"ალბათ, რეაგირება მოჰყვება მეუფე პეტრესა და მისი ეპარქიის წევრების განცხადებებს..." - კვირის პალიტრა

"ალბათ, რეაგირება მოჰყვება მეუფე პეტრესა და მისი ეპარქიის წევრების განცხადებებს..."

"ფაქტია, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა, თორემ რატომ იყენებს დეკანოზი გიორგი ამ დრომდე დუმილის უფლებას?!"

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ციანიდის საქმის" განხილვა ისე დასრულდა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრაწლიანი პატიმრობა ისე მიესაჯა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დაკავებულს არ მოუსმენია - ის 7 თვის მანძილზე პირველად არ დაესწრო პროცესს. არადა, "საუკუნის სკანდალად" შერაცხილი საქმის ბოლო სასამართლო განხილვა გამონაკლისი იყო იმითაც, რომ მარტში, განხილვის დაწყებისთანავე, დახურული სასამართლოს კარი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის პირველად სწორედ ამ დღეს გაიხსნა. როგორც დეკანოზის ადვოკატებმა განმარტეს, პროცესის გასაჯაროების შესახებ მხოლოდ წინა საღამოს შეიტყვეს და დეკანოზ გიორგი მამალაძის გაფრთხილება დროის სიმცირის გამო ვეღარ მოახერხეს.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს მხარეებისთვის სამოტივაციო წერილი ჯერ არ წარუდგენია, თუმცა პროცესის სააპელაციო და ასევე, სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელებას დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი უკვე აანონსებს:

- ყველაფერი დაგეგმილი იყო - კონსენსუსი შედგა სუს-ს, პროკურატურასა და გარკვეულ პირებს შორის, ამიტომაც გადაკვალიფიცირდა მუხლიც და დეკანოზ გიორგი მამალაძეს ანგარებით მკვლელობის ნაცვლად, შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში დასდეს ბრალი. მტკიცებულებები არ გააჩნდათ, გამართლება სირცხვილად ჩათვალეს და ასეთი გამოსავალი იპოვეს.

სასამართლომ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ კანონის უზენაესობა კი არა, ქვეყანაში ახირებების უზენაესობაა დამკვიდრებული - ვისაც როგორ მოუნდება, ისე გადაწყვეტს ჩვენს ცხოვრებას.

სტრასბურგის სასამართლოში ვიჩივლებთ და კიდევ ერთ, ხელისუფლებისთვის სამარცხვინო გადაწყვეტილებას ჩამოვიტანთ.

როგორ აფასებენ სასულიერო პირები მოსამართლის გადაწყვეტილებას, მამა ალექსანდრე გალდავა საუბრობს:

- დეკანოზ ალექსანდრე მამალაძე, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასე გამოეხმაურა: "ციანიდის საქმე" ბურუსით მოცული და აბსოლუტურად გაუგებარი პროცესია. ეთანხმებით მის შეფასებას?

- როგორც მახსოვს, მეუფე დიმიტრიმ გამოძიებას პირველი დღიდანვე ნდობა გამოუცხადა, ახლა რატომ შეცვალა პოზიცია, ვერ გეტყვით. საქმეში ხარვეზებს მეც ვამჩნევ. მაგალითად, რატომ დაიხურა სასამართლო და რატომ ვერ ვადევნებდით თვალს მხარეების არგუმენტებს უშუალოდ პროცესზე? შვიდი თვის განმავლობაში ადვოკატების ფრაგმენტულ და ხშირად ალოგიკურ განცხადებებს ვისმენდით, პროკურატურა კი დუმდა - როცა თავად ადევნებ თვალს ორივე მხარის არგუმენტაციას, დასკვნის გაკეთებაც გიიოლდება. არადა, ხომ ფაქტია, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა, თორემ რატომ იყენებს დეკანოზი გიორგი ამ დრომდე დუმილის უფლებას?!

ნებისმიერ მოძღვარს რომ დააბრალოთ, ციანიდი ადამიანის მოსაწამლად შეიძინეო, რომელი გამოიყენებს დუმილის უფლებას?!

