"მატილდა ძაღლს გამოსარჩლებია, შელაპარაკებისას ორჯერ ზედიზედ მუშტი დაურტყამს ქალისთვის სახეში..." - კვირის პალიტრა

"მატილდა ძაღლს გამოსარჩლებია, შელაპარაკებისას ორჯერ ზედიზედ მუშტი დაურტყამს ქალისთვის სახეში..."

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიღნაღში, ცხოველების თავშესაფრის მეპატრონე, მატილდა მირზოევს სცემეს. "ფეისბუკში" მომხარებელ ლაშა გეგეჭკორის მიერ გავრცელებულ ამ პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენ დაზარალებულთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ტელეფონი გამორთული აქვს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

"ფეისბუკში" გავრცელებული ინფორმაციით, მატილდა მირზოევი თბილისიდან ბებია-პაპას სანახავად ჩასულმა მამაკაცმა სცემა, რომელიც ნასვამი ყოფილა.

"ჯერ ბიჭიკოს (კავკასიური ნაგაზი - ავტ.) გადაკიდებია, ბიჭიკო ძლივს დადის, 17 წლისაა, ხმამაღლა აგინებდაო, მერე მატილდა გამოსარჩლებია და იმისთვისაც უგინებია და შელაპარაკებისას ორჯერ ზედიზედ მუშტი დაურტყამს სახეში... 112 თვითონ მატილდამ გამოძახა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მატილდას თან უმცროსი შვილი ახლდა... დამნაშავეს ეძებენ, იმალებაო.." - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი "ფეისბუკში".

"მატილდას თავშესაფარი, ასე იცნობენ ადგილობრივები სახლს, სადაც მატილდა მირზოევი მოხუც დედასთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ენთუზიაზმის ხარჯზე ზრუნავს უსახლკარო ცხოველების გადარჩენაზე.

"იმ დღეს ყუთით 5 კნუტი ვიღაცას ქუჩაში დაუსვია, აკანკალებდათ, ჩემ ბედზე გავედი, გადავეყარე და სახლში შემოვიყვანე. იმათ ახლა ჩემი დედა კატა ძუძუს აჭმევს და ზრდის", - ყვება ერთ-ერთ ისტორიას მატილდა.

"ადგილობრივი თვითმმართველობის არცერთ სამსახურს არ ევალება მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობა, მონაცემთა ბაზის შექმნა ან სხვა ზომების მიღება", - განმარტავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი რამაზ პოპიაშვილი.

ამიტომ, მატილდას მზრუნველობაში მყოფ მიტოვებულ ცხოველებს ძალიან გაუმართლათ. თავშესაფრის მობინადრე ძაღლები და კატები ყოველდღიურად იღბენ ოჯახში დამზადებულ წვნიას, პურს და ყველა საჭირო ვაქცინაციას/მედიკამენტს.

"ეს ძაღლები გაქუცულები იყვნენ, ბეწვი არცერთს არ ჰქონდა და აი, მატილდამ მოარჩინა" -ამბობს სიღნაღის მაცხოვრებელი. ბიჭიკო, მურა, პიშკა, კოჭლი, ტაჟღუნა - ეს იმ ძაღლების სახელებია, რომლებიც მატილდას დახმარებით ქეცისგან განიკურნენ", - ვკითხულობთ "ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის" ინფორმაციაში.

იმ შემთხვევაში თუ გაგიჩნდებათ სურვილი დაეხმაროთ (ფიზიკურად/ინფორმაციით/საკვებით/ფინანსებით/პროდუქტებით ან სხვა) მატილდას მიკედლებულ მიტოვებულ ცხოველებს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: mail: chemisofeli@live.com ტელ: 598 793421

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)