10 დღეში გზებზე 17 ადამიანი დაიღუპა! - კვირის პალიტრა

10 დღეში გზებზე 17 ადამიანი დაიღუპა!

"ასქულიან სისტემაზე გადასვლას უნდა მოჰყოლოდა ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებაც, მაგრამ..."

შს სამინისტრომ ასქულიანი სისტემის შემოღებით კანონი გაამკაცრა - გაჩნდა მოლოდინი, რომ გზებზე სიკვდილიანობისა და ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი შემცირდებოდა. თუმცა, დიდ ცვლილებებს ვერ ვგრძნობთ - საინფორმაციო საშუალებები კვლავ გვატყობინებენ ახალ-ახალი ავტოავარიის ამბავს. რა გამოდის, რეფორმა არც ისე შედეგიანი აღმოჩნდა?.. "კვირის პალიტრა" საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ მელაძეს ესაუბრა:

- ასქულიან სისტემაზე გადასვლას უნდა მოჰყოლოდა ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებაც, მაგრამ ამან ისეთი ნაყოფი ვერ გამოიღო, როგორსაც ველოდით. კარგი იქნებოდა, ეს ასქულიანი სისტემა იმ სახით მიგვეღო, როგორსაც ევროპაში ან ამერიკაში იყენებენ. მაგალითად, ამერიკის ზოგიერთ შტატში 12-ქულიანი სისტემაა. აბსოლუტურად ყველა ჯარიმაზე, მნიშვნელობა არა აქვს, რატომ გაგაჩერეს, სასამართლოში წარდგებიან მძღოლიც და პატრულის ის თანამშრომელიც, რომელმაც გააჩერა. მძღოლს საშუალება აქვს, თავი დაიცვას, თუ მიაჩნია, რომ მართალია. სასამართლოზე ჯარიმასა და ქულებზე მიმდინარეობს ვაჭრობა - თუ გადაიხდი ამდენს, დაგიტოვებ ამდენ ქულას და შენ იქვე განსაზღვრავ, რომელი გიღირს, ქულა თუ საჯარიმო თანხა. მაგალითად, ჩემს მეგობარს 8 ქულამდე მოუგროვდა. სანამ 18 თვე არ გავა ბოლო დაჯარიმებიდან, თანაც დარღვევის გარეშე, მანამდე ქულა არ მოაკლდება. ბოლო ჯარიმიდან წელიწადის გასვლის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა ჩამოაკლდება. შესაბამისად, 4 წელი უნდა გავიდეს, 8 ქულა რომ გაუნულდეს. ეს ინდივიდუალურად, მხოლოდ ჩემი მეგობრის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რაზე ხარ დაჯარიმებული. ზოგიერთს, შესაძლოა, 11 წლის განმავლობაშიც არ გაუნულდეს ქულები. ჩვენთან კი იცი, რომ წლის ბოლოს ჯარიმები გაგინულდება და კვლავ ასი ქულა დაგერიცხება, ამიტომ შიში არაფრის გაქვს. ამას ისიც ემატება, რომ თუ კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან მძღოლები მეტ სიფრთხილეს იჩენდნენ, ერთ კვირაში დარწმუნდნენ, რომ დიდად არც არაფერი შეცვლილა. უკვე ნათელია, რომ ამ რეფორმამ ნაყოფი არ გამოიღო.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- ცვლილებები სწავლებიდან უნდა დაიწყოს. 2-3 დღეში კოდირების მეთოდით დაზეპირებული საკითხებით აბარებენ თეორიულ გამოცდას. ალბათ, 2%-ს თუ შეუძლია ავტომანქანის ნორმალურად მართვა, მაშინ როდესაც 450-500 ათასი ავტომანქანა დადის მხოლოდ დედაქალაქში.

რაიონებში უფრო იოლია გამოცდის ჩაბარება. ამიტომაც ბევრი იქ გარბის. იქაური მოედნები უფრო მარტივია, ვიდრე რუსთავის.