- დეკანოზი გიორგი მამალაძე დუმილის დარღვევამდე ზიარებას ითხოვდა - თქვენი პოზიცია ნიშნავს, რომ საპატრიარქო სრულად ენდობა მოსამართლის გადაწყვეტილებას?

- ეს ჩემი პოზიციაა, რომელსაც ჩემ გარშემო ბევრი იზიარებს. თუმცა კითხვა მეც მაქვს: თუ დეკანოზი დამნაშავეა, დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ ის გარკვეულ ჯგუფთან ერთად მოქმედებდა. რატომ ვერ მოახერხეს მათი გამოვლენა?! საგამოძიებო მიმართულებით აშკარა ხარვეზებია, მათ შორის პროცედურულ ნაწილშიც - გადაეღოთ ჩხრეკა და გვენახა საზოგადოებას, მაშინ ამდენი საჭოჭმანო კითხვა არ იქნებოდა!

- დაცვის მხარესთან რა კითხვები გაქვთ?

- ჯერ გვითხრეს, ციანიდის მოძიება დეკანოზ გიორგის შორენა თეთრუაშვილმა დაავალაო, მერე ჩვენება შეცვალეს და თქვეს, შორენას გველის შხამი სჭირდებოდაო, ცოტა ხანში ოქრომჭედლის ვერსია და უკრაინასთან კავშირი გაახმაურეს, ბოლოს, აბსურდული ვერსიაც მოვისმინე, პატრიარქს გერმანიაში ღვინო არ ჰქონდა და დეკანოზს უნდა წაეღოო.

თუ დეკანოზის ადვოკატები გაუგებარ ვერსიებზე საუბრობენ და პროკურატურა ბრალის კარგად ჩამოყალიბებას ვერ ახერხებს, ამის გამო, შესაძლოა, ევროპულმა სასამართლომ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არც კი მიიღოს. ორივე მხარის მოქმედება ეჭვს აჩენს.

- სასულიერო პირებს არ შეგეძლოთ, თქვენი რესურსით დაგედგინათ, რატომ არის საეჭვო ორივე მხარის მოქმედება, თუ ეს საპატრიარქოში არსებული განსხვავებული პოზიციების გამო შეუძლებელი აღმოჩნდა?

- თუ მეუფე პეტრესა და მისი ეპარქიის რადიკალურ შეფასებებს გულისხმობთ, პირადად მე, არ მომწონს, როდესაც შეურაცხმყოფელი ტონით მოიხსენიებენ პატრიარქის გარემოცვას, რადგან თითოეული მათგანი პატრიარქის კურთხევით არის მის გვერდით,

არ მომწონს, როდესაც მეუფე პატრიარქზე ამბობს, ობიექტური ინფორმაციის მოპოვებას ვერ ახერხებს, უძლურია და საკითხებს რეფერენტი წყვეტსო. მით უმეტეს, რომ ეს სიცრუეა. მეუფე პეტრეს მიმართ წმინდა სინოდმა საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ სასჯელი უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო - ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ, მაგრამ ალბათ, გარკვეული რეაგირება მოჰყვება მეუფე პეტრესა და მისი ეპარქიის წევრების განცხადებებს...

პირადად ჩემთვის მეუფე პეტრეს პოზიცია კიდევ ერთი ფაქტორის გამოა გაუგებარი - უამრავ მსჯავრდებულს შევხვედრივარ საპატიმროებში, რომლებიც მოგვიანებით აბსოლუტურად მართლები აღმოჩენილან, თუმცა, რატომღაც უკანონობის მიმართ შესაბამისი რეაქცია მეუფე პეტრეს არ გამოუვლენია, მათ შორის წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებს ვგულისხმობ როგორც გირგვლიანის, ისე სხვა გახმაურებულ საქმეებში. ამასთან, საპატიმროში არაერთი სასულიერო პირი იმყოფებოდა, მაგრამ მეუფე პეტრეს არც მაშინ გამოუთქვამს დახმარების სურვილი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დეკანოზის შემთხვევაში, ის მიკერძოებულია და უფრო სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე მოქმედებს.

რუსუდან შელია