"ვიცნობდი რუსლან პაპასკირს, ის რუსეთის აგენტი იყო..." - ვინ აუფეთქა სააკაშვილს "ზოონი"?!
"ვიცნობდი რუსლან პაპასკირს, ის რუსეთის აგენტი იყო..." - ვინ აუფეთქა სააკაშვილს "ზოონი"?!
"უკრაინელებს ვკითხე, - დარწმუნებული ხართ, რომ მანქანაში ნამდვილად თემურ მახაური იჯდა-მეთქი? ესეც მეეჭვება, საბუთები რომ იქ იყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოონი მანქანაში იჯდა. შეიძლება მოაწყო საკუთარი თავის მკვლელობის იმიტაცია"

"თემურ მახაური უზარმაზარ ინფორმაციას ფლობდა და შესაძლოა, რუსულმა სპეცსამსახურებმა მოიშორეს, ან თავად ჩეჩნებმა მოკლეს, რადგან გაიშიფრა, რომ რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელია"


8 სექტემბერს კიევში, ბასარაბსკის მოედანზე, ქართული სანომრე ნიშნიანი ავტომანქანა ააფეთქეს. დაიღუპა ეროვნებით ჩეჩენი ალი დაბუევი, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო და სხვადასხვა დროს თემურ მახაურისა და რუსლან პაპასკირის გვარ-სახელებით იყო
ცნობილი. მას მეტსახელიც ჰქონდა - "ზოონი". გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად მანქანაში ახალგაზრდა ქალი და მისი შვილი ისხდნენ. ქალი მძიმედ დაშავდა, ბავშვის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. უკრაინის სამართალდამცავთა ინფორმაციით, მანქანაში ჩამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა. "თემურ მახაური კრიმინალურ წრეებში ცნობილია. მას მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა ჩეჩნურ წრეებთან. წელს ის უკრაინაშიც იყო დაპატიმრებული, მაგრამ საპროცესო გარიგების საფუძველზე გათავისუფლდა. ბრალად ედებოდა იარაღის უკანონოდ შენახვა. სასამართლოში დანაშაული აღიარა და 5-წლიანი პატიმრობა შეეცვალა სამი წლით. მაშინ მისი თანდასწრებით ამოიღეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელშიც ეწერა, რომ ის შეიხ მანსურის ბატალიონის წევრი იყო",
- განაცხადა უკრაინის შს წარმომადგენელმა შევჩენკომ. მომხდარს ძალოვნებმა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს და საქმეს უკრაინის უშიშროება იძიებს.

თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, 2007 წელს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობის საქმეში ფიგურირებდა. მაშინ სპეცსამსახურებმა ეს საქმე გია დგებუაძეს, მეტსახელად "მასტერას""მიანდეს. ითქვა, რომ "მასტერა" ვინმე უვაის ახმადოვს ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად დუბაიში შეხვდა. კილერობა რუსლან პაპასკირს უნდა ეკისრა. თითქოს ყველაფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ მოულოდნელად ახმადოვმა საქმეზე უარი თქვა.

რუსლან პაპასკირის გვარმა გაიჟღერა­ ასევე ლაფანყურის ხმაურიან სპეცოპერაციაში. ბევრს წერდა მასზე თურქული პრესაც.
2012 წელს სტამბოლში, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ჩეჩნეთიდან თურქეთში არალეგალურად გადასული 6-კაციანი ჯგუფი­, რომელსაც რუსლან პაპასკირი ხელმძღვანელობდა. თურქული მედიის ცნობით, ჯგუფის წევრებს ბრალი ედებოდათ სტამბოლში რამდენიმე ჩეჩენი საველე მეთაურის მკვლელობაში. ეჭვმიტანილთა დაკავებისას ამოიღეს იარაღით სავსე რამდენიმე ჩემოდანი. მედია წერდა, რომ დაკავებულები, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურების მიერ ბერლინში შექმნილი ე.წ. სალიკვიდაციო ქსელის წევრები იყვნენ. თურქული მედია იმასაც იუწყებოდა, რომ პაპასკირის სახელი იხსენიებოდა 2011 წლის 10 ოქტომბერს თურქეთში ლტოლვილი ჩეჩენი მუფთის, ჩეჩნეთის შარიათის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, შამსუდინ ბატუკაევის მკვლელობის მცდელობის საქმეშიც. ამავე წყაროების ინფორმაციით, პაპასკირი 2009 წელს ასევე "კავკასიის იმარათის"" წარმომადგენლის, ალი ოსაევის მკვლელობაშიც იყო გარეული.

ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ რუსლან პაპასკირს იცნობდა.
- ჩეჩენი ალი დაბუევი საქართველოში­ 2006 წელს გამოჩნდა, გამეცნო რუსლან პაპასკირის სახელით. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაჩვენა საბუთი, რომ საქართველოს ანტიტერორისტული ცენტის თანამშრომელი იყო. თან ჰქონდა იარაღი "სტეჩკინი". 2010 წელს მას ვაჟა-ფშაველას გამზირზე თავს დაესხნენ და მსუბუქად დაჭრეს.

- ვინ იძია შური?

- ვფიქრობ, ეს იყო ადრინდელი დაპირისპირების შედეგი. ჩეჩნებს თბილისში,­ ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში რამ­დენიმე სახლი ჰქონდათ ნაყიდი. ერთ- ერთი - ცნობილი ჩეჩენი ბიზნესმენისა­ იყო. უცებ ეს ბიზნესმენი გაქრა და მის კვალს ვერსად მიაგნეს. მგონი, 2009 წელი იყო. მაშინ აჰმედ ზაკაევმა დამირეკა და მთხოვა, დაკარგული ბიზნესმენის ადგილსამყოფლის დადგენაში დავხმარებოდი. ვერაფერს მივაგენი. მოგვიანებით, 2010 წელს, როცა პაპასკირს დაესხნენ თავს, თბილისში მცხოვრებ ჩეჩენთა წრეებში ითქვა, რომ ეს იყო გამოძახილი სწორედ იმ გატაცებული ბიზნესმენის გამო. ამ საქმეში რუსლან პაპასკირიც ფიგურირებდა და მასზე იძიეს შური.
პაპასკირი ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, კომუნიკაბელური, კარგი იუმორის მქონე. სამჯერ შევხვდი. ერთხელ ძალიან გულახდილი იყო, სხვა შეხვედრების დროს კი ოფიციალური. როცა ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლის საბუთი მაჩვენა, მომეჩვენა, რომ ეს შთაბ­ეჭდილების მოსახდენად გააკეთა. ვფიქრობ, რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურებთან ერთდროულად თანამშრომლობდა.

ლაფანყურის ცნობილი ამბების დროს მქონდა ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობაში იმყოფებოდა სამი პირი - ბეილი, ზოონი (იგივე პაპასკირი) და რაბანი, რომლებიც საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, ან მათთან შეთანხმებით ეპატიჟებოდნენ ევროპაში მყოფ ჩეჩენ ახალგაზრდებს, საქართველოში გაევლოთ მომზადება და შემდგომში ჩეჩნეთში ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ. მაშინ ითქვა, ლაფანყურის ამბები ნაციონალების მოწყობილი პროვოკაციააო, მაგრამ რეალურად ისინი "ნაცების" ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. პრესაში არაერთგზის დაიწერა, რომ ე.წ. ლაფანყურის მოვლენების დროს მთელი ჯგუფი დაიღუპა, ვერ გადავიდნენ დაღესტანში. 12 კაცი დაიღუპა. 18-ნი იყვნენ. ერთი მათგანი, აჰმად ჩატაევი, მეტსახელად "ცალხელა ახმედა", დააკავეს. 4-მა საქართველოს სპეცსამსახურების დახმარებით, ვალეს საზღვრის გავლით თურქეთში გააღწია, მათ შორის იყო ზოონიც. ხოლო ერთი, რაბანი, დაუბრკოლებლად გადავიდა დაღესტანში და დღეს განცხრომით ცხოვრობს მოსკოვში. ანუ ამით დამტკიცდა, რომ რაბანი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო. რაბანი, ზოონი და ბეილი კი ერთად მოქმედებდნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ზოონიც რუსეთის აგენტი იყო...

- ზოონი მაშინ დააკავეს თურქეთში?

- ცოტა ხანში პაპასკირი დააკავეს თურქებმა, როგორც რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი. ის იქ დაერია დუდაევის ყოფილ თანამებრძოლებსაც და "კავკასიური იმარათის" წარმომადგენლებს, უმაროვის ხალხს. 5 კაცი დაიღუპა, ის კი დააკავეს. ამასთან, მას ბრალი ედებოდა ჩეჩნეთის ყოფილ მუფთ ბატუკაევზე თავდასხმაში, ოსაევის და ბასაევის მკვლელობებში.
ბრალდებები საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ, ეტყობა, ვიღაცები ჩაერივნენ და გაათავისუფლეს. იმ მკვლელობების და თავდასხმების ჩამონათვალით, რაც მაშინ თურქულმა პრესამ გააჟღერა, რუსლან პაპასკირი იყო რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი.

- ბრძანეთ, პაპასკირი რუსეთის სპეცსა­მსახურების აგენტი იყოო, ასევე ამბობთ, რომ ქართული ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლის მოწმობაც ჰქონდა. რუსეთის­ აგენტი ანტიტერორისტულ ცენტრში რატომ მიიღეს?

- რა იცოდნენ, რუსეთის აგენტი რომ იყო...

- თურქეთის ციხიდან გათავისუფლებული ისევ საქართველოში დაბრუნდა?

