"ნეფარიძე შტერი იყო, უფრო ჭკვიანი დეპუტატები უარესსაც ბევრად გააზრებულად აკეთებენ" - კვირის პალიტრა

"ნეფარიძე შტერი იყო, უფრო ჭკვიანი დეპუტატები უარესსაც ბევრად გააზრებულად აკეთებენ"

25 აგვისტოს ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა. მას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სანამ საქმის დეტალებს ვრცლად მოგიყვებით, შეგახსენებთ, რომ ზურაბ ნეფარიძე თაღლითობის ბრალდებით წინა ხელისუფლების დროსაც იხდიდა სასჯელს, თუმცა, საპატიმროდან 2012 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. მოგვიანებით, 2015 წელს, ისნის მაჟორიტარ დეპუტატზე პროკურატურაში ისევ ორი საჩივარი შევიდა, სადაც მას ფულის გამოძალვას ედავებოდნენ - ბიზნესმენი ბესარიონ ხვინთელიანი მაშინ 40.000 დოლარის დაბრუნებას ითხოვდა, რომელიც, მისი განცხადებით, ნეფარიძეს საადვოკატო მომსახურებისთვის 2010 წელს გადაუხადა, თუმცა, შესაბამისი მომსახურება ვერ მიიღო.

ამჯერად კი დეპუტატს, რომელიც საკრებულოში 2014 წელს "ქართული ოცნების" სიით მოხვდა, ქრთამის აღებაში საკუთარი მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომელი ადანაშაულებს. მასთან ერთად დაკავებულია საკრებულოს თანამშრომელი ანა მენთეშაშვილიც, რომელიც, პროკურატურის ინფორმაციით, დეპუტატის ცოლისდაა. როგორც ბრალდებაშია მითითებული, ზურაბ ნეფარიძე თანამშრომელს ხელფასიდან ყოველთვიურად 400 ლარს ართმევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა. ამასთან, ბრალდებაში მითითებულია, რომ დეპუტატს ბიუროში თანამშრომლად შვილის შეყვარებულიც ჰყავდა გაფორმებული, მისთვის განკუთვნილ ხელფასს კი თავად განკარგავდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულის წინააღმდეგ ჩვენება შვილმაც მისცა, თუმცა, მან ეს უარყო.

ზურაბ ნეფარიძე პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ ბიუროს თანამშრომელთა ხელფასის ნაწილი კომუნალურ გადასახადებს ხმარდებოდა. არადა, დედაქალაქის ბიუჯეტიდან საკრებულოს ბიუროებს ყოველთვიურად 5.000 ლარი ერიცხება, საიდანაც 3.000 სახელფასო ფონდისთვის, 2.000 კი ოფისის ქირისა და კომუნალური ხარჯისთვის არის განსაზღვრული. დეპუტატი და მისი ადვოკატი დაკავების მოტივად პოლიტიკურ დაპირისპირებას ასახელებენ.

"ქართული ოცნების" წევრებმა ნეფარიძის ინიციატივით დაწყებული პროექტები დაბლოკეს"

"კვირის პალიტრა" დაკავებულის ადვოკატს, სულხან კაპანაძეს დაუკავშირდა:

- როგორც ჩანს, ნეფარიძის პოზიციები კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებთან თანხვედრაში არ იყო და თავიდან მოშორება აბსურდული ბრალდებით სცადეს. ნეფარიძე ჩვენებაში განმარტავს, რომ ოფისის კომუნალურ გადასახადებს ბიუროს თანამშრომლები საკუთარი ხელფასიდან მესამე წელია იხდიან და პრეტენზია არასოდეს გამოუთქვამთ. ოფისში უამრავი რამ სჭირდებათ - დენი, ინტერნეტი, გაზი, საკანცელარიო ნივთები...

- კომუნალური ხარჯებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან ბიუროს 2.000 ლარი ყოველთვიურად ერიცხება. აქვე გკითხავთ, რომელ პოლიტიკურ ჯგუფს დაუპირისპირდა ის?

- ამაზე ზურაბ ნეფარიძე თავად ისაუბრებს. ერთ ფაქტს კი გაგიმხელთ - "ქართული ოცნების" წევრებმა ისნის რაიონში ნეფარიძის ინიციატივით დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტები დაბლოკეს. ვის არ სურდა, მის სახელს ეს პროექტები დაჰკავშირებოდა, დეპუტატი თავად იტყვის.

