"ფონიჭალა ნარკოტიკების ღია ბაზარია და პატარა კოლუმბიას ეძახიან" - კვირის პალიტრა

"ფონიჭალა ნარკოტიკების ღია ბაზარია და პატარა კოლუმბიას ეძახიან"

"რომ გაჰკივიან, ჰეროინი ჩაგვიდესო, ტყუილია, ყველამ იცის, რომ ისინი ბარიგები არიან"

გასულ კვირას ნარკორეალიზატორების გამოსავლენად საქართველოში რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა, მათ შორის ზედიზედ ხუთი ქვემო ფონიჭალაში. კრიმინალურმა პოლიციამ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და ფული ამოიღო, ნარკოდანაშაულისთვის კი ხუთი პირი დააკავა. ფონიჭალელები ბოლო დროს ნარკორეალიზატორების გახშირებულ დაკავებას იმით ხსნიან, რომ ბევრი მათგანი (ეთნიკურად აზერბაიჯანელი), რომლებიც წლების განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს, ძველ საქმიანობას აგრძელებს.

11 აგვისტოს, ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით ძმები ელნურ და სამრატ ჯაფაროვები დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღო. მოგვიანებით სამართალდამცველებმა ჰაილ ჰუსეინოვი დააკავეს. ის სახლიდან შეძახილებით, "ნარკოტიკები ჩამიდეს", გამოვიდა. მისი პირადი და სახლის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 44 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს.

16 აგვისტოს, ასევე ნარკოდანაშაულის ბრალდებით, პოლიციამ ვადიდ ჰუსეინოვი ფონიჭალაში, ხოლო მისი ბიძაშვილი, აბაზგულ ჰუსეინოვი, დავით აღმაშენებლის ხეივანში დააკავეს. მათი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 3 შეკვრა დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს.

შსს-მ მათი დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალა გაავრცელა.

მევლუდ ჩოფლიანი, ვადიდ და აბაზგულ ჰუსეინოვების ადვოკატი: "პოლიციელებმა ჩხრეკას არ დამასწრეს, რითიც დაკავებულების უფლებები დაარღვიეს. დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს, მაგრამ ჰუსეინოვების თქმით, ნივთმტკიცება პოლიციელებმა ჩაუდეს.

ჰუსეინოვები ნარკოტიკების აქტიური მომხმარებლები არიან. ისინი მარტში ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს და 8.000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს".

"კვირის პალიტრა" შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსს, მამუკა ჭელიძეს ესაუბრა:

- ჩატარებული სპეცოპერაციები მაგალითია იმისა, რომ რეალიზატორებთან უკომპრომისო ბრძოლას ვაგრძელებთ.

ბოლო დროს 50-მდე ღონისძიება ჩატარდა, თუმცა, ყველა ნარკოტიკის რეალიზაცია არ იყო, ნაწილი შეძენა-შენახვას ეხებოდა.

- რა ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს 50 სპეცოპერაციის დროს?

- ამჟამად საექსპერტო კვლევები მიმდინარეობს, ამიტომ არა მაქვს ზუსტი ინფორმაცია.

- დაკავებულების ახლობლები და ადვოკატები ამბობენ, რომ ჰეროინი მათ პოლიციამ ჩაუდო.

- როდესაც ვიღებთ ოპერატიულ მასალას, რეალიზაციის ფაქტის დადასტურება მყარი მტკიცებულებებით უნდა მოხდეს, ველოდებით საკონტროლო შესყიდვებზე დანიშნულ ექსპერტიზებს, ვადგენთ, კონკრეტული პირი ნამდვილად ყიდის თუ არა ნარკოტიკს და შემდეგ ვიღებთ სასამართლოს განჩინებას დაკავების შესახებ.

ყველა საქმეზე, მათ შორის ფონიჭალის შემთხვევებზე, არსებობს მტკიცებულებები, ოპერატიული ვიდეომასალა, რითაც დასტურდება ნარკოტიკების რეალიზაციის მომენტები.

