"გამოძიებამ თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოები უნდა გამოიყენოს" - კვირის პალიტრა

"გამოძიებამ თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოები უნდა გამოიყენოს"

ასობით ჰექტარი ტყის ფართობი განადგურებულია და ზარალის დადგენას შესაბამისი სამსახურები ცდილობენ. სპეციალისტების თქმით, კლიმატის ცვლილება, ხანგრძლივი გვალვა და მაღალი ტემპერატურა ყოველთვის ზრდის ტყეში ხანძრის საფრთხეს, ხანძრის გამომწვევი ბუნებრივი ფაქტორებიდან კი უმთავრესია მეხის დაცემა, ძლიერი ჭექა-ქუხილი, მაგრამ ამ მიზეზით ხანძრების 7-10% ჩნდება.

ხანძარი ტყეში დაყრილმა ნაგავმაც შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით სახიფათოა ცარიელი შუშის ბოთლები. მზის სხივებქვეშ მინა ლინზის მსგავსად მოქმედებს და ცეცხლს აჩენს. ცხადია, ასეთივე ეფექტს ახდენს ძლიერლინზებიანი ნებისმიერი მოწყობილობა.

ტყის ხანძრების უმრავლესობას ადამიანი იწვევს. ჩაუმქრალი კოცონი ან ტყის ბილიკზე დაგდებული სიგარეტის ნამწვიც კი შეიძლება გახდეს ხანძრის მიზეზი, მაგრამ საქართველოში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძრებმა ეს ვერსიები თითქმის გამორიცხა. ბოლო დროს ყველაზე ხშირად დივერსიაზე ლაპარაკობენ.

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ირაკლი ალადაშვილი ვარაუდობს, რომ ტყეებში ხანძრის გაჩენის მიზეზი, შესაძლოა, დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, დრონები იყოს. მისი თქმით, საშუალო ზომის რუსულ სადაზვერვო დრონებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან შეეძლოთ ბორჯომის ხეობაში ღამით მალულად შემოფრენა და მცირეგაბარიტიანი ტერმიტული ყუმბარების ჩამოყრა, რომლებიც მაღალი ტემპერატურის გამოყოფით იწვის და კომპოზიციური მასალისგან დამზადებული ყუმბარის კორპუსსაც უკვალოდ "აქრობს", რათა ნივთმტკიცება არ დატოვოს. ერთ-ორმეტრიანი დრონის და, მით უმეტეს, უფრო მინიატურული კვადროკოპტერის შემჩნევა კი, როდესაც მათ გამორთული აქვთ გაბარიტული მაშუქები, თითქმის შეუძლებელია.

მართალია, თითოეული ფაქტის გამოძიება დაწყებულია, მაგრამ უცნობია, მუშაობენ თუ არა შესაბამისი სამსახურები დრონების ვერსიაზე. ჯერჯერობით არ ხმაურდება, რომელ ვერსიას განიხილავენ საგამოძიებო უწყებაში და აქვთ თუ არა რამე ხელჩასაჭიდი. ჩვენი ინფორმაციით, სასტუმროებში ტურისტებს მკაცრად ამოწმებენ, თუმცა უცნობია, ჰყავთ თუ არა ეჭვმიტანილი და ეძებენ თუ არა დამნაშავეს.

ალექსანდრე რეკვავა, ყოფილი მეხანძრე, ექსპერტი: - ორი სახის ხანძარი არსებობს - ბუნებრივი და ხელოვნური. ბუნებრივად ხანძარი მაშინ ჩნდება, როდესაც მეხის დაცემის გამო ხეს ცეცხლი ეკიდება, მერე კი მთელ ტყეში ვრცელდება, რაც ამ შემთხვევებში გამორიცხულია, რადგან ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში წვიმა არ მოსულა. 97%-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმეში ადამიანის ხელი ურევია.

არ გამოვრიცხავ, ეს დივერსიის შედეგი იყოს, რადგან ცეცხლის კერა ერთდროულად რამდენიმე ადგილას გაჩნდა. სიგარეტის ნამწვით დაწყებული, ყველა ვერსია უნდა განიხილონ. ხანძრის გაჩენა შუშის ნატეხისგანაც შეიძლება, მაგრამ ისეთი მაღალი ტემპერატურა არ ყოფილა, რომ ცეცხლი მინის ნატეხისგან გაჩენილიყო. ბევრგან ხანძარი ისეთ ადგილას გაჩნდა, სადაც ადამიანები არ დადიან. ასეთია, მაგალითად, აბასთუმნის ტერიტორია, რაც მიგვანიშნებს, რომ ხანძარი სპეციალურად გააჩინეს. როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ბენზინის ბიდონი იპოვეს, გამეცინა. გამომშრალ ადგილებში ცეცხლის გასაჩენად ბენზინი რა საჭიროა, როცა ცეცხლი უმნიშვნელო რამითაც კი ყველაფერს ეკიდება. დივერსიაზე მიანიშნებს ისიც, რომ ბორჯომის ტყეში ცეცხლის კერა რამდენიმე ადგილზე იყო და თანაც ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებულ ტერიტორიაზე.

- თუ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს, შეიძლება ამის დადგენა, ან კერის მიგნება?

- ადრე არსებობდა სახელმწიფო ტექნიკური ლაბორატორია, რომელიც იკვლევდა ხანძრის მიზეზებს. ასეთი სამსახური საქართველოში აღარ არსებობს, არადა, ჩვენი ქვეყანა იყო პიონერი, პირველად აქ დაარსდა ტექნიკური კოლეჯი, რომელიც ამზადებდა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს - ხანძრის მქრობელებსაც და მათაც, ვინც მუდმივად მუშაობს ხანძრების თავიდან აცილების მეთოდებზე. კერის დადგენა ადვილია, თუ ტერიტორიებს ზვერავენ, მაგრამ ჩვენთან ეს არ ხდება.

ამ დღეებში მარტო საქართველოს დოვლათი კი არ იწვოდა, იწვოდა მთელი სამყაროს დოვლათი. ჟანგბადის უდიდესი მარაგია დამწვარი. ეს არის ეკოლოგიური ზარალი მთელი სამყაროსთვის. მარტო აბასთუმანში უნიკალური ხეები განადგურდა.

ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც თანამგზავრიდან შეუძლია აკონტროლოს ეკოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ შეგვიძლია თუნდაც "აირზენასა" და სხვა კომპანიების დახმარებით ვაკონტროლოთ ვითარება. როდესაც თვე-ნახევარი არ მოდის ნალექი, პრევენციის მიზნით ცხენებით, ფეხით ან ვერტმფრენით უნდა ხდებოდეს პატრულირება. 2006 წელსაც იყო მასშტაბური ხანძარი, მაგრამ მიზეზი დღემდე არ ვიცით.

ხანძრის კერის დასადგენად შეიძლება თანამგზავრიდან გადაღებული სურათებიც ამოვიღოთ. ეს დაეხმარება გამოძიებას.

- დრონებთან დაკავშირებულ ვერსიას ეთანხმებით?

- ვერსია უამრავი შეიძლება განვიხილოთ. კვალის პოვნა ძალიან ძნელია, მაგრამ თუ მოინდომებენ, ექსპერტებს შეუძლიათ, დადგინონ, გამოიყენეს თუ არა ადვილად აალებადი სითხე ან სხვა რამ. თუმცა უპირველესად მაინც კერას უნდა მიაგნონ.

თეა ხურცილავა