- ნეფარიძის წინააღმდეგ ორი სარჩელი შევიდა პროკურატურაში - ბიზნესმენი ბესარიონ ხვინთელიანი და ასევე, მაია დარსალია მას სოლიდური თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ.

- ვიცი, რომ საგამოძიებო უწყებამ ბრალდებები სრულად შეისწავლა, ზურაბ ნეფარიძისა და მისი საადვოკატო ბიუროს მიერ ეთიკის კოდექსის გადაცდომა ან სისხლის სამართლის დანაშაული არ გამოკვეთილა. მაია დარსალიას შემთხვევაში კი მძიმე დანაშაულზე იყო საუბარი.

- დანაშაულს მაია დარსალია არც უარყოფს, ის სამართალდამცავ ორგანოებთან გამოცხადებასაც თავად აპირებდა, თუმცა, ამტკიცებს, რომ ნეფარიძემ ურჩია, არ ჩაბარებულიყო. მეტიც, როგორც დარსალია ჰყვება, ნეფარიძემ ურჩია, ნარკოტიკები მიეღო და ამ გზით მომხმარებლის სტატუსით გათავისუფლებასაც დაჰპირდა.

- როგორც გითხარით, დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. განახლდება თუ არა საქმის შესწავლა, ვერ გეტყვით, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება.

"საკრებულოში კადრები და შესაბამისად, ხელფასები გაათმაგდა"

გოგა თუშურაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი: - დედაქალაქის საკრებულოში წინა წლებთან შედარებით კოლოსალურად მაღალია დასაქმებულთა რაოდენობა. თუ 2011 წელს შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებისთვის 200.000 ლარი იყო განსაზღვრული, გასულ წელს ხელფასის მოცულობამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა, ანუ, ფაქტობრივად, კადრები და შესაბამისად, ხელფასები გაათმაგდა. თბილისის საკრებულოს უმრავლესობისგან მივიღეთ პასუხი, რომ თბილისის საკრებულოს სახელფასო ფონდი და საშტატო ერთეული არ გაზრდილა და შესაძლოა, ხარჯების ზრდა მხოლოდ მაჟორიტართა ბიუროებს უკავშირდება, ანუ ბიუროებს არა აქვთ შეზღუდვა, შეუძლიათ რამდენიმე თანამშრომელი დაასაქმონ. ეს ქმნის რისკს, ხელმძღვანელმა საკადრო რესურსი გამოიყენოს - დაასაქმოს ახლობლები და მათი სახელფასო თანხა მიითვისოს.

"იაფფასიანი კორუფცია მეტასტაზებივით ვრცელდება"

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - ვაკეში მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ხშირად დახურულია და თანამშრომელთა მოსაძებნად კარზე ტელეფონის ნომრებია მითითებული. ტელეფონზეც ან გიპასუხებენ, ან არა. მაჟორიტარებს ახლობლები ჰყავთ დასაქმებული. ამ ვითარებამდე სახელმწიფო კონტროლის შესუსტებამ მიგვიყვანა, რაც იაფფასიანი კორუფციის რისკებს ზრდის. ეს ბევრად სახიფათოა, ვიდრე ელიტური კორუფცია, რადგან ის მეტასტაზებივით და თან უსწრაფესად ედება სისტემას.

- ნეფარიძის დაკავება მიანიშნებს, რომ კორუფციის მეტასტაზები საკრებულოს უკვე მოედო, თუ ცალკეულ შემთხვევად უნდა განვიხილოთ, რადგან მსგავსი ბრალდებით სხვა დეპუტატი პასუხისგებაში არ მიუციათ?

- არ მჯერა, რომ ნეფარიძე გამონაკლისია. თუ ერთმა გაბედა და აპატიეს, სხვებიც აჰყვებიან. კარგად გვახსოვს თედო კობახიძის ამბავი, ანალოგიურ ბრალდებებს უყენებდნენ თანამშრომლები, თუმცა, გამოძიება არ დაინტერესებულა, რადგან, ჩანს, ნეფარიძისგან განსხვავებით, პატრონი ჰყავდა და საქმე ჩაიფარცხა.

სამწუხაროდ, ხელფასიდან "ატკატების" აღება მერიასა და საკრებულოში პოპულარული მეთოდია. როდესაც ჩინოვნიკს ბევრის მოპარვა არ შეუძლია, მცირედითაც კმაყოფილდება. არაფერს ვამბობ იმ საჯარო მოხელეებზე, რომლებიც მერიაში ფულის გამოძალვისთვის დააკავეს, დაწყებული ჯოკია ბოდოკიათი და ოთარ აბესაძით დასრულებული. რეგიონებში უარესი მდგომარეობაა, იქ კონტროლი კიდევ უფრო შესუსტებულია, ვიდრე ცენტრში. ცენტრალური ხელისუფლებაც აღიარებს, რომ რეგიონებში საჯარო სტრუქტურები გამგებლებისა თუ საკრებულოს წევრების მამიდებითა და ბიცოლებით გაივსო და პრობლემის გადასაჭრელად თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმება მოიფიქრა. არადა, ეს არ იქნება გამოსავალი.

