არ გაუმართლა დომენტის...
18-09-2017
არ გაუმართლა დომენტის...
ანუ როგორ ცდილობდა ქართველი მამაკაცი რუსი ლამაზმანის საზღვარზე გადმოპარებას

ჩანს, გეგმა ასეთი იყო - თურქეთის საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, დომენტი ანგელინას ჩანთიდან ამოიყვანდა და საქართველოს საზღვარზე მშვიდად გადმოიყვანდა. ალბათ, არც შტამპის სიზუსტეში შეეპარებოდათ ჩვენს მესაზღვრეებს ეჭვი და ასე აღმოჩნდებოდნენ სამშვიდობოს, მაგრამ... არ გაუმართლა დომენტის


14 სექტემბერს სარფის გამშვებ პუნქტზე 47 წლის საქართველოს მოქალაქე დომენტი სურმანიძე თურქმა სამართალდამცავებმა უცნაურ ვითარებაში დააკავეს. როგორც თურქული მედია იტყობინება, მამაკაცს სურდა, რუსი ლამაზმანი საქართველოში ჩემოდნით შემოეყვანა,
მაგრამ გეგმა ჩაეშალა და ორივე პოლიციელთა კლანჭებში აღმოჩნდა. ახლა მათ განმარტებების გაკეთება თურქ სამართალდამცავებთან უწევთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ქართველი მამაკაცი დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს. თურქული მედია კი იუწყება, რომ დომენტი სურმანიძეს კონტრაბანდის ბრალდება აქვს წარდგენილი. რას წარმოიდგენდა დომენტი, თუ ქალი კონტრაბანდაში ჩაეთვლებოდა.

მოვლენები კი ასე განვითარდა: თურმე მესაზღვრეები სარფის გამშვებ პუნქტზე ჩემოდნის სიდიდემ და სიმძიმემ დააეჭვა. მამაკაცს ჩემოდანი, რომელშიც ქალი იჯდა, ხელით მიჰქონდა. სასაზღვრო პოლიციამ ჩემოდნის გახსნა გადაწყვიტა და... ქალმა ამოყო თავი.
თურქული პრესის ინფორმაციით, ჩემო­დნიდან ამოიყვანეს 27 წლის ანგელინა სამუსენკო. ქალს თან ჰქონდა პასპორტი თურქეთის ტერიტორიიდან გასვლის ყალბი შტამპით, რომელიც 14 სექტემბრით იყო დათარიღებული.
ჩანს, გეგმა ასეთი იყო - თურქეთის საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ დომენტი ანგელინას ჩანთიდან ამოიყვანდა და საქართველოს საზღვარს მშვიდად გადმოკვეთდნენ. ალბათ, არც შტამპის სიზუსტეში შეეპარებოდათ ჩვენს მესაზღვრეებს ეჭვი და ასე აღმოჩნდებოდნენ სამშვიდობოს, მაგრამ... არ გაუმართლა დომენტის.

საქმეში პოლიცია და პროკურატურა ჩაერთვნენ. გაირკვა, რომ ანგელინა სამუსენკოს თურქეთიდან გასვლის უფლება არ ჰქონდა, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ქვეყნიდან გაუსვლელობაზე ხელწერილი აქვს დადებული.
თურქული პრესის ინფორმაციით, 13 მაისს მთვრალი სამუსენკო ანთალიის ბულვარში ველოსიპედით მიმავალ 67 წლის მამაკაცს მანქანით დაეჯახა და შორ მანძილზე მოისროლა. მძიმედ დაშავებული თურქი მოქალაქე საავადმყოფოში 79 დღე ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ ვერ გადარჩა. ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მებაღე ყოფილა.

იცოდა თუ არა ქართველმა მამაკაცმა ქალის ბრალეულობაზე რამე და რა ურთიერთობა იყო მათ შორის, ამას გამოძიება გაარკვევს.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები