"რამ გადაუტრიალა გონება ისე, რომ საყვარელი ქალი სასიკვდილოდ გაიმეტა, არც შვილების მომავალზე იფიქრა და არც ხანშიშესულ დედაზე?" - კვირის პალიტრა

"რამ გადაუტრიალა გონება ისე, რომ საყვარელი ქალი სასიკვდილოდ გაიმეტა, არც შვილების მომავალზე იფიქრა და არც ხანშიშესულ დედაზე?"

ოჯახური ძალადობის ნიადაგზე მომხდარ დანაშაულთა რიგს, კიდევ ერთი დაემატა, - ვაკეში, სავაჭრო ცენტრ "პიქსელის" მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ფიზიკური აღნაგობის მამაკაცმა "პიქსელის" დაცვის თანამშრომელი ქალბატონი ხანმოკლე კამათის შემდეგ დანით დაჭრა, შემდეგ კი მხრისა და კისრის არეში თვითონ მიიყენა ჭრილობები.

მოგვიანებით გაირკვა, რომ დაჭრილები მეუღლეები არიან. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შემდეგ, დაჭრილებს ოპერაცია ჩაუტარდათ; თუმცა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც მძიმეა. განსაკუთრებით, ქალბატონის, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჩვენი ინფორმაციით, ოჯახი შიდა ქართლის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია. სოფელში ცოლ-ქმარს დადებითად ახასიათებენ. თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ინციდენტში მონაწილე პირებისა და მათი საცხოვრებელი სოფლის დასახელებისაგან თავს ვიკავებთ. მომხდარით მათი თანასოფლელები გაოგნებულები არიან:

- წარმოუდგენელი რამ მოხდა. არა მხოლოდ ეს ცოლ-ქმარი, არამედ მათი ახლობელ-ნათესავებიც სოფელში საპატივსაცემო ხალხია. ორივენი ჩვენს სოფელში გაიზარდნენ, ერთმანეთი უყვარდათ და სიყვარულით შექმნეს ოჯახი. სამი შვილიც ჰყავთ - ულამაზესი და ჭკვიანი ბიჭები, რომელთაგან უფროსი წელს გახდა სტუდენტი, 100%-იანი გრანტი მოიპოვა. ძმებიც ერთიმეორეზე უკეთესი ჰყავს. ასეთი ბავშვები ისეთ ოჯახებში არ იზრდებიან, სადაც ჩხუბი და აყალმაყალია. კაცს ცოლი უყვარდა და ისიც ასევე პასუხობდა, გამორჩეულად ლამაზი და მშვიდი გოგოა. ვერაფრით ვხვდებით რა მოხდა, რა გადაუტრიალდა გონებაში, რომ საყვარელი ქალი ასე გაიმეტა. კაცი ყოფილი მოჭიდავეა, ფიზიკურად ძლიერია და მისი მიყენებული ჭრილობა, ფაქტობრივად, სიკვდილის ტოლფასია...

- ქმარი სხვა დროს ხომ არ ყოფილა ძალადობის გამო ნასამართლევი?

- რას ბრძანებთ! ნასამართლევი კი არა სოფელში საჭიდაო სკოლა ჰქონდა გახსნილი, ბავშვებს ძიუდოს ასწავლიდა და საკმაოდ კარგი შედეგითაც, ბავშვებს წარმატებები ჰქონდათ. ნასამართლევ კაცს სოფელში ბავშვებს ვინ ანდობდა?! ის მარტო შვილების კი არა, სოფლის ბავშვების გამზრდელიც იყო... ახლა კი ყველაფერი დაკარგა. ვლოცულობთ, რომ კარგად იყვნენ...

- რა გახდა ინციდენტის საფუძველი?

- დანამდვილებით, ეგ არავინ იცის, მაგრამ, ამბობენ, რომ მიზეზი ეჭვიანობა იყო. ვერაფერს ვხვდებით, აქამდე ამ გოგოს საეჭვიანო არაფერი ჰქონია, თორემ სოფელში ეს არ დაიმალებოდა...  ქმარმა ცოლს "პიქსელის" დაცვაში თავად დააწყებინა მუშაობა, - თავადაც დაცვის სამსახურში მუშაობდა. ყოველ დილით ბედნიერები მიდოდნენ თბილისში მანქანით. იმ დილასაც ერთად წავიდნენ სამსახურში, იქ კი ეს უბედურება მოხდა.

როგორც ვიცით, დანის ჩარტყმა ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. არ ვიცი დაცვის თანამშრომელს დანის ტარება ევალება თუ არა, მაგრამ თუ არ ევალება, ესე იგი, დანა კაცს წინასწარ ჰქონდა მომზადებული, რომ ჯერ ცოლი მოეკლა და მერე თვითონ მომკვდარიყო, - ადვილი მისახვედრია, როგორ უყვარდა, უიმისოდ არც თვითონ უნდოდა სიცოცხლე...  არ ვიცი, რამ დაუბნელა ასე  აზროვნება, რომ არც შვილების მომავალზე იფიქრა და არც ხანშიშესულ დედაზე, რომელიც დაავადებულია, ამ დღეებში გაიკეთა გულის ოპერაცია. მოკლედ, დიდი ტრაგედია დატრიალდა. ახლა მთავარია ორივენი გადარჩნენ, მერე თავად მოძებნიან გზას როგორ იცხოვრონ...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)