პატრულის თანამშრომლებსაც იგივე სკოლა აქვთ მართვის მოწმობის ასაღებად გავლილი, როგორიც რიგით მძღოლებს. პატრულის გადამზადება უნდა დაიწყოს, უფრო მაღალკვალიფიციური კადრებია საჭირო. პატრულის თანამშრომელი უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი და მძღოლებიც დაიწყებენ წესების დაცვას. უნდა დაიწყოს სწავლება და აღსრულება.

მნიშვნელოვანია ისიც, ვინ აწყობს საგზაო ინფრასტრუქტურას, ვინ აკეთებს საგზაო მონიშვნებს და აყენებს საგზაო ნიშნებს. არც მათ აქვთ სპეციალური სკოლა გავლილი, იმიტომ, რომ არ არსებობს სკოლა, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას ასწავლის ერთიან კონტექსტში. უფრო მეტიც,

არ არსებობს სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საგზაო უსაფრთხოებაზე. ვინმე ამოწმებს, არის თუ არა გზა ვარგისი, საგზაო ნიშნები და მონიშვნები სწორად დამონტაჟებული, ავტობანი სწორად მოწყობილი?..

არ არსებობს ორგანო, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას გააკონტროლებს. როდესაც საკითხი იჩენს თავს, ამას მოსდევს სამინისტროებს შორის კინკლაობა, ერთმანეთზე გადაბრალება. მაგალითად, ავტოსკოლას რომ ლიცენზია არა აქვს, განათლების სამინისტრო ამბობს, მე რა შუაში ვარო, და შსს-ც იმავეს იმეორებს. შედეგიც სახეზეა - პასუხისმგებელი არავინაა.

- განსაკუთრებით ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები ავტობანზე, რიკოთის მიდამოებში და ქუთაისის შემოვლით გზაზე.

- ფატალური შემთხვევების გამომწვევი მთავარი მიზეზი იყო და არის შემხვედრი მოძრაობის მონაწილე ორი ან რამდენიმე ავტომობილის რადიკალურად განსხვავებული სიჩქარე იქ, სადაც არ არსებობს (ან იშვიათია) გასწრებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე... რაც შეეხება რიკოთის უღელტეხილს, ყველა მძღოლი არღვევს წესებს, როცა ზესტაფონისკენ ეშვებიან! სხვაგვარად მოუწევთ, საათობით სდიონ ტრაილერს, რომელიც შეუძლებელია, აჩქარდეს!

ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ავტობანზე ველოსიპედით თუ მოპედით, ან ქვეითად სიარული დაუშვებელია. მაშინ რომელი გზით იარონ, ალტერნატიული გზა ხომ არ არსებობს? ამიტომაც სარგებლობენ ავტობანით. გადასასვლელები ათეულობით კილომეტრის მოშორებითაა. რა ქნან მათ, ვინც იქვე ცხოვრობს ან მუშაობს? ძალაუნებურად უწევთ ავტობანის გადაკვეთა.

მთავარი პრობლემა განათლება, აღსრულება და ინფრასტრუქტურაა. ყველაფერი ერთად ვერ შეიცვლება, ამიტომ ახლავე უნდა დავიწყოთ მუშაობა, რომ ათი წლის მერე მაინც მივიღოთ შედეგი.

6 თვეში 3002 ავტოავარია მოხდა

შსს-ს ინფორმაციით, 2017 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით დაფიქსირდა 3002 ავტოავარია, გასულ წელთან შედარებით 345-ით ნაკლები. იმავე პერიოდის წინა და მიმდინარე წლების სტატისტიკის შედარებისას ნათელი ხდება, რომ დაშავებულების რიცხვი წელს 1107-ით არის შემცირებული. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

გზებზე სიკვდილის ქრონიკები

26 ივლისი. ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში ავტოავარიის შედეგად სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა და ორი დაშავდა.

