მკვლელობა მთაწმინდაზე - გასროლა სანადირო თოფიდან, მოკლულია 45-წლამდე მამაკაცი - კვირის პალიტრა

მკვლელობა მთაწმინდაზე - გასროლა სანადირო თოფიდან, მოკლულია 45-წლამდე მამაკაცი

მთაწმინდაზე, ჭონქაძის #22-ში მკვლელობა მოხდა. ვილნიუსის სკვერში, სადაც გამოყოფილია ბავშვებისთვის განკუთვნილი ზონა, მიმდებარედ კი საცხოვრებელი კორპუსებია განთავსებული, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 45-წლამდე კაცი მოკლეს. ამ დრომდე ადგილზე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები, რომლებიც სხვადასხვა სამუშაოებს ახორციელებენ როგორც ჭონქაძის ქუჩაზე, ასევე მის პარალელურ ქუჩებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მკვლელობა მოხდა მჭიდროდ დასახლებულ ადგილზე, ფუნიკულიორზე ასასვლელი საბაგირო ტრამვაის სადგურის სიახლოვეს, სადაც მუდმივად ხალხმრავლობაა. მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილზე განთავსებულია ვიდეოსათვალთვალო კამერები, თუმცა, არის თუ არა დაფიქსირებული მომხდარი ფაქტი, ჯერჯერობით უცნობია. სამართლადამცავებმა ჩანაწერები უკვე ამოიღეს.

მკვლელობის თვითმხილველები ორ ვერსიაზე ლაპარაკობენ. ერთი ნაწილის თქმით, გარდაცვლილი ნიაღვრის ქუჩის მცხოვრები მამაკაცია, რომელთან ერთადაც მკვლელობის დროს რამდენიმე პირი იმყოფებოდა და სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა გაისროლა  სანადირო თოფიდან. ხოლო მეორე ვერსიით, მამაკაცი უცნობმა პირმა მოკლა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა. მკვლელობის მომენტში კი მას ჩაფხუტი ეხურა.

თვითმხილველების განცხადებით, მათ ერთი გასროლ გაიგეს და მამაკაცსაც ერთი ჭრილობა ჰქონდა, რომელიც სასიკვდილო გამოდგა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე წუთის განმავლობაში ცოცხალი იყო და მის დახმარებას სასწრაფოს მოსვლამდე ჭონქაძის ქუჩის მცხოვრებლები ცდილობდნენ.

(ვიდეო)