"გამომძიებელმა ურჩია, არავის უთხრა ეს ამბავი, რადგან ჭორაობას დაიწყებენო..." - გაუპატიურების მცდელობა ვაკის პარკთან? - კვირის პალიტრა

"გამომძიებელმა ურჩია, არავის უთხრა ეს ამბავი, რადგან ჭორაობას დაიწყებენო..." - გაუპატიურების მცდელობა ვაკის პარკთან?

სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმე შეეხება ვაკის პარკთან გაუპატიურების მცდელობის შეთხვევას, რის თაობაზეც "ფეისბუკმომხმარებელმა" ანი ჯანაშიამ პირად გვერდზე დაწერა. მისი თქმით,  მსხვერპლი მისი მეგობარია, მან ასევე გულგრილობაში დაადანაშაულა სამართალდამაცავები.

"15 აგვისტოს, სადღაც ღამის 11-ს გადაცილებული იქნებოდა, როცა ჩემი მეგობარი გოგონა ბრუნდებოდა სამსახურიდან სახლში საღამოს ცვლიდან. ვაკის პარკის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში მას აედევნა უცნობი მამაკაცი, რომელიც დაეკონტაქტა რუსულ ენაზე (!) და გაცნობა სთხოვა. თხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, მამაკაცი გააგრესიულდა, დაიჭირა, დაუწყო ტანსაცმელზე ჯაჯგური, გახდის მიზნით (!), ჩემმა მეგობარმა (რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან ისედაც საშინლად დასტრესილს კიდევ არ დავუმატო სტრესი) ატეხა ყვირილი, ამოიღო ტელეფონი პატრულის გამოძახების მიზნით, რაზეც კიდევ უფრო გააგრესიულდა მოძალადე და დიდი ომის, ჯაჯგურის და გაუპატიურების მცდელობის შემდეგ, როგორღაც მოახერხა გოგონამ გამოქცევა!

ამოვიდა ტრასაზე და შევარდა მაღაზიაში, სადაც უთხრეს, რომ ყვირილი გაიგეს, მაგრამ ეგონათ "ბავშვები მაიმუნობდნენ" და არ გამოიხედეს. მსგავსი გულგრილობა არ ვიცი, თან ღამის 12 საათზე. თუმცა ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ იწყება! გოგონა იძახებს პატრულს, რომელსაც მიჰყავს განყოფილებაში. ვაკის გამომძიებელი, ვინმე ლევანი ადგენს ოქმს, სადაც საერთოდ არ აღნიშნავს სექსუალური ძალადობის შემცველ არც ერთ ქმედებას, არ აღნიშნავს ფიზიკურ დაზიანებებს, რომელიც გოგონას აღენიშნებოდა (და საბედნიეროდ ამის ფოტო-მასალა არსებობს, რასაც დავურთავ ამ პოსტს) და იჩენს აბსოლუტურ გულგრილობას აღნიშნულის მიმართ.

როგორც მეგობარი მიყვება, იმდენად განერვიულებული და დასტრესილი იყო, იმ მომენტში ვერ მიაქცია ამ დეტალებს ყურადღება. ამბობს, რომ იმ ჩვენებაში, რაც გამომძიებელმა შეადგინა, ხულიგნობას უფრო გავს, ვიდრე გაუპატიურების მცდელობას!! და ეს ყველაფერი არ არის - ჩემი მეგობარი იღებს "მეგობრულ რჩევას" გამომძიებელ ლევანისგან, რომ არ უთხრას ეს ამბავი არავის, რადგან ჭორაობას დაიწყებენ და არ გაწყობსო. ამაზე საერთოდ შოკში ჩავვარდი!" (წყარო)

პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და მე-19-137-ე მუხლებით მიმდინარეობს.

333-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

19.137 მუხლი კი გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. საქმის შესწავლა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო. სავარაუდოდ, ისინი სამართალდამცველების გუშინდელ ქმედებებს შეისწავლიან.