ფინანსური მაქინაციები თუ წინასაარჩევნო "შესაწირის" გადაუხდელობა?! - კვირის პალიტრა

ფინანსური მაქინაციები თუ წინასაარჩევნო "შესაწირის" გადაუხდელობა?!

19 მაისს სამართალდამცველებმა კომპანია "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი გენო მალაზონია დააკავეს. თავდაპირველი ინფორმაციით მალაზონია ფინანსური მაქინაციებისა და გადასახადებისთვის თავის არიდების გამო დააპატიმრეს. საწარმო დაყადაღებულია, მალაზონიას კაბინეტი კი - დალუქული. გენო მალაზონია "ენერჯი ინვესტში" მუშაობის დაწყებამდე რამდენიმე მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, იყო საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი, ეკონომიკისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოადგილე.

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება "ენერჯი ინვესტის" სხვა ხელმძღვანელი პირების საქმეზეც მიმდინარეობს. პროკურატურამ თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალაზონია განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, თაღლითობასა და ხელმძღვანელის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იყო ეჭვმიტანილი, არადა, ოფიციალურ ბრალდებაში ამაზე არაფერია ნათქვამი. ოფიციალურად გენო მალაზონია სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის დააკავეს.

ამონარიდი ბრალის დადგენილებიდან:

"ენერჯი ინვესტმა" "საქთბოელექტროსადგურის" ექსპლუატაციაში შესვლისა და ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით  საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში წარადგინა განაცხადი და კანონის თანახმად, 2006 წლის მარტიდან მოიპოვა საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის წარმოების უფლება. იმავდროულად, "ენერჯი ინვესტს" დაევალა, ჩამოყალიბებულიყო ცალკე დამოუკიდებელ იურიდიულ პირად და  ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული საბუღალტრო აღრიცხვა ეწარმოებინა განცალკევებულად.

KvirisPalitra.Geამის სანაცვლოდ გენო მალაზონიამ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან შეთანხმებით არ შეასრულა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ვალდებულება, არ ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი იურიდიული პირი და ბუღალტრული აღრიცხვა არ აწარმოა განცალკევებულად (როგორც ირკვევა, "ენერჯი ინვესტმა" ჩამოაყალიბა შპს "ტომარა", რომელიც გვარჯილას აწარმოებდა. შპს "ტომარას" და "ენერჯი ინვესტის" საბუღალტრო აღრიცხვა კი ერთიანად წარმოებდა). შესაბამისად, 2006 წლის 1-ელი ივნისიდან დღემდე ეწეოდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ლიცენზიის პირობების დარღვევით, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის, კერძოდ, 165 მილიონ 828 ათას 582 ლარის ოდენობით მიღება".

მიუხედავად იმისა, რომ ბრალის დადგენილებაში სხვა საკითხზე ლაპარაკი არ არის, ვრცელდება კულუარული ინფორმაცია, რომ გენო მალაზონიას დაპატიმრება "ენერჯი ინვესტისგან" წინასაარჩევნო "შესაწირის" გადაუხდელობას უკავშირდება. კონფიდენციალური ინფორმაციით, სამეთვალყურეო საბჭოს ზოგიერთმა წევრმა უკვე დატოვა საქართველო (მაგალითად, ზურაბ ლობჟანიძემ).

თავის დროზე, გენო მალაზონია "ვი-თი-ბი ბანკის" თანამშრომელი იყო. ის ვანო ჩხარტიშვილის გუნდის წევრად მოიაზრება, გავრცელებული ინფორმაციით, "ენერჯი ინვესტის" უკან სწორედ ვანო ჩხარტიშვილი დგას. "თბოელექტროსადგურისათვის" აგრეგატები "ენერჯი ინვესტმა" სწორედ "ვი-თი-ბი ბანკის" ფულით შეიძინა (ლაპარაკი იყო 81-მილიონიან შეღავათიან კრედიტზე). "ენერჯი ინვესტში" სხვა ხელმძღვანელი პირებიც "ვი-თი-ბი ბანკის" ყოფილი თანამშრომლები არიან.

სანდო წყაროს ინფორმაციით, ჩხარტიშვილმა ამ თანხის გადახდაზე უარი თქვა (ვანო ჩხარტიშვილს ხელისუფლება  დროდადრო აძლევს საშუალებას, სოლიდური შემოსავლები მიიღოს, მაგრამ მერე ამისთვის "ღალასაც" სთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩხარტიშვილი დასაპატიმრებელ პირთა სიაში პირველი იყო, მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. მეტიც, ჩხარტიშვილი სხვადასხვა შემოსავლიანი კომპანიის მოწილეა, მისმა კომპანიებმა კი სახელმწიფო ტენდერებიც მოიგეს (მაგალითად, გურიაში გზების დაგება).

მართალია, "ენერჯი ინვესტის" სახელწოდება მეტად ევროპულია, მაგრამ მისი მმართველი გუნდი მთლიანად რუსეთის მოქალაქეებისაგან შედგება. გენო მალაზონიას სამივე მოადგილე კომერციულ თუ ფინანსურ დარგში რუსი ეროვნების, რუსეთის მოქალაქეები არიან. კონფიდენციალური ინფორმაციით, "ენერჯი ინვესტს" პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთში მოქმედ დახურულ სააქციო საზოგადოება "გაზინტერინვესტთან", რომლის გენერალური და კომერციული დირექტორები, მასალინი და კაზლიუკი, ხშირად ჩამოდიან თბილისში და თათბირებსაც ატარებენ.

შესაძლოა, გენო მალაზონია "ენერჯი ინვესტის" მფლობელებზე საჭირო ჩვენების მისაღებადაც დააკავეს, თორემ  უკვე ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ენერჯი ინვესტი" მარეგულირებელი კომისიის მითითებებს არ ასრულებს და ეს ამბავი ახლა, წინასაარჩევნოდ აღმოაჩინეს?

გენო მალაზონიას უფლებებს ადვოკატი დავით ხაჟალია იცავს და აცხადებს, რომ მისი კლიენტი დუმილის უფლებას იყენებს და მისთვის პროკურატურის პოზიციის გარდა არაფერია ცნობილი.

სავარაუდოდ, ახლა "ენერჯი ინვესტის" მმართველ ძალასთან ვაჭრობა მიდის.

გენო მალაზონიას უკვე შეეფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. ბრალი, რომელიც მას წაუყენეს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგულისხმოა ისიც, რომ მალაზონიას ბრალი - დანაშაულის ჩადენა ჯგუფურად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად ედება და სხვა წევრების პასუხისგებაში მიცემას კი გამოძიება რატომღაც არ ჩქარობს.