"იაშვილი ფულს სძალავდა ტაქსის მძღოლებს, ამის გამო მოუხდა კონფლიქტი კახასთან და მან ეს არა აპატია"
21-08-2017
"იაშვილი ფულს სძალავდა ტაქსის მძღოლებს, ამის გამო მოუხდა კონფლიქტი კახასთან და მან ეს არა აპატია"
"სკვერში უბნელ მამაკაცთან ერთად სვამდა, როცა გზის გაღმა მხრიდან ესროლეს"

გასულ კვირას თბილისის ცენტრში, მთაწმინდაზე, სკვერში, სადაც ხშირად პატარები თამაშობენ, სროლა გაისმა. 47 წლის კახა ძნელაძეს დამნაშავემ, რომელიც მოპედით გადაადგილდებოდა და თავზე ჩაფხუტი ეფარა, რამდენიმე ტყვია დაახალა და გაიქცა. ამ ამბავს ბევრი შეესწრო. თვითმხილველებმა "სასწრაფოს" მოსვლამდე სცადეს დაჭრილის გადარჩენა, მაგრამ უშედეგოდ - ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. კახა ძნელაძე სკვერში ლუდის ბოთლით ხელში იჯდა მამაკაცთან ერთად და საუბრობდა, სწორედ მაშინ ესროლეს.
ჯერჯერობით მკვლელობის ოფიციალური მოტივი და საქმის დეტალები უცნობია, თუმცა, ძალოვანებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით იმავე უბანში მცხოვრები, 35 წლის მიხეილ იაშვილი დააკავეს.

მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად შურისძიება სახელდება. მეორე ვერსიით, მომხდარს წინ უსწრებდა კრიმინალური გარჩევა. ითქვა, ბრალდებული უბანში ტაქსის მძღოლებს ფულს აწერდა, ამის გამო მოკლულსა და ბრალდებულს
შელაპარაკება მოუხდათ და მან შური იძიაო.

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ მთაწმინდაზე, სკვერში, კახა ძნელაძის მკვლელობას შემთხვევით მისი მეუღლე, ვანდა იმნაძე შეესწრო. სწორედ მან ამოიცნო სავარაუდო მკვლელი და მისი ჩვენების საფუძველზე დააკავეს მიხეილ იაშვილი.

"ჩემი ტვირთი, ჩემი ჯვარი, ასე გეძახდი, ჩემო ვაჟკაცო, ბოლო ვალი მოვიხადე შენთან, შენი მკვლელი დაჭერილია", - ასეთი წარწერა გაუკეთა ვანდა იმნაძემ მოკლულ მეუღლესთან, კახა ძნელაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს ფეისბუკის გვერდზე.

იგი თბილისის საქალაქო სასამართლოშიც მივიდა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულთან შეხვედრა მოითხოვა. ვანდა იმნაძის ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს ბრალდებული. ვანდა იმნაძე ამბობს, რომ მკვლელობას შეესწრო. სახლში მისულს კახა არ დახვდა, ამიტომ ქუჩაში გამოვიდა და სკვერისკენ წავიდა, რადგან იქ ეგულებოდა მეუღლე. სკვერთან სიგარეტს ეწეოდა, სწორედ ამ დროს შენიშნა შავმაისურიანი მამაკაცი, რომელსაც თავზე მოტოციკლეტის ჩაფხუტი ეხურა და დაინახა, როგორ გაისროლა. მისი მტკიცებით, ეს მამაკაცი მიხეილ იაშვილი იყო. როცა ჩოჩქოლი ატყდა, მერე გაიგო, რომ მის მეუღლეს ესროლეს.
დაზარალებული მკვლელობის მოტივად შურისძიებას ასახელებს. "კახა ამბობდა, მემუქრება და მომკლავსო", - წერს თავის ჩვენებაში ვანდა იმნაძე და ასევე ადასტურებს გავრცელებულ ვერსიას, რომ მათ შორის დაპირისპირება იყო.

"იაშვილი ფულს სძალავდა მთაწმინდის პარკის ასასვლელთან მდგარ ტაქსის მძღოლებს, ამის გამო მოუხდა კონფლიქტი კახასთან და მან ეს არა აპატია", - ამბობს მოკლულის მეუღლე.

სასამართლო პროცესზე ვანდა იმნაძე ბრალდებულთან მიახლოებას ცდილობდა, მაგრამ მანდატურებმა ამის საშუალება არ მისცეს. ბრალდებულმა პროცესზე გონება დაკარგა, ამიტომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. სასამართლომ იაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

"ბრმა ტყვიამ ხომ შეიძლება პატარები იმსხვერპლოს"

ფაქტის თვითმხილველი: "ამ პარკში ხშირად გამოგვყავს ბავშვები სათამაშოდ, სულ ხალხი ტრიალებს. გზის მეორე მხარეს არის მთაწმინდის პარკის ასასვლელი და იქაც ხალხი ირევა. ბავშვი სასეირნოდ მყავდა გამოყვანილი. ამბობენ, მოკლული პარკში ახალი გამოსული იყოო; მანამდე ლუდი უყიდია მაღაზიაში, სკამზე ჩამომჯდარა და უბნელ მამაკაცთან ერთად სვამდა. გზის გაღმა მხრიდან ესროლეს, ამბობენ, მკვლელს სახეზე მოტოციკლისტის ჩაფხუტი ჰქონდა ჩამოფარებულიო. სროლის ხმაზე ბავშვს ვსტაცე ხელი და გავიქეცით. მერე დავინახე - მიწაზე მამაკაცი ეგდო. ახლოს არ მივსულვარ. ყვიროდნენ, სასწრაფოს დაურეკეთო. უამრავი ხალხი ეხვია დაჭრილს თავს, ცდილობდნენ მის გადარჩენას.
მერე გავიგე, რომ მოკლული ჩვენი უბნელი კახა ძნელაძეა. ამბობენ, ადრე კრიმინალურ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი და შეიძლება ვიღაცამ შური იძიაო. ბოლო დროს ეკლესიურად ცხოვრობდა, მამა ბენიამინთან დადიოდა და მონასტერშიც რჩებოდაო.
რას აკეთებს პოლიცია, ბრმა ტყვიამ ხომ შეიძლება უმანკო პატარები იმსხვერპლოს? ამდენი შეიარაღებული ადამიანი რატომ დადის ქუჩაში? დღე ისე არ ჩაივლის, რომ ვიღაც არ მოკლან ან დააყაჩაღონ... მოკლული ცოტა მოშორებით ცხოვრობს, 3 შვილი ჰყავს. მისი მშობლები და და მოსკოვში ცხოვრობენ, ზაფხულობით ჩამოდიან ხოლმე. 1993 წელს ამ ოჯახს 18 წლის ვაჟი მოუკლეს. არ ვიცი, რატომ მოკლეს ან მაშინ მკვლელი დაისაჯა თუ არა. იმასაც ამბობენ, მოკლულის დის ქმარი კანონიერი ქურდია და მოსკოვში ცხოვრობსო".

"იაშვილი ბრალს არ აღიარებს"

დავით ცინცქილაძე, მიხეილ იაშვილის ადვოკატი:
- მიხეილ იაშვილს დაზიანებული აქვს მარცხენა ხელის სახსარი. ამბობს, რომ მკლავი პოლიციელებმა დამიზიანესო. დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. ამბობს, რომ მომხდართან არანაირი კავშირი არა აქვს. ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და პროტესტის ნიშნად მშრალ შიმშილობაზეა. წყალსაც არ სვამს. ის იცნობდა გარდაცვლილს, მაგრამ მასთან არც მეგობრული ურთიერთობა ჰქონია და არც კონფლიქტი. იმ დღეს იაშვილს პოლიციამ შინ რომ მიაკითხა, მას ეძინა. გაჩხრიკეს მისი ბინა და შემდეგ მოწმის სახით წაიყვანეს პოლიციაში. პოლიციამ ამოიღო მისი შვილის მოპედი.

- ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტის მიზეზი ტაქსის ბიზნესი იყო, აქვს თქვენს დასაცავს ამ ბიზნესთან რაიმე კავშირი?
- არანაირი ტაქსის ბიზნესი მას არ ჰქონია. იგი შრომისუუნაროა და საჭიროებს მომვლელს. ატროფირებული აქვს ფეხის კუნთი, შინაგანი ორგანოები დაზიანებული, მის ფსიქიკურ პრობლემებს სამედიცინო ცნობაც ადასტურებს. ძალიან უჭირს მოძრაობა. მას სურს, საზოგადოების ფართო ჩართვით მოხდეს მისი საქმის განხილვა, რათა საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ამასთან, საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს.
ნინო შავგულიძე, დაკავებულის დედა: "20-30 პოლიციელი შემოვარდა სახლში, ჩემი რძალი კედლისკენ მიაგდეს და ჩემი შვილი ლოგინში მწოლიარე აიყვანეს. ის მთელი დღე შინ იყო, მცირეწლოვან ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად. კახა ძნელაძე ჩვენი უბნელია და, ჩემი შვილიც იცნობდა, არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ, ის ჩემს შვილზე უფროსი იყო".

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები