"მოკლეს ჩემი ძმა წამებაში, მაინც არ გამცა... მე კი იმის ვაჟკაცობა არ მეყო, რომ სიმართლე მეღიარებინა" - კვირის პალიტრა

"მოკლეს ჩემი ძმა წამებაში, მაინც არ გამცა... მე კი იმის ვაჟკაცობა არ მეყო, რომ სიმართლე მეღიარებინა"

"ჩემს ძმას, კახა შანშიაშვილს, მთელი ცხოვრება ავურიე, იმის ვაჟკაცობა არ მეყო, რომ სიმართლე მეღიარებინა, მაგრამ მე ციხეში ვერ ჩავჯდებოდი"

"გაუბედურებული მამა ვარ, 68 წლის კაცი. გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში ვცხოვრობ, მაქვს დიდი მეურნეობა, დაუღალავი შრომით დოვლათსა და ბარაქას ვქმნი, მაგრამ რისთვის ვიკლავ თავს, რად მინდა? ერთი შვილი გარდამეცვალა, მეორე კი ძებნილია. გადატანილი ტრაგედიების შემდეგ, ჩემს სიცოცხლეს აზრი დაეკარგა, იძულებული ვარ, უკიდურეს ზომებს მივმართო, დამეხმარეთ!" – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი სასოწარკვეთილმა მამამ, რომლის ოჯახსაც 90-იანმა წლებმა საშინელი დაღი დაასვა. მას შემდეგ, როგორც თავად ამბობს, რკინის ქალამნები აცვია და სიმართლეს დაეძებს.

გურამ შანშიაშვილი:

"ორი შვილი მყავდა - გელა და კახა, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს. გელა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, კახა კი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, ღვინის ტექნოლოგიურზე. 1999 წელს ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე, თბილისში გელას ნაქირავებ ბინაში პოლიცია მივიდა. გელა შინ არ იყო და უმცროსი ვაჟი, კახა დახვდათ. ვინაიდან ძმები ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, პოლიციამ კახა დააკავა და წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანა. ჩემს შვილს აიძულებდნენ 16 ყაჩაღობა ეღიარებინა. წამების მიუხედავად, კახას დანაშაული არ უღიარებია.

ვახტანგ ზაუტაშვილის საქმე თუ გახსოვთ, რომელმაც ცოლი ცოცხლად დაწვა. ბრალდება კახას მასთან ერთად ყაჩაღობას ედავებოდა. ორივენი ერთად გაასამართლეს, მოსამართლემ ზაუტაშვილს ყაჩაღობის ბრალდება მოუხსნა (მხოლოდ ცოლის დაწვისთვის მიუსაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა), კახას კი 16 წელი მიუსაჯეს.

უზენაესი სასამართლოს განაჩენში ასეთი რამ წერია: "1999 წლის დასაწყისში ვახტანგ ზაუტაშვილმა, ზურაბ ღვინიაშვილმა და კახაბერ შანშიაშვილმა ორგანიზება გაუკეთეს და ჩამოაყალიბეს მყარად შეიარაღებული ბანდიტური ჯგუფი. ბანდა შეიარაღებული იყო ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით, ნიღბებით, ხელთათმანებით, ფარნებით, თოკებითა და სხვა აღჭურვილობით. ისინი ფანჯრიდან იჭრებოდნენ ბინებში და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით იტაცებდნენ ქონებას. წინასწარ სწავლობდნენ თავდასხმის ობიექტს, თიშავდნენ ბინაში შემავალ ელექტრო და სატელეფონო ხაზებს და ამ გზით მოპოვებული ქონებისა და მისი რეალიზაციით მიღებულ თანხებს ურთიერთშორის ინაწილებდნენ."

ოთხი წლის შემდეგ, 2003 წლის 8 ივნისს, დილის 7 საათზე სასჯელაღსრულების რუსთავის #2 დაწესებულებიდან დამირეკეს და შემატყობინეს, რომ ჩემი შვილი გათხრილი გვირაბის მეშვეობით ციხიდან გაიქცა. გამოძიების მასალებით დადგენილია, რომ შვიდმა პატიმარმა 120-მეტრიანი გვირაბი გათხარა. როგორც შემდგომ გავარკვიე, თურმე წელიწად-ნახევრის განმავლობაში იჭრებოდა, რაც წესით, ყველას უნდა სცოდნოდა. როცა რუსთავში ჩემს შვილთან პაემანზე მივდიოდი, ვხედავდი, რომ ციხის ტერიტორიაზე მიწის გროვები ეყარა. მე დავეჭვდი, პატიმრები გაქცევას ხომ არ აპირებენ-მეთქი და ციხის ადმინისტრაციას თვალები არ ჰქონდა? მერჩივნა, ჩემი შვილი არ გაქცეულიყო, უფრო დავადგენდით სიმართლეს და დღეს სახლში მეყოლებოდა.