- ითქვა, რომ ნარკორეალიზაციაში ბრალდებულ ახალგაზრდებს გავლენიანი ნარკორეალიზატორები ითრევენ ბიზნესში. ალბათ, გამოძიებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს მათი დაკავებაც

-ამ ინფორმაციას შსს-ში არ ვადასტურებთ, ასეთი ადვილი არ არის, ვინმეს წამალი გააყიდვინო.

"აბრეშუმის გზა" სიკეთესთან ერთად პრობლემებსაც შეგვიქმნის"

ჯემალ ჯანაშია, პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი:

- საქართველოში დღეს 250 ათასი ნარკოტიკისა და 50 ათასი მუდმივი, ანუ ინტრავენური მომხმარებელია აღრიცხვაზე.

გაეროს ბოლო გამოკვლევების მიხედვით, საქართველო ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობით 10 000 სულ მოსახლეზე მსოფლიოში მესამე ადგილზეა (მეორეზეა რუსეთის ფედერაცია). გარდა ამისა, საქართველო აზიიდან ევროპაში უკვე სატრანზიტო სივრცედ ჩამოყალიბდა.

"აბრეშუმის გზა" ბევრ სიკეთესთან ერთად პრობლემებსაც შეუქმნის საქართველოს -გადის როგორც ლეგალური პროდუქცია, ასევე კონტრაბანდული ტვირთიც, მიდის მანქანების ქარავანი და ყველა მათგანს ვერ შევამოწმებთ. ამის გამოსარკვევად ოპერატიული და აგენტურული მუშაობა, ამასთან, დიდი თანხებია საჭირო.

მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ორგანიზაცია DEA ებრძვის ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას, მის ტრანზიტს მთელ მსოფლიოში. მას 80-ზე მეტ ქვეყანაში აქვს ოფისები, წელს საქართველოშიც გაიხსნა.

კიდევ ერთი ფაქტორი: უამრავი ნარკოტიკის მომხმარებელი გათავისუფლდა სხვადასხვა მსუბუქი სასჯელისგან, მათ სხვა პროფესია არა აქვთ, ნარკოტიკი კი ფულის შოვნისა და გამდიდრების ყველაზე იოლი გზაა. ამას დავამატოთ კანონმდებლობის ლიბერალიზაციაც -რაკი ნარკოტიკის მცირე ოდენობის შენახვისთვის არ ისჯებიან, მომხმარებლებმაც დაიწყეს ვაჭრობა. მოიშალა საკონტროლო მექანიზმიც და რა დარჩა? გვაქვს დიდი ფინანსები, ტექნიკური ბაზა და გვყავს პროფესიონალი თანამშრომლები, რომ ამ პრობლემას წინ აღვუდგეთ? ამას წლები სჭირდება.

დიდი ხნის მანძილზე ნარკომანიასთან ბრძოლის სამსახურის, შემდგომ კი ეროვნული ბიუროს უფროსი ვიყავი. ჩემს დროსაც იყო მსგავსი პრობლემები არა მარტო ფონიჭალაში, იგივე ხდებოდა მარნეულში, ლაგოდეხის, გარდაბნის, კასპის რაიონებში, ცხინვალის ტერიტორიაზე, საიდანაც დიდი ოდენობით ამოგვიღია ნარკოტიკები. ასეთი ადგილები კიდევ არსებობს საქართველოში -ნარკოტიკებზე მოთხოვნა გაიზარდა, ამან კი განაპირობა მიწოდების გაზრდაც.

ფონიჭალის სპეცოპერაცია უთუოდ დიდხანს მზადდებოდა. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პირმა ან პირთა ჯგუფმა მიიღო საჭირო და აუცილებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან ქვეყანაში ნარკოტიკული ვითარება კონტროლს აღარ ემორჩილება. შესაძლოა, საპროცესო შეთანხმებებით ბევრი საქმე გახსნან და სხვა რეალიზატორებზეც გავიდნენ.