ნეფარიძის ან სხვების ეპიზოდური დაკავებების სერია ნაყოფს ვერ გამოიღებს, თანაც კორუფციის პრევენცია მხოლოდ შიშით არ მოხდება, იდეოლოგიაც უნდა გაჩნდეს და მოტივაციაც. ნეფარიძე შტერი იყო, თუმცა, ვიცი უფრო ჭკვიანი დეპუტატები, რომლებიც უარესსაც ბევრად გააზრებულად აკეთებენ... საერთოდ, ბიუროების არსიც ნაკლებად მესმის - საკრებულოს დეპუტატს ერთი თანაშემწე არ ეყოფა ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად? რაში გვჭირდება 25 ბიურო და მასში დასაქმებული 250 კაცი, რომლებიც ხომ ფაქტია, ფიქციურად დასაქმებული არიან და ხელფასებს ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი გადასახადებიდან იღებენ?!

ინტერვიუ ციხიდან: "ნეფარიძე ჩემი ადვოკატი იყო და ცხოვრება დამინგრია"

სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულებაში ახალგაზრდა ქალი, მაია დარსალია, წლებია სასჯელს იხდის. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და 2015 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა - უვადო სასჯელი ვადიანით შეუცვალა. ის ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს და მისი ადვოკატი მაშინ ზურაბ ნეფარიძე იყო. პატიმარი უმძიმეს ბრალდებებს უყენებს ყოფილ ადვოკატს. მაია დარსალია "კვირის პალიტრას" ქალთა დაწესებულებიდან დაუკავშირდა და თავისი ამბავი გვიამბო:

- ნეფარიძე ჩემი ადვოკატი იყო და ცხოვრება დამინგრია. უდანაშაულოდ ნამდვილად არ დავუკავებივარ, მაგრამ სამუდამო პატიმრობა საშინელება იყო... ყველაფერი კი ასე მოხდა: ქალი, ვისაც წამალი მივყიდე, ზუგდიდში დააკავეს, მან მე დამასახელა და დაიწყო ძებნა. მე რეალიზატორსა და დიდ ბარიგას შორის შუამავალი ვიყავი. ის დიდი ბარიგა მარნეულში გავიცანი. როცა გავიგე, ზუგდიდში ის ქალი დააკავესო, მაშინვე დავიმალე. ჩემზე ზეწოლა რომ მოეხდინათ, ჯერ ჩემს დას ჩაუდეს წამალი და დააპატიმრეს, მერე ჩემი მეუღლე. კარგა ხანს ძებნილი ვიყავი. როცა ოჯახის წევრების დაკავების ამბავი გავიგე, ადვოკატ ზურაბ ნეფარიძესთან მივედი და ყველაფერი ავუხსენი. მითხრა, ჯერ არ გამოჩნდე, პოლიციას მე თვითონ ჩაგაბარებ, როცა საჭიროდ ჩავთვლი, ახლა ფული მჭირდება შენი ქმრისა და დის დასახსნელადო. მეც მივენდე... სხვა გზა არ მქონდა, გამაყიდვინა სახლი, მანქანა, ჩემი დის ბინა, ჩვენი ოქროული მიითვისა, 23.000 დოლარიც მივეცი... გაგვყვლიფა და მოტყუებული დაგვტოვა. ჩემების დაჭერის მერე წამალს ხელს როგორ მოვკიდებდი, მაგრამ ნეფარიძემ 10 გრამი წამალი მომთხოვა. მითხრა, გადასახდელი ფული არ გყოფნის და ნარკოტიკი მოიტანე ამ ფულის სანაცვლოდ, მერე ჩაგაბარებ პოლიციასო. ამიტომ გავრისკე, მაგრამ როცა მასთან წამალი მიმქონდა, დამაკავეს. მაშინ ვერ დავამტკიცე ჩემი სიმართლე. ვითხოვდი ჩემი და ზურაბ ნეფარიძის საუბრების ამონაწერს, მაგრამ ჩემი ადვოკატი ის იყო და ვინ დამეხმარებოდა?! მერე საქმეში სხვა ადვოკატი ჩავრთე, მაგრამ დაგვიანებული იყო, ვერ მოიპოვა მტკიცებულება. ფაქტზე დამაკავეს, წამლით, რომელიც მასთან მიმქონდა.

ეს ყველაფერი არ არის, ნეფარიძის წყალობით წამლის მომხმარებელიც გავხდი - მითხრა, წამალს თუ გაიკეთებ, შენი დაცვა უფრო გამიადვილდება, როგორც მომხმარებელს, ისე გამოგიყვან გარეთ ოთხ თვეში, სისხლში უნდა გქონდეს წამალი და გამოყვანა უფრო გამიიოლდებაო. მეც მისი რჩევით სამი თვე ცოტ-ცოტას ვიკეთებდი, მერე ისე მივეჯაჭვე, ვეღარ ვაზროვნებდი, რასაც მეუბნებოდა, ყველაფერს ვუჯერებდი. როცა ციხეში მოვხვდი და წამალს თავი დავანებე, მერეღა გავაცნობიერე, ამ კაცმა რაც გამიკეთა. ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან და როცა ვუთხარი ჩემი პრეტენზიები, მითხრა, რანაირად ლაპარაკობ, ვინმე გქოქავსო? უნდოდა, უაზრო ვყოფილიყავი და მაქსიმალურად გამოეძალა ფული. იმასაც ვფიქრობ, რომ მან დააჭერინა ჩემი თავი.

- ასე რატომ ფიქრობთ?

- რაც გამაჩნდა, ყველაფერი წამართვა, მერე აღარ ვჭირდებოდი და ეტყობა, სამართალდამცავებს შეატყობინა, რომ წამლით მივდიოდი მასთან. არადა, მან მთხოვა მიმეტანა და ადგილიც დამითქვა. მანამდეც ერთი პარტია მივუტანე, მაშინ მითხრა, ერთი ადვოკატია მომხმარებელი და იმისთვის მინდაო. მახსოვს, კიბე იყო ასასვლელი, მეორე სართულზე ჰქონდა ოფისი და იქ გადავეცი წამალი... ყველაფერზე მივდიოდი, ოღონდ ჩემიანები დამეხსნა. ვენდე უაზროდ და უტვინოდ და დღემდე ვიმკი ამ საშინელების შედეგს. ნეფარიძის მიზანი მხოლოდ ფულის შოვნა იყო. დაინახა, რომ არ ვიყავი გაქექილი და ყველაფერი გამომძალა. მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. საშინელება გადავიტანე, ვერ წარმოიდგენთ, რა განცდაა, როცა უვადო პატიმრობას გისჯიან, ნეფარიძეს კი წარბიც არ შეურხევია. საკანში მარტო ვიყავი გამოკეტილი.

- ამბობთ, რომ ბინები მან გაგიყიდათ, მინდობილობა მიეცით?

- ნეფარიძემ მოიყვანა ბინის მყიდველები და ძალიან იაფად გამაყიდვინა, ფული მან წაიღო. მანქანა მის მოყვანილ კაცს გადავუფორმეთ, კარგად იცოდა წესები და თავის სახელზე არაფერს იფორმებდა. ჩვენგან წაღებული ოქროულიც შერჩა... მოვატყუე, ჩანაწერი მაქვს-მეთქი და გაყიდული სახლებიდან 11.000 დამიბრუნა მხოლოდ, მერე გაიგო, ჩანაწერი არ მქონდა და შეწყვიტა თანხების დაბრუნება. შერჩა ყველაფერი.

მე მხოლოდ ზუგდიდის ეპიზოდში ვიყავი დამნაშავე, მან კი მეორედ გამარისკინა, წამლისთვის მომეკიდა ხელი, მისი წაქეზებით წამოვიღე და დამიჭირეს. ჩემი და 6 წელი უდანაშაულოდ იჯდა ციხეში. რამდენიმე წელი ვებრძოდი ნეფარიძეს, გაუთავებლად ვწერდი ციხიდან წერილებს, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ პროკურორი მოვიდა და დამემუქრა, რატომ წერ ამდენს, ხომ იცი, მაინც არ დაისჯებაო. საკრებულოში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ საერთოდ დავკარგე იმედი, რომ ოდესმე დასჯიდნენ. მერე რწმენაში გავძლიერდი და ცოდვებს ვინანიებ. ნეფარიძემ აწი ცხონებისთვის მაინც იბრძოლოს, აქედან ამას ვეტყოდი მას.

თეა ხურცილავა

რუსუდან შელია