ვიდრე კახა ციხეში იჯდა, გელა მუდმივად აკითხავდა, სულ ცდილობდა, საპატიმროს ტერიტორიაზე ეტრიალა.

ერთ დღესაც, ჩვენს თავს დიდი ტრაგედია დატრიალდა, რამაც თავდაყირა დააყენა მანამდე არსებული ოფიციალური ვერსია და სასამართლოს განაჩენიც – 2004 წლის 10 აგვისტოს კაჭრეთში, ჩვენი სახლის ეზოში, დილის 9 საათზე გელა კაკლის ხეზე ჩამომხრჩვალი ვიპოვეთ.

თვითმკვლელობის წინადღეს, 9 აგვისტოს, მან წერილი დაწერა, სადაც ყველაფერს აღიარებდა. წერილი პროკურორმა ამოიღო ჩემი გარდაცვლილი შვილის ჯიბიდან. გელა მაშინ 30 წლის იყო. წერილში ნათქვამია, რომ ყაჩაღურ თავდასხმებს თავად სჩადიოდა და არა მისი ძმა.

როგორც ჩანს, თავის დროზე, სამართალდამცავები ორმა გარემოებამ შეაცდინა: პირველი – ძმები ტყუპივით ჰგავდნენ ერთმანეთს და მეორე – კახა შანშიაშვილმა ძმა არ დაასმინა, პოლიციას კრიმინალური დაჯგუფების მთავარ ფიგურანტად გაეცნო და დანაშაული საკუთარ თავზე აიღო.

ჩატარდა გრაფიკული ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ წერილი მართლაც გელას ხელნაწერი იყო. წერილის პოვნის შემდეგ, როგორც იტყვიან, რკინის ქალამნები ჩავიცვი და საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით ყველა ინსტანციას მივმართე. ქალაქის პროკურატურამ მართლაც დაიწყო საქმის ხელახალი გამოძიება, მაგრამ ის მალევე შეჩერდა. ბრალდებას ცრუ მოწმეები ჰყავდა მოწვეული, რომლებმაც პასუხისმგებლობის შიშით ისევ იგივე, პირველი ჩვენება დაადასტურეს. დროთა განმავლობაში გავარკვიე, რომ ყველა, ვინც ამოცნობაზე ჰყავდათ, უშიშროების თანამშრომელი და მათი აგენტი იყო, ზოგიც პოლიციის თანამშრომელი, რომელთაგან ბევრი დღემდე პოლიციაში მუშაობს. ამ საქმეზე ბევრმა ადვოკატმა იმუშავა, ახალი გარემოების გამო ყველა ინსტანციის სასამართლოს მიმართეს, ბოლოს საქმე უზენაესამდე მივიდა, რომელმაც წერილი არ ჩათვალა ახალ გარემოებად. ერთადერთი ადამიანი, ვინც უზენაესის პალატაში ჩვენს საჩივარს მხარს უჭერდა, მოსამართლე დავით სულაქველიძე იყო, თუმცა, სიმართლე ვერ გაიტანა და სასჯელი სასჯელად დარჩა.

როცა კახა დაიჭირეს, იმხანად ვინმე გვარად ბანცურის სახლი ჰქონდათ გაქურდული, ბინიდან 1.000 დოლარი და ოქროული წაუღიათ. ერთი დეტალით მივხვდი, ამ საქმეში კახა კი არა, გელა რომ იყო გარეული – ბანცურებს მოუთხოვიათ, იმ ოქროულში ჩვენთვის ძვირფასი მამაპაპისეული ნივთია, ოჯახური რელიკვია და დაგვიბრუნეთ, თქვენ მაინც ვერ გამოიყენებთო. გელას გარდაცვალებამდე წამოსცდა, პატრონს ის ნივთი უკან მივეციო, ამ ამბავს ბანცურმა სასამართლოზე მოჰყვა, მისი ოჯახიდან წაღებული ფული და ოქროული კი პოლიციელებს გაუყვიათ.

გელამ მესამე კურსიდან იურიდიულზე სწავლას თავი დაანება, ამბობდა, ჩემგან პოლიციელი მაინც ვერ გამოვაო. არ ვამბობ, რომ უდანაშაულო იყო, დრო იყო ცუდი და, სამწუხაროდ, ახალგაზრდების უმრავლესობა ცუდ წრეში ხვდებოდა... მაგრამ, თუ მან 1-2 დანაშაული ჩაიდინა, საბოლოოდ ყველაფერი კახას აჰკიდეს, მერე კი, რაც კი იმხანად დანაშაული (არა მარტო ყაჩაღობები) მოხდა, ყველა მას მიაწერეს. თვითონაც არ იცოდნენ, რას ედავებოდნენ, მისამართსაც ვერ ასახელებდნენ. მაგალითად, 1999 წელს ბუღალტერმა ბანკიდან 45.000 გამოიტანა და იმ ღამით დააყაჩაღეს. ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული წლების მერე გამოვიდა ციხიდან და ვკითხე, სად წაიღეთ ამდენი ფული-მეთქი და მითხრა, ჩვენ არ წაგვიღია, ვიღაც ვნახე ციხეში და იმან მითხრა, ფულის ნახევარი პოლიციას მივეცით, ნახევარი ჩვენ წავიღეთ, ეგ საქმე ჩვენ გავაკეთეთ, დანაშაული კი თქვენ აგკიდესო.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ყველას მივმართე – პარლამენტს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრს, მაგრამ არსაიდან გამოხმაურება არ ყოფილა.