არსებობს ასეთი არხი: ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო-ევროპა. ახლა, როგორც ჩანს, აზერბაიჯანული ვექტორი ამუშავდა, საიდანაც ოპიუმი შემოდის.A ჩატარდება ექსპერტიზა და დაადგენენ, ამოღებული ჰეროინი ავღანურია, ირანული თუ სხვა ქვეყნისა. მათ შორის, შესაძლოა, იყოს სინთეზური ნარკოტიკებიც. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქართველოში დიდი რყევები, რევოლუცია გამოიწვია ნარკოტიკებთან ბრძოლის საქმეში. 69 მილიგრამი მარიხუანა ევროპის არც ერთ სახელმწიფოში არ არის დაშვებული, ჩვენ ვართ პიონერები. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში უკვე დაიწყეს ნარკოტიკების წარმოება -დაიწყეს დათესვა სამეგრელოში, გურიაში, კახეთში... ანუ უკვე შიდა ბაზარი ჩამოყალიბდა, რაც საგანგაშოა.

"ეს ჩაკეტილი სოფელია"

მ. რ. ქვემო ფონიჭალის მკვიდრი: "ფონიჭალა დახურული ზონა, ჩაკეტილი სოფელია. აქ აზერბაიჯანელების უმრავლესობა ნარკოტიკებზე"ჩალიჩობს". ამბობენ, ჰეროინი აზერბაიჯანიდან შემოაქვთო. ნარკობარიგებს ჩემი შვილი რომ არ შეესვათ წამალზე, მე და ჩემს ქმარს დიდი ბრძოლა დაგვჭირდა. აქ მცხოვრებთა უმრავლესობა დაავადებულია, ბევრიც მკურნალობს ნარკოლოგიურში.

წლებია, რაც ფონიჭალა ნარკომანებისა და ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ბუდეა. აქ ნარკოტიკების ღია ბაზარია და მას პატარა კოლუმბიას ეძახიან.

გგონიათ, პოლიციამ ახლა გაიგო ამის შესახებ? ყველამ იცოდა, მაგრამ მათ არავინ ეხებოდა. ვინმეს სჯერა, რომ მწვანილის მოყვანით აშენდნენ ესენი? ხედავთ, რა სასახლეები აქვთ და რა მოდელის მანქანები უყენიათ ეზოში? გაგვიხარდა მათი აყვანა, ეგებ მოგვაშორონ თავიდან. ყოველდღე საიდან არ მოდიან ნარკოტიკების საყიდლად. ზოგიერთი რამდენჯერმეა ნასამართლევი, მაგრამ რად გინდა? გამოდიან ციხიდან და ისევ წამლავენ ამ უტვინო ახალგაზრდებს.

რომ გაჰკივიან, ჰეროინი ჩაგვიდესო, ტყუილია, ყველამ იცის, რომ ისინი ბარიგები არიან.

რამდენიმემ მერე თვითონ მიუთითა პოლიციას, სად ჰქონდათ შენახული ფული და ჰეროინის შეკვრები. ნარკომანები ციხეებიდან გამოყარეს და სხვებსაც აფუჭებენ. ისინიც უნდა დააკავონ, ვინც ამ ვაჭრებს წამლით ამარაგებს. პატარა ბიჭები, სკოლის მოსწავლეები უკვე წამალზე არიან შემსხდრები. ჰუსეინოვები თვითონაც მაგარი ნარკომანები არიან. "მეტადონის" პროგრამაში იყვნენ ჩართულნი, მაგრამ გამოურიცხავთ, რადგან რეჟიმს არ დაემორჩილნენ.

იმ უბანში, სადაც ჰუსეინოვები "მოღვაწეობდნენ", მას მერე, რაც სპეცოპერაციები ჩატარდა, წამალს ვეღარ შოულობენ და მასობრივად დაიწყეს ნარკოლოგიურში სიარული "მეტადონის" პროგრამაში ჩასართავად.

ნანა ფიცხელაური