"პოლიციამ დედასაც ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო" - ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები - კვირის პალიტრა

"პოლიციამ დედასაც ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო" - ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები

ფონიჭალაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით სულ 5 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა ასევე ერთი სპეცოპერაცია თბილისის გასასვლელში ჩაატარეს, რომლის დროსაც ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი აიყვანეს.

კიდევ ერთი სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში დღეს ჩატარდა. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ფაილ ჰუსეინოვი დააკავეს. ის სახლიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

დაკავებული სახლიდან შეძახილებით: "ნარკოტიკები ჩამიდეს" გამოიყვანეს.

პოლიციის მხრიდან ნარკოტიკის ჩადებაზე საუბრობს ფაილ ჰუსეინოვის მეუღლეც, რომელიც ჩხრეკისას სახლში იმყოფებოდა. ჰუსეინოვის მეუღლის ინფორმაციით, მან დაინახა, როგორ ჩაუდეს მის მეუღლეს ნარკოტიკი. მისივე თქმით, პოლიციამ სახლში ყოფნისას ყველაფერი გაჩხრიკა და როდესაც ვერაფერი იპოვეს, მერე ჩაუდეს ნარკოტიკი.

ფაილ ჰუსეინოვის მამის, აფრამ ჰუსეინოვის თქმით, მისი შვილი და რძალი ბაზარში ვაჭრობენ და არავითარ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას არ ეწევიან. როგორც აფრამ ჰუსეინოვი ამბობს, სახლში, სადაც სამართალდამცველემა სპეცოპერაცია ჩაატარეს, ფაილ ჰუსეინოვის გარდა მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილებიც იმყოფებიან და იქ ამ დრომდე რჩებიან.

დაკავებულის ძმის ინფორმაციით კი, პოლიციამ სამი თვის წინ მათი დედაც დააკავა.

როგორც მან აღნიშნა, "პოლიციამ დედასაც ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო", რის გამოც ის დღემდე დაკავებულია.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ "ნარკოტიკს მის ძმასაც ჩაუდებენ". ამასთან, როგორც ჰუსეინოვმა აღნიშნა, ძმასთან ერთად რკინის კარის დამზადებაზე მუშაობს და მათ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით