"მორიგი სირცხვილი საერთაშორისო დონეზე" - კვირის პალიტრა

"მორიგი სირცხვილი საერთაშორისო დონეზე"

საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო. ამჯერად ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ უკანონო პატიმრად შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის ყოფილი გამომძიებელი, ამჯერად პატიმარი ბათუ საღინაძე ცნო. ამასთან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დაავალა, ბათუ საღინაძეს გადაუხადოს 15.000 ევრო და დაუბრუნოს ის სახლი, სადაც ის ოჯახთან ერთად 1994 წლიდან ცხოვრობდა, ან გადაუხადოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახურმა 27 მაისს გამოაქვეყნა საკუთარ საიტზე.

ზურაბ თოდუა, ბათუ საღინაძის ადვოკატი: - ბათუ საღინაძე უკვე პენსიაზე იყო გასული, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ  სპეციალურად რომ მიიწვია შინაგან საქმეთა სამინისტროში და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის გამომძიებლად დანიშნა.

მოგეხსენებათ, საღინაძეს ლევან კალაძის საქმის გამოძიება დაევალა. ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ბათუ საღინაძე თანამდებობიდანაც დაითხოვეს, იმ კოტეჯიდანაც გამოასახლეს, რომელიც მას, როგორც დევნილს და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ჯერ კიდევ 1994 წელს მისცეს. გამოსახლებაც არის და გამოსახლებაც - ოჯახი ქუჩაში დატოვეს, რაც გააჩნდა, ყველაფერი ქუჩაში გამოუყარეს. ბუნებრივია, ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდებოდა კალაძის საქმეს.

მაშინ საღინაძე ირწმუნებოდა, რომ დათხოვნის მიზეზი კალაძის საქმის გამოძიების დროს ზოგიერთი მაღალჩინოსნისთვის არასასურველი ფაქტის აღმოჩენა იყო.  2004 წლის ოქტომბერში მან უშიშროების საბჭოს გაუგზავნა საიდუმლო მოხსენება, სადაც, როგორც თავად ამბობს, ეს ფაქტები იყო ასახული. ზუსტად ორი კვირის შემდეგ პოლიციამ საღინაძის ოჯახი ძალით გამოასახლა სახლიდან.

2006 წლის მარტში საღინაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას ჩვენების მისაცემად პირის იძულება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, საიდუმლო დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება-გადამალვა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად(!). 2007 წლის თებერვალში სასამართლომ 73 წლის ბათუ საღინაძე  დამნაშავედ ცნო და შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

როცა საღინაძე გამოასახლეს და ქუჩაში გააგდეს, ეს ყოვლად უმსგავსო ქმედება სასამართლოში გავასაჩივრეთ. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საღინაძის გამოსახლება უკანონო იყო. გადაწყვეტილება მოსამართლე არკადი პარუნიანმა გამოიტანა. ამ გადაწყვეტილების მერე პარუნიანი სასწრაფოდ მოხსნეს მოსამართლეობიდან და მისი გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოში გაასაჩივრეს.

საოლქომ კი გააუქმა პარუნიანის გადაწყვეტილება და კანონიერად ცნო საღინაძის გამოსახლება, რაც მოგვიანებით ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომ. ეს გადაწყვეტილება სტრასბურგში გავასაჩივრეთ. ცოტა ხანში, 2008 წელს ბათუ საღინაძე დაიჭირეს და ზემოხსენებული დანაშაულობების "თაიგული" წაუყენეს ბრალად. იძულებული გავხდით მეორე საჩივარი შეგვეტანა სტრასბურგის სასამართლოში და აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობის ვადის გაგრძელება გაგვესაჩივრებინა.  მოგვიანებით  ბათუ საღინაძეს 7 წელი მიუსაჯეს და ეს საქმეც სასწრაფო წესით მიიღო სტრასბურგმა წარმოებაში.

სტრასბურგს საღინაძის  3 საჩივარი ჰქონდა წარმოებაში და პირველი ორი უკვე განიხილა. უკანონოდ ცნო მისი გამოსახლება,  წინასწარი პატიმრობის შესახებ პირველი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ კანონდარღვევად არ მიიჩნია. თუმცა უკანონოდ ცნო სასამართლოს მიერ საღინაძისთვის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივება, რომელიც, როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, შაბლონური და დაუსაბუთებელი იყო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებამ საღინაძეს მორალური ზიანისთვის 15.000 ევრო ამ გადაწყვეტილების გამოტანიდან  სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს, სახლი უნდა დაუბრუნოს ან შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადოს ექვსი თვის ვადაში. ბოლომდე უნდა აუნაზღაუროს ის მატერიალური ზიანი, რაც მას მიადგა. თუ ესეც შეუძლებელი გახდა და მხარეებმა ვერ მოილაპარაკეთ, თავად გადავწყვეტთ, რა სახის კომპენსაცია უნდა მიიღოს საღინაძემო..

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საღინაძე უკანონო პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ სახელმწიფო არ ჩქარობს. გპირდებით, მესამე საქმესაც პირწმინდად წააგებს საქართველო... იქ გაცილებით მეტი არგუმენტებია იმისა, რომ საღინაძე უკანონო პატიმარია. იქნებ ახლა მაინც შეაფასოს ჩვენმა ხელისუფლებამ გონივრულად სიტუაცია და კიდევ უფრო დიდ სანქციებს აარიდონ ქვეყანა. აღარაფერს ვამბობ  სირცხვილზე და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. მსოფლიო ხომ უკვე აშკარად ლაპარაკობს, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არ არსებობს.