"სამზარეულოში კერძს ამზადებდა თურმე, როდესაც ქმარმა ზურგიდან ესროლა" - რატომ მოკლა 83 წლის კაცმა ცოლი?! - კვირის პალიტრა

"სამზარეულოში კერძს ამზადებდა თურმე, როდესაც ქმარმა ზურგიდან ესროლა" - რატომ მოკლა 83 წლის კაცმა ცოლი?!

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს კაცი ქალმა გაახელა, როდესაც უთხრა გღლატობდიო, რაც ტყუილი მგონია"

ბაღდადში ოჯახური კონფლიქტისას 83 წლის მამაკაცმა 63 წლის მეუღლე თოფიდან გასროლით მოკლა. დანაშაულში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და მკვლელობა დეტალურად აღუწერა შესაბამის ორგანოებს. მომხდარზე საქმე მე-11-ე პრიმა 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ადგილობრივი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, იმ მიზეზებს იხსენებს, რის გამოც ტრაგედია დატრიალდა.

- ცოლ-ქმარს ოთხი შვილი ჰყავს, უფროსი ორმოც წლამდეა... საშინელ დღეში არიან, ძნელია მათი ყურება, დასამშვიდებელი სიტყვის მოძებნა...

-  რამ გამოიწვია ტრაგედია?

-  ეჭვიანობამ, ქმარი ცოლზე ეჭვიანობდა. კონფლიქტები იგივე თემაზე სხვა დროსაც ჰქონდათ. ცოლ-ქმარმა ნორმალური ურთიერთობა ვერ ააწყო. ყველა ფიქრობდა, რომ ამის მიზეზი მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, თუმცა, ვერავინ იფიქრებდა, რომ ცოლს სასიკვდილოდ გაიმეტებდა. მით უფრო, რომ გარდაცვლილი ქალი ძალიან დატანჯული იყო, - ოთხიდან ერთ-ერთი შვილი უნარშეზღუდულია, დედა იყო მისი პატრონი, ის უვლიდა...

კაცი დურგალია, ბოლომდე იქ მუშაობდა, საურთიერთოდ საკმაოდ მძიმე ადამიანია, თუმცა მათმა ქორწინებამ 40 წელიწადს გასტანა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს კაცი ქალმა გაახელა, როდესაც უთხრა გღლატობდიო, რაც ტყუილი მგონია.

მისი ღალატის ამბავი არავის გაუგია, საწყალს უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა - რთული ხასიათის ქმარს უძლებდა, ავადმყოფ შვილს უვლიდა, სახლის საქმეს აკეთებდა... მკვლელობის დღეს, საღამოს რვა საათზე სამზარეულოში კერძს ამზადებდა თურმე, როდესაც ქმარმა ზურგიდან ესროლა და სამზარეულოს მაგიდასთან მოკლა. როგორც ჩანს, კაცი წინასწარ ამზადებდა მკვლელობას, რადგანაც პოლიციისთვის უთქვამს,  - ტყვიებს სადურგლოში ვინახავდი და მკვლელობის დღეს წამოვიღე... მკვლელობა იმ დროისთვის გადავწყვიტე, როდესაც ჩემი შვილები შინ არ იქნებოდნენ, სახლში ჩუმად შევედი, უმცროსი შვილის სანადირო თოფი ავიღე და ვესროლეო...

- მკვლელმა პოლიციას არ განუმარტა მიზეზი, ცოლი რის გამო მოკლა?

- მარტო იმას გაიძახოდა, მოსაკლავი იყო და მოვკალიო. მკვლელობის შემდეგ თავად წასულა პოლიციაში და ჩაბარებულა. მოკლული დედა შინ დაბრუნებულმა უმცროსმა ვაჟმა იპოვა, გადაირია ბიჭი...

ვიდეო

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)