"ანას ვალი დაბრუნებული ჰქონდა, მაგრამ ის კაცი კიდევ სთხოვდა ფულს და ამის გამო მოკლაო" - კვირის პალიტრა

"ანას ვალი დაბრუნებული ჰქონდა, მაგრამ ის კაცი კიდევ სთხოვდა ფულს და ამის გამო მოკლაო"

10 სექტემბერს თურქეთის ტურისტულ ქალაქ დერმეში, რომელიც პროვინცია ანტალიაში მდებარეობს, საქართველოს მოქალაქე, 51 წლის ანა საფარიანი ქალაქის ცენტრში მოკლეს.

თურქული მედიის ცნობით, ქალს დანით ექვსი ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის კისრის არეში, რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა. მიყენებული ჭრილობებით საქართველოს მოქალაქე დერმეს სახელმწიფო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

მკვლელობის ფაქტზე 44 წლის მესუთ ოზკანი დააკავეს, რომელიც ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა. დაკავების მომენტში ის ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. მისი განცხადებით, მოკლულს ახლოს იცნობდა, დანაშაული კი ფულს უკავშირდება.

მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე მესუთ ოზკანმა მას 400 ლირა ასესხა, რომლის დაბრუნებასაც დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა, რაზეც უარს იღებდა.

საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე "ფეისბუკში" ვიდეომიმართვა გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტის იმედის" ხელმძღვანელმა შოთო სიხარულიძემ, სადაც ის ქართველ ემიგრანტებზე დაყრნობით მკვლელობის დეტალებს ჰყვება.

"დამიკავშირდნენ თურქეთში მყოფი ემიგრანტები, ანას მეგობრები და მითხრეს, რომ ქუჩაში ანა ასე სასტიკად მოკლა ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა კისრის არეშიო. საქმე იმაშია, რომ თურქს, რომლისგანაც ფული ისესხა ანამ, იცნობდა. როგორც თურქეთში მყოფმა ემიგრანტებმა მითხრეს, ანამ მისგან ისესხა 400 ლირა და 30 დღის გასვლის შემდეგ უნდა დაებრუნებინა. თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ანას ვალი დაბრუნებული ჰქონდა, მაგრამ ის კაცი კიდევ სთხოვდა ფულს და ამის გამო მოკლაო. ამბობდნენ, სავარაუდოდ, პროცენტს ითხოვდაო, მაგრამ 400 ლირაზე ისევ 400 ლირას პროცენტს ვერ მოითხოვდა. თურქეთში მყოფი ემიგრანტები მოითხოვენ, რომ მკვლელი სასტიკად დაისაჯოს ასეთი არაადამიანური მოპყრობისთვის.

მკვლელობის მოტივი ფული გახდა, მაგრამ ანას მეგობრები ამბობენ, რომ ვალი გასტუმრებული ჰქონდა უკვეო. მათი თქმით, მოკვლით მანამდეც ემუქრებოდაო. როგორც ვიცი, ქალბატონმა ანამ მიიღო შესაბამისი ზომები, ის ცდილობდა თურქს დამალვოდა. თავდასხმის მომენტში ეს კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და როგორც ვიცი, ჯერჯერობით არ უღიარებია მკვლელობა. ამბობს, რომ ფული მქონდა ნასესხებიო, მაგრამ ეს უბედური შემთხვევა იყოვო. უთქვამს, ანასთან ვმეგობრობდიო", - ამბობს შოთო სიხარულიძე ვიდეომიმართვაში.