"ამბობენ, მეორედ გათხოვების შემდეგ ყოფილ ცოლს ემუქრებოდა, რაც გააკეთე, არ გაპატიებო!" - კვირის პალიტრა

"ამბობენ, მეორედ გათხოვების შემდეგ ყოფილ ცოლს ემუქრებოდა, რაც გააკეთე, არ გაპატიებო!"

"მეორე ქორწინებიდან ხუთი თვის ბავშვი მყავს, რომელიც ყოფილი მეუღლის ნასროლმა ტყვიამ კინაღამ მომიკლა"

"კაცი, რომლსაც ქალი გაჰყვა ცოლად, მის ყოფილ ქმართან ახლობლობდა"

ყოფილ ცოლზე შურისძიების მიზეზით კიდევ ერთი მძიმე დანაშაული ოზურგეთში მოხდა, რომლის მკვიდრმა გია დონაძემ ყოფილი მეუღლის ინდირა კოსტავას საცხოვრებელ სახლში სანადირო თოფიდან გასროლით ერთდროულად სამი ადამიანი დაჭრა, - ყოფილი სიდედრი, ყოფილი მეუღლის 5 თვის შვილი მეორე ქორწინებიდან და მათი მეზობელი ქალბატონი. დანაშაულში ბრალდებულს ინდირა კოსტავასთან სამი შვილი ჰყავს, რომელიც დედასა და მამინაცვალთან ერთად დედის სახლში ცხოვრობენ და რომლებიც დანაშაულის მოწმენი გახდნენ. სამივე დაჭრილი ოზურგეთის კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებული უკვე დაკავებულია.

ინდირა კოსტავას თქმით, პირველ ქმარს ორი წლის წინ გაშორდა, რის შემდეგაც ახალი ოჯახი შექმნა, თუმცა ყოფილი მეუღლე "თავს არ ანებებდა".

"ორ წელიწადზე მეტია პირველ ქმარს გავშორდი. ოფიციალურად ვართ განქორწინებულები. პირველ ქმართან სამი შვილი მყავს, რომელთა ნახვის უფლება მამას ჰქონდა, მაგრამ ამით არ კმაყოფილდებოდა... სულ მემუქრებოდა, მლანძღავდა... განქორწინების შემდეგ მეორე ოჯახი შევქმენი, ამ ქორწინებიდან ხუთი თვის ბავშვი მყავს, რომელიც ყოფილი მეუღლის ნასროლმა ტყვიამ კინაღამ მოკლა.

გუშინაც დამირეკა ტელეფონზე, ითხოვდა შეხვედრას და ისევ დამემუქრა მოკვლით. საუბრის შემდეგ, დაახლოებით ხუთ წუთში მოვიდა ჩემს სახლთან და მანქანიდან ისროლა. გარეთ იყვნენ დედაჩემი, მეზობლის ქალი და ჩემი ხუთი თვის ბავშვი. როგორც კი გააჩერა მანქანა, მაშინვე ისროლა. ბავშვი დღეს უნდა გამოწერონ "მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრიდან, მაგრამ არ ვიცი, როგორ იქნება, შეიძლება ქუთაისში გავაგრძელოთ მკურნალობა," - განაცხადა ინდირა კოსტავამ "ინტერპრესნიუსთან".

მომხდარის თაობაზე ოჯახის მეზობელი გვესაუბრება:

"ეს უბედურება ბავშვებისა და მეზობლების თვალწინ მოხდა, რის გამოც ჯერ კიდევ გონზე ვერ მოვსულვართ, კაცი მანქანიდანვე ისროდა, არც გადმოსულა, შეშლილ მდგომარეობაში იყო. ამბობენ, რომ მთვრალიც იყო... ყოფილ ცოლზე და სიდედრზე მოვიდა შურის საძიებლად და ყოფილი ცოლის ნაცვლად მეზობელ ქალს დაუწყო სროლა. თავად ინდირა ამ დროს ეზოში არ დახვდა, სახლიდან იყო გასული და რადგან მეზობელი ქალი ინდირას დედას ედგა გვერდით, გიას სწორედ ის ეგონა ინდირა. ალბათ ღამის გამოც ვერ გაარჩია ვის ესროდა. რაც შეეხება ბავშვს, ის ინდირას დედას ეჭირა ხელში. როგორც ჩანს, გია ბავშვს არც უმიზნებდა, სიდედრსა და მისი აზრით, თავის ყოფილ ცოლს ესროდა...

დაწერეს თითქოს გიასა და ინდირას შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო და ეს გახდა მათი დაშორების ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა ეს ასე არ არის. გია 5-6 წლით არის უფროსი. რა გახდა მათი უკმაყოფილების მიზეზი, არ ვიცი, რთულია სხვის ოჯახზე ლაპარაკი, ფაქტია, კაცზე ამ განქორწინებამ ძალიან იმოქმედა.

- განქორწინების მიზეზი ინდირას მეორე ქმარი ხომ არ იყო?

- არ ვიცი, ფაქტი ისაა, რომ კაცი, რომლსაც ინდირა გაჰყვა ცოლად, მის ყოფილ ქმართან ახლობლობდა. ბუნებრივია, რომ ამან უფრო გაამწვავა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა. ამბობენ, მეორედ გათხოვების შემდეგ ყოფილ ცოლს სულ აფრთხილებდა, რაც გააკეთე, არ გაპატიებო! იმ დილასაც დაურეკავს მუქარით... საბედნიეროდ, ყველა გადარჩა…

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)