გიორგი სიგუა: "შარშანაც ვალებით დავამთავრეთ "ჯემ ფესტი" და წელსაც" - კვირის პალიტრა

გიორგი სიგუა: "შარშანაც ვალებით დავამთავრეთ "ჯემ ფესტი" და წელსაც"

ცოტა ხნის წინ, "ჯემ ფესტის" დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მივიდა. სიგუას განცხადებით, როგორც მისთვის ცნობილია, დაკითხვაზე გარკვეული ნივთის დაზიანების ფაქტზეა დაბარებული, რომელიც არც "ჯემ ფესტის" ჩატარებას და არც მას უშუალოდ არ ეხება.

მისივე თქმით, ის მზადაა გამოძიების ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

"როგორც ახლა ადვოკატთან ერთად გავარკვიე, საქმე არ არის აღძრული არც ჩემ და არც "ჯემ ფესტის" წინააღმდეგ, არამედ აღძრულია რაღაც ფაქტზე, რომ ვიღაცას რაღაც ქონება დაუზიანდა, რაშიც ჩვენ არავინ გვადანაშაულებს. ცოტათი გაუგებარია ეს ყველაფერი, ამიტომაც მოვედი აქ და ჩამოვედი საქართველოში, რომ გავარკვიო, რატომ ამოიღეს სრული დოკუმენტაცია ჩვენი ოფისიდან, რატომ წაიღეს კომპიუტერები, რას ეძებენ და რისი პოვნა უნდათ", - განაცხადა გიორგი სიგუამ.

რაც შეეხება ფინანსურ დარღვევებს, "ჯემ ფესტის" დამფუძნებელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის კომპანიას არც ერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მიუღია.

"სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული გადაერიცხათ პირდაპირ იმ არტისტებს, რომლებმაც დაუკრეს "ჯემ ფესტზე", დანარჩენი ფული ჩვენ გადავიხადეთ. რა ფინანსურ დარღვევებზე შეიძლება იყოს საუბარი, წარმოდგენა არ მაქვს, ახლა შევალ და გავარკვევ", - განაცხადა სიგუამ.

გიორგი სიგუას ინფორმაციით, მისი თანამშრომლები საგამოძიებო სამსახურმა ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით დაკითხა.

როგორც სიგუამ ჟურნალისტებს დაკითხვამდე განუცხადა, "მითიურ ნივთზე, რომელზეც, გამოძიებაა დაწყებული", მისი თანამშრომლებისთვის კითხვა არავის დაუსვამს.

"ეკითხებოდნენ ფინანსებზე, თანხების მოგროვებაზე, სად, რა ბილეთი გავყიდეთ. სად, რა სასპონსორო თანხა ვიშოვეთ. ამ მითიურ ნივთზე ჯერჯერობით არაფერი არ გამიგია, რა დაზიანდა და როგორ", - განაცხადა სიგუამ.

რაც შეეხება "ჯემ ფესტის" ჩატარების შემდეგ არსებულ დავალიანებებს, როგორც სიგუამ განმარტა, მას არ ჰგონია, რომ მისი დაკითხვაზე დაბარება ამ დავალიანებებს, ან იმ საჩივარს ეხებოდეს, რომელიც შესაძლოა იმ პირებმა შეიტანეს საგამოძიებო სამსახურში, რომელთა მიმართ დავალიანება ჯერ კიდევ არსებობს.

"დავალიანება ეს არის სამოქალაქო საკითხი და არა კრიმინალი. როგორც ჩვენ გვაქვს დავალიანება, ისე ჩვენს მიმართაც აქვთ დავალიანება. შარშანაც ვალებით დავამთავრეთ "ჯემ ფესტი" და წელსაც, თუმცა ჩვენ ყველაფერს გადავიხდით. ჩვენ აუცილებლად გადავიხდით ამ ყველაფერს და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ჩვენს გეგმებს. ჩვენი დავალიანება იმაზე ნაკლებია, ვიდრე ჩვენს მიმართ აქვთ. დაახლოებით 400 000 ევროა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიმართ დავალიანება და 100-150 ათასი საქართველოში არსებული ვალი. ეს რიცხვები არ არის უსაშველო და არ არის ის თანხა, რომელსაც ჩვენ ვერ გადავიხდით. ამ დავალიანებებს შორის არის ჩვენი თანამშრომლების სახელფასო დავალიანებაც. ასევე მინდა გითხრათ, რომ მილიონ ლარზე მეტი აქვთ ჩვენი დავალიანება სხვადასხვა კაფეებს, რესტორნებსა თუ ობიექტებს", - განაცხადა სიგუამ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით