიზოდი "ამოუქექეს", მაგრამ ვერც ერთი ვერ დაუმტკიცეს  და საბოლოოდ  ცხრაწლიანი პატიმრობა "ინტელექტბანკიდან" აღებული ოფიციალური კრედიტის გამო მიუსაჯეს, ოღონდ დაუსწრებლად.

შალვა შავგულიძე, ადვოკატი: - ჩემთვის თემურ ბასილიას დაკავების ამბავი ტელევიზიით გახდა ცნობილი. ჩემი ყურით, თანაც ორჯერ მოვისმინე საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლის ოფიციალური განცხადება, რომ უახლოეს მომავალში თემურ ბასილიას გადმოცემაზე მოთხოვნა გაიგზავნებოდა. თემურ ბასილია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ერთადერთი პირია, რომელთანაც პირდაპირი კონტაქტი არა მაქვს. ამიტომ მისი ოჯახის წევრებს დავუკავშირდი თბილისში. გაირკვა, რომ ოჯახის წევრებისათვის უცნობი იყო მისი დაკავების ამბავი.

- თემურ ბასილია არ დაუკავებიათ?

- თუ პროკურატურას დავუჯერებთ, დაკავებული იყო საემიგრაციო წესების დარღვევისათვის, არადა ოჯახის წევრებმა მითხრეს,  ასეთი რამ რომ მომხდარიყო, აუცილებლად გვაცნობებდნენო.

საინტერესოა, თუ არ დაუკავებიათ, მაშ რას ისახავდა მიზნად ამ  ინფორმაციის გავრცელება და თუკი მართლაც დააკავეს, ბასილია თავისუფალი როგორღაა? ამერიკაში ექსტრადიციის საკითხს მეორე სახელმწიფოს ოფიციალური მოთხოვნის შემდეგ სასამართლო ან იუსტიციის სამინისტრო განიხილავს. ვიცი, რომ თემურ ბასილიას ექსტრადიციის საკითხზე  განხილვა ან რაიმე პროცესი არ შემდგარა.

- მაშ, წითელი ცირკულარით ძებნილი საერთაშორისო დამნაშავე ამერიკელებმა როგორღა გაუშვეს ციხიდან?

- ვერ გეტყვით, რა მოხდა. ფაქტია, თემურ ბასილია თავისუფალია.

- ბასილია საემიგრაციო წესების დარღვევისთვის დააკავეს და შეიძლება, მისი წითელი ცირკულარით ძებნილობის ამბავი არც იცოდნენ?..

- გამორიცხულია. ინტერპოლით ძებნილობის განცხადება მსოფლიოს მასშტაბით ყველა შესაბამის სტრუქტურაში ვრცელდება. როცა ქვეყნის მთავარი პროკურატურა ოფიციალურად აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულია  წითელი ცირკულარით ძებნილი პირი და მერე ამას შედეგი არ მოჰყვება, ბუნებრივია, ძალზე ბევრი კითხვა იბადება. თანაც მაშინ  მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ამერიკულ მხარეს ბასილიას ექსტრადიციის მოთხოვნას გაუგზავნიდნენ.

- შესაძლებელია თუ არა ამერიკელებს  ქართული მხარის გარეშე გაეთავისუფლებინათ ბასილია?

- თუ ქვეყანა, რომლის ძებნილიც ამერიკას ჰყავდა დაკავებული, არ მოახდენს რეაგირებას და არ გაგზავნის ექსტრადიციის მოთხოვნას, ძალით  ხომ არ გადმოსცემდნენ? დაარეგულირებენ იმ დარღვევას, რის გამოც ჰყავდათ დაკავებული და ამით მორჩება საქმე.

- როგორ ფიქრობთ, "ქართული გარიგება" ხომ არ დაიდო ჩვენს ხელისუფლებასა და ბასილიას შორის?

- მხოლოდ ერთი ვიცი, რომ საპროცესო შეთანხმება არ შემდგარა და სხვა არაოფიციალურ შეთანხმებაზე, ბუნებრივია, ვერაფერს ვიტყვი.

სასამართლომ  თემურ ბასილიას ჯერ კიდევ 2005 წლის ნოემბერში დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. მან საქართველო 2004 წლის ივლისში დატოვა და ყაზახეთში პროგრამა "მილენიუმის" ხელმძღვანელი გახდა.

მალე ბასილიას ძებნა გამოცხადდა, თანაც საინტერესო ის არის, რომ ბასილია მოსაძებნი იმ დროისთვის (ხუთი წელია, ამერიკაში ცხოვრობს და ჩირგვებში სულაც არ ჩამჯდარა) ნამდვილად არ იყო, რადგან ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან. თემურ ბასილიას ძებნა წითელი ცირკულარით რომ ფარსია, ეჭვი აღარავის ეპარება. საინტერესო ის არის, რით იმართლებს თავს სახელმწიფო?

კანონი ობობას ქსელია: მსხვილი ბუზი იოლად დაუძვრება, წვრილი კი გაიხლართება შარლ მონტესკიე

www.kvirispalitra.ge

თქვენი აზრით, შესაძლოა თუ არა, რომ თემურ ბასილიას საქმემ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვიოს?

მარი გიორგაძე