გორის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ემსხვერპლა. მძღოლი მიიმალა.

5 აგვისტო. სურამში ავტოავარიის შედეგად დედა-შვილი დაიღუპა.

6 აგვისტო. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სწრაფად მიმავალი მსუბუქი ავტომობილი 60 წლამდე ქალს დაეჯახა. ქალი დაიღუპა.

7 აგვისტო. გორთან, ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის მამაკაცი გარდაიცვალა; თერჯოლაში, სოფელ ჩხარში, მომხდარ ავარიას ორი 16 წლის ახალგაზრდა და 28 წლის მძღოლი ემსხვერპლნენ. თვითმხილველები ადასტურებენ, რომ მძღოლი მთვრალი იყო; სოფელ ნინოწმინდაში ავტოავარიაში ერთი მამაკაცი დაიღუპა.

ხობში, სოფელ ხუთასთან ავტოავარიაში დაიღუპა ერთი მამაკაცი; საგარეჯოს რაიონში, სოფელ წყაროსთავთან, ავტოავარიას 23 წლის ახალგაზრდა შეეწირა; ტყიბული-საწირეს მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო შემთხვევას ერთი კაცი ემსხვერპლა.

9 აგვისტო. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ავტოავარიაში დაიღუპა ერთი მამაკაცი.

10 აგვისტო. თბილისში, ვახუშტის ხიდთან ერთმანეთს შეეჯახა მოტოციკლი და მინივენი. მოტოციკლისტი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

P.S. ყველა შემთხვევაში გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.

"ამ პრობლემას ჩვენს მენტალობაში აღმოვაჩენთ"

ლელა იაკობაშვილი, კულტუროლოგი: - რატომ არ ვცდილობთ უფრო მეტად გავუფრთხილდეთ საკუთარ და გარშემო მყოფთა სიცოცხლეს, რატომ არ გვიშველა 100-ქულიანი სისტემის შემოღებამაც? - ამ პრობლემას ჩვენს მენტალობაში აღმოვაჩენთ. ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ ჩვენსავე თავზე. რამდენიმე საუკუნე სხვა იმპერიის პროვინცია ვიყავით, ამიტომ კანონებს სხვები აწესებდნენ და სხვები გვთხოვდნენ პასუხსაც. ჩვენი ქცევა თითქოს პროტესტის ინერციაა სხვათა დაწესებულ წესებზე. რამდენადაც მე არ დამიწესებია მოძრაობის წესები, ის ჩემი ორგანული ნაწილი არ არის - ეს ზნეობრივი დაუდევრობაა. იმის გამო, რომ ჩვენ არ ვქმნიდით ჩვენივე ცხოვრების წესებს, ჩვენსავე სასიცოცხლო გარემოს, დღემდე შერჩენილი გვაქვს ორმაგი, სამმაგი მორალი. ეს ყველაფერი პრობლემას ქმნის ერის ცხოვრებაში.

ჩვენ 100 ქულის შიშით ვცდილობთ ზნეობრივი დაუდევრობის დაძლევას, შიში კი არის ფაქტორი, მაგრამ არა გადამწყვეტი.

გამოსავალი ისევ და ისევ ის არის, რომ ზნეობრივი, წესიერების დაცვისა და შესაბამისად, წესრიგის დაცვის გარემო შევუქმნათ ახალგაზრდებს. ჩვენ და ჩვენი გაზრდილი თაობა უკვე ძნელად შეიცვლება. მოძრაობის წესების ცოდნასთან ერთად განათლებაც არის საჭირო. განათლების მიღება მარტო ცოდნის მიღებას არ გულისხმობს, განათლება ზნეობრივი ვითარებაა სულისა. რთული გზა იქნება გასავლელი. ვფიქრობ, 100 ქულის დაკარგვის შიშით კი არა, ზნეობრივი ცვლილებების შედეგად უფრო იოლად შევიცვლებით.

ეკა სალაღაია