"არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დადასტურება" - კვირის პალიტრა

"არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დადასტურება"

ორიოდე დღის წინ "სახალხო სასამართლომ" კორტებთან ჩაცხრილული ზურა ვაზაგაშვილის საქმე განიხილა და ვერდიქტიც გამოიტანა. პროცესი ფირზეა აღბეჭდილი და მისი საშუალებით, საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალებიც ხდება ცნობილი.

ამის თაობაზე "კვირის პალიტრას" სახალხო სასამართლოს თავმჯდომარე, მინდია უგრეხელიძე ესაუბრა.

- სახალხო სასამართლოს სამი სხდომა დაგვირგვინდა იმით, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს ვერდიქტი. მოგეხსენებათ, ეს სახალხო მსაჯულთა სასამართლოა და რა ვერდიქტსაც ისინი გამოიტანენ (ნაფიც მსაჯულთა მსგავსად), ის დარჩება ძალაში. ე.ი. მათზე ზეგავლენის მოხდენა არც მე შემიძლია. ვერდიქტი კი რეალურად იყო იმ კითხვებზე პასუხი, რომელთაც სახალხო მსაჯულთა კოლეგიის წინაშე ბრალმდებელი აყენებდა.

კოლეგიამ ბრალდებები გაიზიარა შემდეგ ნაწილში: შეილახა ევროკონვენციით აღიარებული სიცოცხლის უფლება, ადგილი ჰქონდა არაადამიანურ-დამამცირებელ მოპყრობას, შეილახა საქმის სასამართლო განხილვის უფლება, ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება... რაც შეეხება სასამართლო პროცესს, იმდენად საინტერესო იყო, მქონდა განცდა, რომ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით არაერთ დეტალს პირველად ვისმენდი.

KvirisPalitra.Geმაგალითად, პროცესზე დაისვა შემდეგი საკითხი: თურმე გამოძიებას დასჭირდა ექსპერტიზასთან დაკავშირებული საბუთების შედგენისას აღწერა, რა მდგომარეობაში იყო ვაზაგაშვილის ცხედარი. იმის ნაცვლად, რომ დოკუმენტი თავად შეედგინათ, ვაზაგაშვილის დედა აიძულეს, დაწვრილებით დაეწერა საკუთარი შვილის ჭრილობებზე, ძვლებსა და ნატყვიარებზე. ცხადია, ამგვარი მოპყრობით შვილმკვდარ დედას სულიერი ტკივილი კიდევ უფრო მეტად მიაყენეს.

სწორედ ეს მიიჩნია სახალხო მსაჯულთა კოლეგიამ არაადამიანური, დამამცრებელი მოპყრობის დადასტურებად, რაც ასევე, ევროკონვენციით აღიარებული უფლების შელახვაა.

- გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო უახლოეს დღეებში აფრასიძეების საქმეს განიხილავს...

- ჯერჯერობით ნაადრევია ამაზე საუბარი, ვინაიდან სახალხო სასამართლოში ვაზაგაშვილის საქმის გარდა, სხვა საქმე არ შემოსულა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამდივნო აუცილებლად მომაწვდიდა ინფორმაციას.

- თემურ შაშიაშვილმა სახალხო სასამართლოს მიაწოდა "აუდიოჩანაწერები", რომელთაც იმის მტკიცებულებად მიიჩნევს, თუ როგორ ყალბდებოდა "ვარდების რევოლუციამდე" ჩატარებული არჩევნები. ამასთან დაკავშირებით საქმეს არ განიხილავთ?

- დიახ, ბატონი თემურ შაშიაშვილი მართლაც მობრძანებულა და სახალხო სასამართლოს სამდივნოში დაუტოვებია რაღაც მასალა. მაშინ იქ არ გახლდით. ჩვენ ვიღებთ საქმეებს და მათთან დაკავშირებულ მასალებს, Mმხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენა არაფერს ნიშნავს, თუ ის არ გახდება საჩივრის ნაწილი. ჯერჯერობით ჩემთვის ეს მასალა არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, რადგან საჩივარი შაშიაშვილს არ შემოუტანია.