- თურქეთიდან უკრაინაში მოხვდა. ლაფანყურის ამბების შემდეგ ერთხელ იყო საქართველოში, პანკისის ხეობაში არ ყოფილა, თბილისში იყო, მაგრამ რა მიზნით, არ ვიცი. მერე ისევ ჩავიდა უკრაინაში და აღმოჩნდა ცნობილ ჩეჩნურ ბატალიონში, რომელიც იბრძვის უკრაინის მხარეს. ამ რაზმის ხელმძღვანელი ისა მუნაევი, ჩეჩნეთის ომის დროს, ერთ-ერთი საველე მეთაური იყო. ისა მუნაევს ვიცნობდი, განათლებული და გონიერი ადამიანი იყო, რუსლან გილაევთან ერთად დარჩა, ვაჰაბიტურ პოზიციაზე არ გადავიდა. მუნაევმა შექმნა ორგანიზაცია "კავკასიელი" და მოადგილედ ქართველი ჰყავდა. მუნაევი ცოცხალი რომ ყოფილიყო, პაპასკირს თავის რაზმში არ მიიღებდა. უკრაინაში პაპასკირს ახალი, თემურ მახაურის სახელი და გვარით იცნობდნენ.

- როგორც ირკვევა, ერთი პირის სახელზე ორი პასპორტია გაცემული სხვადასხვა­ სახელი და გვარით.

- მიღებული ფორმაა, რომ სპეცსამსახურების აგენტს ეძლევა პასპორტები­ სხვადასხვა სახელით და გვარით. ასე ვთქვათ, "ფრონტის" ხაზზე მას რამდენიმე­ საბუთი უნდა გააჩნდეს, უკან დასახევი რომ ჰქონდეს. პაპასკირი ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, ხანდახან მგონია, ვინც ფულს გადაუხდიდა, იმისთვის მუშაობდა. გარდაცვლილს ჰქონდა საბუთი, რომ ის არის საქართველოს მოქალაქე, ასევე ბატალიონის წევრი და მზვერავი. როგორც ჩემი უკრაინელი მეგობრები მიყვებიან, მახაური "ფრონტზე" არ ხვდებოდა. სულ იმყოფებოდა დიდ ქალაქებში და დადიოდა ქართულ ნომრიანი მანქანებით. ერთხელ დააკავეს კიდეც უკრაინელმა სამართალდამცავებმა და მერე გაუშვეს.
ვიცი მასთან ერთად მანქანაში მყოფი­ ქალის ვინაობაც, ის საქართველოს მოქალაქე არ არის და მისი გვარ-სახელი არაფერს მეუბნება (მოგვიანებით გაირკვა, რომ მანქანაში იმყოფებოდა "დიორის" ყოფილი სახე, უკრაინელი მოდელი ნატალია კოშელი - ავტ.)

- მომხდარზე რა ვერსია გაქვთ?

- ვერსია შეიძლება ბევრი იყოს, მათ შორის ის, რომ უკვე აღარ სჭირდებოდათ რუსულ სპეცსამსახურებს, რადგან უზარმაზარ ინფორმაციას ფლობდა და მოიშორეს. არც ის არის გამორიცხული, რომ ფულის შოვნა მოინდომა და შანტაჟი დაიწყო. მეორე ვერსიით, ის სააკაშვილის ერთგული იყო და უკრაინის სპეცსამსახურებმა მოიშორეს. ის ასევე მეგობრობდა გია ლორთქიფანიძესა და სააკაშვილის გარემოცვასთან და უკრაინაში ძალიან აქტიურობდა... მესამე ვერსიით, შეიძლება თავად ჩეჩნებმა მოკლეს, რადგან გაიშიფრა, რომ რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელია.

მე უკრაინელებს ვკითხე კიდეც, - დარწმუნებული ხართ, რომ მანქანაში ნამდვილად თემურ მახაური იჯდა-მეთქი? ესეც მეეჭვება, საბუთები რომ იქ იყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მანქანაში იჯდა. შეიძლება მოაწყო საკუთარი თავის მკვლელობის იმიტაცია. სანამ არ მოხდება გვამის იდენტიფიცირება, მანამდე ვერაფერს ვიტყვი. ბოლო დროს მახაურის გვარით დადიოდა, მახაური ქართული წარმომავლობის გვარია და ჩეჩნეთში არსებობს. მეთაურებიც იყვნენ ძმები მახაურები. ვფიქრობ, ეს გვარი სპეციალურად აიღო და ამით მის ჩეჩნურ-ქართულ წარმომავლობას გაუსვა ხაზი.

თეა ხურცილავა
რუბრიკის სხვა სიახლეები
ყველაზე მეტად რომელი სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებაა თქვენთვის მიუღებელი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ყველაზე მეტად რომელი სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებაა თქვენთვის მიუღებელი?