ახლა იძულებული ვარ, უკიდურეს ზომებს მივმართო, რადგან არავინ მაქცევს ყურადღებას. მაინცდამაინც თავი უნდა დავიწვა? ერთხანს სტრასბურგში ვაპირებდი გასაჩივრებას და ვიღაც მომიგზავნეს, თუ გაასაჩივრებ, დაგიჭერთო. ოჯახისთვის მორიგი შარი რომ ამერიდებინა თავიდან, გავჩერდი.

რუსთავის სასამართლომ გაქცევისთვის კახას კიდევ 3 წელი და 9 თვე დაუმატა. გეკითხებით, ადამიანი, რომელიც უდანაშაულოდ იჯდა ციხეში და იქიდან გაიქცა, მაინც დამნაშავეა?!

ჩემი ერთი შვილი შეეწირა ამ ამბავს და მეორეს გზა-კვალი 13 წელია არ ვიცი. ვინაიდან აქ სიმართლის დადგენა არავის აინტერესებს, ავდგები და მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ევროპულ სასამართლოს, ისევ უცხო ქვეყანაში ვეძიებ სამართალს. მუხლჩაუხრელად ვშრომობ მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემი კახა თუ დამიბრუნდა, რაღაც დავახვედრო, მან ხომ თავიდან უნდა დაიწყოს ცხოვრება, მაგრამ სად არის? დამიბრუნეთ ჩემი ერთადერთი შვილი!

"ღმერთს გეფიცებით, ყველაფერს მართალს გიყვებით"

თვითმკვლელობამდე გელა შანშიავილმა წერილი დაწერა.

"სინდისმა ძალიან შემაწუხა. როდემდე და სადამდე შეიძლება ამდენის მოთმენა. მინდა, ბოლო-ბოლო სიმართლე გაიგოს ყველამ, მოსამართლემ, პროკურორმა, მშობლებმა თუ ხალხმა. ძალიან დიდი ცოდვა ჩავიდინე. თითქმის ოთხი წელი ჩემი ძმა ციხეში გავტანჯე და ჩავაგდე ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. რომელი ყაჩაღობაც მე ჩავიდინე, ჩემს ძმას დაბრალდა. თანაც მე თუ ერთი ჩავიდინე, მას თხუთმეტი თუ მეტი ყაჩაღობა ჩაუდენია ვითომ. არადა, სრულიად უდანაშაულოა. ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. კახამ იცოდა ჩემი სახლი (სადაც გელა შანშიაშვილი პოლიციას ემალებოდა.), ჩემთან მოვიდა, რა დროსაც გასული ვიყავი და დაუწყია ჩემი ლოდინი. ამასობაში მოვიდა პოლიცია და აიყვანა უდანაშაულო ადამიანი. რა თქმა უნდა, მათ ყაჩაღი ეგონათ,…მოკლეს ჩემი ძმა წამებაში, მაინც არ გამცა. გადავწყვიტე, ჩემს ძმასთან სასამართლოებზე ხშირად მევლო. ველოდებოდი, რომელი ადამიანიც მე დამეტაკა (პოლიციელი ასათიანი), მოსულიყო და ვეცნე, მერე ყველაფერს ვაღიარებდი და ჩემს ძმასაც ასე არ გავტანჯავდი, მაგრამ მოხდა სასწაული: მოვიდა ასათიანი, მე დარბაზში ვზივარ და ჩემს ძმაზე თქვა, ამან დამარტყაო. კინაღამ გავგიჟდი. ჩემი ძმა რისი დამრტყმელი იყო, სინამდვილეში მე გავარტყი და ამხელა კაცი წაიქცა. ჩემს ძმას, კახა შანშიაშვილს, მთელი ცხოვრება ავურიე, იმის ვაჟკაცობა არ მეყო, რომ სიმართლე მეღიარებინა, მაგრამ მე ციხეში ვერ ჩავჯდებოდი. ციხეს სიკვდილი მირჩევნია. ჩემო მშობლებო, შვილი გაგიუბედურეთ, სიკვდილის ღირსი ვარ. პროკურორებო, მოსამართლეებო, გამომძიებლებო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ. ღმერთს გეფიცებით, ამ ყველაფერს მართალს გიყვებით", – წერდა გელა.

ნანა ფიცხელაური