"ჯემ ფესტის" დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარეს - კვირის პალიტრა

"ჯემ ფესტის" დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "ჯემ ფესტის" დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარა. როგორც თავად სიგუა აცხადებს, მზადაა უწყებაში გამოცხადდეს და ყველა კითხვას უპასუხოს.

"წესით და რიგით საქართველოში არ უნდა ჩამოვსულიყავი ასე მალე, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ასე ძალიან დაინტერესდა "ჯემ ფესტის" საქმიანობით, ამოიღეს ჩვენი დოკუმენტაცია, წაიღეს კომპიუტერები ოფისიდან და ა.შ. სწორედ იმისთვის, რომ არ ჩათვალოს ვინმემ, თითქოს სადღაც გავიქეცი ან ვიმალები, სასწრაფოდ შევწყვიტე ვიზიტი და ჩამოვედი. ხვალ მივდივარ დაკითხვაზე, ნებისმიერ კითხვას რომ ვუპასუხო", - განაცხადა სიგუამ "იმედის" ეთერში.

მისივე თქმით, ოფისიდან "ყველანაირი დოკუმენტაცია წაიღეს".

"არაფერი დაგვიშლია. ყველაფერი გვაქვს გამჭვირვალედ და ღიად", - აღნიშნა სიგუამ.

„ჯემ ფესტთან“ დაკავშირებულ საკითხზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება გაავრცელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაც:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის №092090817006 საქმეზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს „არტ პლატფორმა“-ს (ს/კ 404520185) მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის „GEM FEST“ ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე, საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.