"როგორც ჩანს, მთელი ძალით დაარტყა დანა ყელში" - რატომ მოკლა 17 წლის ვაჟი მამამ? - კვირის პალიტრა

"როგორც ჩანს, მთელი ძალით დაარტყა დანა ყელში" - რატომ მოკლა 17 წლის ვაჟი მამამ?

1-ლ სექტემბერს ტრაგედია დატრიალდა თიანეთის რაიონის სოფელ ახალსოფელში. 55 წლის ცეზარ აბრამიშვილმა 17 წლის შვილი, ვალერი აბრამიშვილი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული, რაც 7-იდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ამის შესახებ გარდაცვლილის მეზობელი გვესაუბრება, რომელმაც თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- კარგი ბიჭი მოგვიკვდა, კეთილი და დაუზარელი. რაც მოხდა, დიდი ტრაგედია არა მხოლოდ ამ ოჯახისა და სოფლისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ბიჭიც და მამაც იმ სიტუაციის მსხვერპლნი არიან, რაც საქართველოშია, როდესაც ოჯახისთვის ლუკმა-პურის საშოვნელად დედები უცხოეთში არიან გადახვეწილები და შვილებისა და ქმრების იძულებით, წლობით მიტოვება უწევთ…

ასე მოხდა ამ ოჯახშიც, სადაც სამი ბავშვი იზრდებოდა. სამივენი პატარები იყვნენ, როდესაც დედა ლუკმა პურის საშოვნელად საზღვარგარეთ წავიდა და ბავშვები მამასთან მარტო დარჩნენ. ბიჭი მხოლოდ 2 წლის იყო, დები კი ცოტათი უფროსები. სამივენი მამამ ჩაიბარა და ვერავინ იტყვის, რომ არ უვლიდა. ცოლი უცხოეთიდან ფულს რომ აგზავნიდა, ოჯახს უვლიდა. ოჯახში დარჩენილი მარტოკაცი ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ ტვირთს მაინც ვერ გაუძლო და ბოლოს სმას მიჰყო ხელი.

ბოლოს მუდმივად სვამდა. ვეღარ ვცნობდით, ისეთი უხეში გახდა. აქედან დაიწყო ყველა უბედურება. უფროსი გოგონა ადრეულ ასაკში გათხოვდა და თავს უშველა, ბიჭმა კი სწავლაზე აიღო ხელი. არადა, ძალიან ნათელი გონების ბავშვი იყო, - მამამ კი ვერ შეძლო შვილებს განათლების მიღებაში დახმარებოდა. ბიჭმა 9 კლასი რომ დაამთავრა, სკოლაში აღარ წავიდა, გამოაცხადა, ყველამ ხომ არ უნდა ისწავლოს, მე ვიმუშავებო, მაგრამ ვერ იმუშავა.

დარჩა ასე ჰაერში გამოკიდებული. მამამისს ეს არ მოსწონდა და შვილს სულ ეჩხუბებოდა, ამიტომ როცა მამა მთვრალი იყო, ბიჭი სახლში არ ჩერდებოდა... ხშირად კამათობდნენ. ეს უბედურებაც მორიგი ასეთი კამათისას მოხდა.

მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს, არავინ იცის, ზუსტად რა მოხდა, ან რა უთხრეს ერთმანეთს, მაგრამ საბრალო ბიჭი ღამე გამოვარდა ქუჩაში ყვირილით, - მიშველეთო. ბიჭს საძილე არტერია ჰქონდა დაზიანებული, ძალიან ღონიერი რომ არ ყოფილიყო, ამ მდგომარეობაში ქუჩამდე ვერც გამოაღწევდა. როგორც ჩანს, მამამ მთელი ძალით დაარტყა დანა ყელში. შველა კი უკვე ვეღარ მოხერხდა, სასწრაფო რომ მოვიდა, ბიჭი ცოცხალი აღარ იყო.

- მამამ გააცნობიერა რა გააკეთა?

- სახლიდან გამოვარდა და გაიქცა. მერე გავიგეთ, რომ პოლიციაში მისულა. ახლა აღარაფერს აქვს მნიშვნელობა, - ამ კარგი ბიჭის სიცოცხლე  ნაადრევად დასრულდა, მისი მშობლების სიცოცხლეც ასევე დასრულებულია. ყველანი სასოწარკვეთილები ვართ, არ ვიცით, რა ვუთხრათ, როგორ შევხვდეთ, ამ ბიჭის უბედურ დედას, როცა 15 წლის შემდეგ შვილს ამ მდგომარეობაში ნახავს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)