"მამისთვის ორსულ ქალიშვილს უთქვამს, - მეც წამოგყვებიო..." - საზარელ ტრაგედიას შეწირული 5 სიცოცხლე - კვირის პალიტრა

"მამისთვის ორსულ ქალიშვილს უთქვამს, - მეც წამოგყვებიო..." - საზარელ ტრაგედიას შეწირული 5 სიცოცხლე

"ღამით ალბათ იმიტომაც დაადგნენ გზას, რომ აუტანელ სიცხეში ფეხმძიმე ქალის, ბავშვის და გულით ავადმყოფი კაცის სიარული რთულია..."

24 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის ტრასაზე შემზარავი ავტოკატასტროფა მოხდა, - გამთენიისას, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მიმავალ "ტოიოტას" ფირმის მსუბუქ ავტომანქანას ბათუმის მიმართულებით მოძრავი ტრაილერის მისაბმელი შეეჯახა, რა დროსაც ავტომანქანის 6 მგზავრიდან 5 ადგილზევე გარდაიცვალა. ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დარღვევისას ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალებას გულისხმობს. სოფელ ჩიბათის მცხოვრებლები ავტოკატასტროფის შესახებ შეძრწუნებულები ყვებიან.

გურამ ტუღუში, სოფელ ჩიბათის მკვიდრი:

- ეს ენითაუწერელი უბედურება გამთენიისას 3-სა და 4 საათს შორის დატრიალდა... საშინელების მომსწრენი გავხდით, ტრაილერის 10-მეტრიანი, დატვირთული მისაბმელი ისეთი ძალით იყო დაჯახებული, "ტოიოტა" მგზავრებიანად ღობეზე იყო მიჭყლეტილი...

5 ადამიანი უკვე დაღუპული იყო, მგზავრებიდან მხოლოდ ერთს ეტყობოდა სიცოცხლის ნიშან-წყალი...

რაც ვნახე, ამ საშინელების აღწერა ძნელია, სიცოცხლის ბოლომდე ვერ დავივიწყებ ალბათ ამ ტრაგედიას. თავდაპირველად ტრაილერის მძღოლი ვერც მიხვდა რა უბედურება დაატრიალა, არც გაუგია მისაბმელი რომ მოსწყდა, არხეინად განაგრძო გზა... ხუთი კილომეტრი იარა და მერეღა დაბრუნდა უკან მისაბმელის მოსაძებნად...

ყველა მძღოლი ვალდებულია შეამოწმოს მანქანის გამართულობა. მით უფრო, როცა ამხელა გზაზე მიდის, - მძღოლი ყაზახი იყო, ტვირთით სავსე ტრაილერიც ყაზახეთიდან მოჰყავდა და მისაბმელის დამაგრების საიმედოობა აუცილებლად უნდა შეემოწმებინა! ისიც ცხადია, რომ მისაბმელი სიჩქარის გადაჭარბებისას მოწყდა ტრაილერს, - მძღოლს დასახლებულ პუნქტში გათვალისწინებული სიჩქარით რომ ევლო, სავარაუდოდ, მისაბმელი ასეთი კატასტროფული ძალით ალბათ არ მოწყდებოდა.

- "ტოიოტას" მგზავრები ვინ იყვნენ?

- ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გამხდარიყო ამ ტრაგედიის მსხვერპლი... ყველანი ახალგაზრდები იყვნენ. ავტოკატასროფის შემდეგ მათი ნათესავები ჩამოვიდნენ, ვერ დაეჯერებინათ, რომ ამხელა უბედურება დატრიალდა.

მანქანაში ბათუმელი 54 წლის ჯემალ ქობულაძე, მისი ვაჟი იმედა, ქალიშვილი ასმათი, ასმათის მეუღლე გია ბოლქვაძე, მათი 6 წლის გოგონა და გიას დედა ისხდნენ. ჯემალის გარდა ყველა დაიღუპა.

როგორც ოჯახის ახლობლებმა გვითხრეს, ჯემალს გული აწუხებს, თბილისში ექიმთან მიდიოდა, ოპერაციისთვის ემზადებოდა. მამისთვის ორსულ ქალიშვილს უთქვამს, - მეც წამოგყვები, თავადაც ექიმის კონსულტაცია მჭირდებაო თან ქმარი, შვილი და დედამთილიც წაყვნენ, ჯემალს ვაჟიც თან ახლდა, სწორედ ის იჯდა იმ საბედისწერო ღამეს საჭესთან. ღამით ალბათ იმიტომაც დაადგნენ გზას, რომ აუტანელ სიცხეში ფეხმძიმე ქალის, ბავშვის და გულით ავადმყოფი კაცის სიარული რთულია... გამთენიისას, ისეთ დროს მოძრაობდნენ გზაზე, როცა მანქანები თითქმის არ მოძრაობს, ანდა კანტი-კუნტად დადიან... სად გამოჩნდა ამ დროს ეს ტრაილერი, რა ბედისწერა ჰქონიათ...

გურიაში სოფელ ჩიბათთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი ამ დროისთვის დაკავებულია. აღნიშნული ინფორმაცია Allnews.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. უწყების ინფორმაციით, მძღოლი ყაზახეთის მოქალაქეა. შემთხვევაზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)