"ფონიჭალა დახურული ზონაა, აქ აზერბაიჯანელების უმრავლესობა ნარკოტიკებზე "ჩალიჩობს" - კვირის პალიტრა

"ფონიჭალა დახურული ზონაა, აქ აზერბაიჯანელების უმრავლესობა ნარკოტიკებზე "ჩალიჩობს"

გასულ კვირას ნარკორეალიზატორების გამოსავლენად საქართველოში რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა, მათ შორის ზედიზედ ხუთი ქვემო ფონიჭალაში. კრიმინალურმა პოლიციამ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და ფული ამოიღო, ნარკოდანაშაულისთვის კი ხუთი პირი დააკავა. ფონიჭალელები ბოლო დროს ნარკორეალიზატორების გახშირებულ დაკავებას იმით ხსნიან, რომ ბევრი მათგანი (ეთნიკურად აზერბაიჯანელი), რომლებიც წლების განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს, ძველ საქმიანობას აგრძელებს.

11 აგვისტოს, ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით ძმები ელნურ და სამრატ ჯაფაროვები დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღო. მოგვიანებით სამართალდამცველებმა ჰაილ ჰუსეინოვი დააკავეს. ის სახლიდან შეძახილებით, "ნარკოტიკები ჩამიდეს", გამოვიდა. მისი პირადი და სახლის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 44 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს.

16 აგვისტოს, ასევე ნარკოდანაშაულის ბრალდებით, პოლიციამ ვადიდ ჰუსეინოვი ფონიჭალაში, ხოლო მისი ბიძაშვილი, აბაზგულ ჰუსეინოვი, დავით აღმაშენებლის ხეივანში დააკავეს. მათი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 3 შეკვრა დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს.

"კვირის პალიტრა" მომხდარზე ვრცელ მასალას აქვეყნებს, გთავაზობთ ამონარიდებს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, მამუკა ჭელიძე:

- დაკავებულების ახლობლები და ადვოკატები ამბობენ, რომ ჰეროინი მათ პოლიციამ ჩაუდო.

- როდესაც ვიღებთ ოპერატიულ მასალას, რეალიზაციის ფაქტის დადასტურება მყარი მტკიცებულებებით უნდა მოხდეს, ველოდებით საკონტროლო შესყიდვებზე დანიშნულ ექსპერტიზებს, ვადგენთ, კონკრეტული პირი ნამდვილად ყიდის თუ არა ნარკოტიკს და შემდეგ ვიღებთ სასამართლოს განჩინებას დაკავების შესახებ.

ყველა საქმეზე, მათ შორის ფონიჭალის შემთხვევებზე, არსებობს მტკიცებულებები, ოპერატიული ვიდეომასალა, რითაც დასტურდება ნარკოტიკების რეალიზაციის მომენტები.

მ. რ. ქვემო ფონიჭალის მკვიდრი: "ფონიჭალა დახურული ზონა, ჩაკეტილი სოფელია. აქ აზერბაიჯანელების უმრავლესობა ნარკოტიკებზე"ჩალიჩობს". ამბობენ, ჰეროინი აზერბაიჯანიდან შემოაქვთო. ნარკობარიგებს ჩემი შვილი რომ არ შეესვათ წამალზე, მე და ჩემს ქმარს დიდი ბრძოლა დაგვჭირდა. აქ მცხოვრებთა უმრავლესობა დაავადებულია, ბევრიც მკურნალობს ნარკოლოგიურში.

წლებია, რაც ფონიჭალა ნარკომანებისა და ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ბუდეა. აქ ნარკოტიკების ღია ბაზარია და მას პატარა კოლუმბიას ეძახიან.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად.