"ისეთი ძლიერი აფეთქება იყო, ტახტიდან გადმომაგდო" - კვირის პალიტრა

"ისეთი ძლიერი აფეთქება იყო, ტახტიდან გადმომაგდო"

"ბუნებრივი გაზი ფეთქდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სათავსში ჰაერთან ნარევი გაჟონილი გაზის რაოდენობა 5-დან 15%-ამდეა. ამ დროს საკმარისია, ვთქვათ, მაცივარი ჩაირთოს ან გამოირთოს, სადღაც ნაპერწკალი, ცეცხლის უმცირესი წერტილი გაჩნდეს, რომ აფეთქდება"

"საქართველოში წელიწადში დაახლოებით 15-20 კაცი იღუპება და ამდენივე ხვდება საავადმყოფოში გაზით ინტოქსიკაციისგან"

30 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათზე, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, აფეთქების ხმა გაისმა და ყველაფერი კვამლში გაეხვია. როგორც გაირკვა, აფეთქება ვაჟა-ფშაველას VI კვარტალის 24-ე კორპუსში, პირველ სართულზე მოხდა, რამაც ბინისა და მისი მოსაზღვრე სურსათის მაღაზიის გამყოფი კედელი ჩამოანგრია. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური და სამი სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. აფეთქებისას ბინაში მხოლოდ 30 წლამდე მამაკაცი, ბატონი ზურაბი იმყოფებოდა, რომელიც დახმარების გაწევისას კონტაქტური იყო, თუმცა, მოგვიანებით შოკურ მდგომარეობაში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მაღაზიის თანამშრომლები არ დაშავებულან.

"კვირის პალიტრა" დაშავებული მამაკაცის მდგომარეობის გასარკვევად დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს, გუგა ქაშიბაძეს დაუკავშირდა: "პაციენტს სრული თერმული დამწვრობა აქვს სხეულის 45%-ზე. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება და აფეთქებისას მიღებული ტრავმები. მას რეანიმაციულ განყოფილებაში ვმკურნალობთ. ჯერჯერობით მძიმედ არის".

აფეთქების მიზეზს კრიმინალისტები და ექსპერტები დაადგენენ, მანამდე კი რამდენიმე მობინადრეს გავესაუბრეთ. მათი ვარაუდით, აფეთქება გაზზე მომუშავე წყლის გამათბობლის გაუმართაობის ბრალია:

"კიდევ კარგი, ცოლ-შვილი სამეგრელოში ჰყოლია გაგზავნილი. რომ გავიგე, აფეთქება მოხდაო, გიჟივით გამოვიქეცი, ბავშვებს ხომ არაფერი მოუვიდათ-მეთქი. ზურა აფეთქებისას სააბაზანოში ყოფილა. ძახილზე გამოგვეხმაურა, აქა ვარო, სამზარეულოსა და სააბაზანოს შორის ეგდო. გაზგასამართ სადგურზე მუშაობს ოპერატორად, როგორ გამოეპარა, რომ გასამართი იყო წყლის გამაცხელებელი, გვიკვირს."მე მეზობელ კორპუსში ვცხოვრობ, ისეთი ძლიერი აფეთქება იყო, ტახტიდან გადმომაგდო".

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შოთა მესტვირიშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის წყალმომარაგების, თბოგაზმომარაგების, შენობათა საინჟინრო მოწყობის დეპარტამენტის პროფესორი:

- ქვეყნის ენერგობალანსში გაზს 60%-ზე მეტი უჭირავს. გაზის მოხმარება საყოფაცხოვრებოდ საქართველოში 1959 წელს დაიწყეს და მოიხმარდნენ მხოლოდ სამზარეულოებში, დღეს კი სახლებში გათბობაც და უმეტეს შემთხვევაში ცხელი წყლით მომარაგებაც გაზით ხდება. ჩვენ კონკრეტულად ამ საქმის ინჟინრები არა გვყავს. სამშენებლო ფაკულტეტზე, თბოგაზმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობაზე, გაზთან დაკავშირებულ საკითხებს სასწავლო დროის 20-25% აქვს დათმობილი. სწავლება, რომელიც ტრადიციულად იყო დანერგილი, თანამედროვე მოთხოვნებს აღარ აკმაყოფილებს. წელს განათლების სამინისტროს თანადგომით გადაწყდა, მოვამზადოთ გაზმომარაგების სისტემების გაყვანისა და ექსპლუატაციის მაგისტრანტები. მათ მომზადებას ორი წელი დასჭირდება.

- "ყაზტრანსგაზში" როგორი მდგომარეობაა?

- 10-15 კაცია გაზმომარაგების სპეციალისტი (უმთავრესად ჩვენი მაგისტრანტები), ისინიც ისეთ თანამდებობებზე მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებების მიღების უფლება არა აქვთ. გადამწყვეტ თანამდებობებზე, სადაც სამსახურის პოლიტიკა უნდა შემუშავდეს, არასპეციალისტები მუშაობენ. სხვა დაწესებულებებში კი, მათ შორის რაიონებში, საერთოდ არ ჰყავთ სპეციალისტები.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება?

- ბუნებრივი გაზი ფეთქდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სათავსში ჰაერთან ნარევი გაჟონილი გაზის რაოდენობა 5-დან 15%-ამდეა. ამ დროს საკმარისია, ვთქვათ, მაცივარი ჩაირთოს ან გამოირთოს, სადღაც ნაპერწკალი, ცეცხლის უმცირესი წერტილი გაჩნდეს, რომ აფეთქდება.

სათავსში გაზი არ უნდა დაგროვდეს, მთელი ხაზი ჰერმეტულად უნდა იყოს დაცული. ყურადღებით უნდა გავაკონტროლოთ გაზზე მომუშავე საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩართვა-გამორთვა. სათავსი აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს. ამისათვის მას უნდა ჰქონდეს ისეთი სარკმელი, რომელიც გარეთ იღება. თუ სარკმელი ღიაა, გაზი ნაკლებად გროვდება. თუ აფეთქება მაინც მოხდა, ყველაზე სუსტი ადგილი ეს სარკმელი იქნება, ის გარეთ გაიღება და დარტყმის ძალა შემცირდება. ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქებამ კედელი გაანგრია. გამოდის, კედელმა შეასრულა გარეთ გამავალი სარკმლის როლი, ყველაზე სუსტი ადგილი სათავსში ეს ტიხარი აღმოჩნდა. ღია რომ ყოფილიყო გარეთ გამავალი სარკმელი (თუკი ჰქონდათ) აფეთქება, შესაძლოა, მაინც მომხდარიყო, მაგრამ ასეთი ძლიერი არ იქნებოდა.

საქართველოში წელიწადში დაახლოებით 15-20 კაცი იღუპება და ამდენივე ხვდება საავადმყოფოში გაზით ინტოქსიკაციისგან, განსაკუთრებით ზამთარში.

ერთი სიტყვით, ცუდი მდგომარეობა გვაქვს, იმიტომ, რომ სპეციალისტები არა გვყავს. უფრო მეტსაც გეტყვით, ენერგეტიკის სამინისტრომ ისიც არ იცის, სად ისწავლება გაზმომარაგება.

დაახლოებით 15 წლის წინ ქვეყანაში მუშაობდა გაზის ინსპექცია, რომელიც შემდგომში დაიშალა. მას ევალებოდა, შეემოწმებინა ქსელების მდგომარეობა, გაყვანა და უსაფრთხოების ტექნიკის სწავლება. განვითარებულ ქვეყნებში ყველა ორგანიზაცია, რომლებიც გაზს მოიხმარენ, თანამშრომლებს სამ წელიწადში ერთხელ ავალდებულებს, გაიარონ სავალდებულო კურსები, სადაც ლექციებს უკითხავენ უსაფრთხოების ტექნიკაში. ჩვენთანაც არის ასეთი კურსები, მაგრამ ორგანიზაციები თანამშრომლებს არ გზავნიან. ზოგიერთმა სამსახურმა თვითონ გახსნა კურსები, რაც, ჩემი აზრით, დაუშვებელია.

ეკა სალაღაია