მორიგი სპეცოპერაცია ფონიჭალაში - შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - კვირის პალიტრა

მორიგი სპეცოპერაცია ფონიჭალაში - შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

14 აგვისტოს ღამით, ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩატარდა. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ე.ჯ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ე.ჯ.-ს მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 4 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ქვემო ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ძმები დააკავეს.