ახალი დეტალები ქვემო ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძმები დააკავეს - კვირის პალიტრა

ახალი დეტალები ქვემო ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძმები დააკავეს

11 აგვისტოს გვიან საღამოს, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩატარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულები დააკავეს.

რამდენი პირია დაკავებული, უწყებაში არ აკონკრეტებენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილები ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

მეზობლების ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები ძმები არიან. მათი განცხადებით, დაკავებულ ძმებზე სხვა დროს მსგავს საქმეში მონაწილეობის შესახებ არაფერი სმენიათ. მათივე თქმით, ორივე მათგანი გაჭირვებული ოჯახიდანაა. სხვა დამატებით დეტალებს მეზობლები არ ფლობენ.

თავად დაკავებული ძმების ოჯახის წევრები ნარკოდანაშაულს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ სახლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ ინახებოდა. დაკავებულების ძმის, სამრატ ჯაფაროვის განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალება თავად სამართალდამცველებმა ჩადეს. მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმმა ოჯახის წევრები სახლიდან გაყარა, მოგვიანებით კი უთხრეს, რომ სახლში ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს.

ჯაფაროვის თქმით, თავდაპირველად მისი ძმები პოლიციის განყოფილებაში გამოიძახეს და როდესაც მათ სახლში სპეცრაზმი მივიდა, ძმები ისევ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ. დაკავებულების ოჯახის წევრები შს სამინისტროსგან დაკავებულების დროულ გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, ოჯახი ითხოვს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას.

ოჯახი ასევე არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ფაქტი მეზობელთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს. დაკავებულის ძმის თქმით, გვერდით მცხოვრები მეზობელი მათ სახლის დანგრევას სთხოვდა. დაკავებულების ძმა არ გამორიცხავს, რომ მეზობელი, რომელთანაც კონფლიქტი აქვთ, სამართალდამცველებთან იყოს კავშირში.

"ვიყავით სახლში, უცებ შემოვარდნენ პოლიციელები, ოჯახის წევრები გაგვყარეს სახლიდან, არ მოგვცეს სახლში შესვლის უფლება, დალეწეს ყველაფერი და შემდეგ გაურკვეველ ნივთიერებაზე გვითხრეს, რომ ნაპოვნია ნარკოტიკული საშუალება. ეს არ არის სიმართლე. ჩვენს სახლში ნარკოტიკული საშუალება არ ინახებოდა და არ გვქონია არასდროს. თუმცა, მათ ამის განმარტების საშუალება არ მოგვცეს და დააკავეს ჩემი ორი ძმა. არასდროს არც ერთ მათგანს პოლიციასთან პრობლემები არ ჰქონია. ნებისმიერ მეზობელს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ყოველთვის პატიოსნად ვცხოვრობდით. მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, გაათავისუფლონ ჩემი ძმები და ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომ დადგინდეს სიმართლე. მე ასევე ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემი ძმების დაკავება უკავშირდებოდეს ჩვენსა და ერთ მეზობელს შორის კონფლიქტს. ის გვთხოვდა სახლის დანგრევას, რასაც არ ვთანხმებოდით და შეიძლება ის ამ მეთოდით შეეცადა სიტუაციის შემობრუნებას. არ გამოვრიცხავ, რომ ის იყოს პოლიციელებთან დაახლოებული ადამიანი", – განაცხადა სამრატ ჯაფაროვმა.

"ინტერპრესნიუსი"